„ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც“, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ელჩმა განმარტა, აღნიშნული ინიციატივის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს არღვევენ.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ დიდი წარმატებაა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს შესაძლებლობა აძლევს ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე იმოგზაუროს. ამ წარმატების პარალელურად არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც არღვევს თავშესაფრის სისტემას. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემა თავშესაფრის სისტემისა და ჯანდაცვის სერვისების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე გვსურს, რომ საბუთები შემოწმდეს, როდესაც ადამიანები საქართველოდან მიემგზავრებიან ევროკავშირში. ამას არ დასჭირდება ვიზა, თუმცა ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი არ გულისხმობს პირობებისგან თავისუფლებას. არის გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია ევროკავშირში მოგზაურობისას და ერთ-ერთი არის ის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც, როდესაც ადამიანები ჩამოვლენ“, - განაცხადა დიეგო კოლასიმ.
ელჩი რამდენიმე დღეში ქუთაისის აეროპორტში ვიზიტსა და ამ მიმართულებით არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს.
„არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია თუ ზუსტად როდის დაიწყება ამ პოლიტიკის გატარება, მე თვითონ ვეწვევი ქუთაისის აეროპორტს დაახლოებით 10 დღეში, რომ ადგილზე გავეცნო როგორ მიმდინარეობს პროცესი, თუმცა ძალიან მონდომებული ვართ, რომ საზღვრის გამკაცრებული კონტროლი დაიწყოს. ჩვენი პოლიტიკა მხოლოდ კონტროლს არ ეხება, ეს ასევე გულისხმობს ნაკადის თავისუფალი მიმოსვლის ორგანიზებას და ეს წარმატებული იქნება იმდენად, რამდენადაც საქართველოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დააახლოვებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს ასევე, რომ მოვახდინოთ დასაქმების მიზნით მოგზაურობის პროპაგანდა, თუმცა ლეგალურ და კონტროლირებად დასაქმებას ვგულისხმობ“, - განაცხადა ელჩმა.
დიეგო კოლასის თქმით, ლეგალური დასაქმების მიმართულებით შეთანხმება ახლა შედის ძალაში და მხარეები მუშაობენ მის იმპელენტაციაზე.
ipn.ge