საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული სახელმწფიო გიგანტის „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატად არის წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას energynews.ge სააგენტო „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანსუა ფიიონი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოში და სარევიზიო კომიტეტში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელად არის წარდგენილი.
საფრანგეთის მთავრობის ყოფილი მეთაური ფიიონი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ოქსანა ტარასენკოს შეცვლის კომპანიის დირექტორთა საბჭოში.
ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის მთავრობას 2007-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ფრანგ პოლიტიკოსს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან და მათ შორის კომუნიკაცია კვლავ გრძელდება.
ფრანსუა ფიიონს 2020 წელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი მეუღლისა და შვილების ფიქტიური დასაქმების გამო.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი არ არის პირველი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში იწყებს მუშაობას. გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი დღემდე ხელმძღვანელობს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს. „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრია ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლიც, რომელსაც პუტინთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.