2022 წლის 1 ივლისისთვის ქვეყნას 3.922 მლრდ დოლარის რეზერვები ჰქონდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 1 თვეში რეზერვები 67.258 მლნ დოლარით გაიზარდა. წლიურად ზრდა 3.8 მილიონია.
„საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით, ძირითადად, უცხოურ ვალუტით მოზიდულ სახსრებზე დასაცავი სარეზერვო ნორმების მოცულობის ზრდამ, მთავრობისთვის ჩარიცხულმა პროგრამულმა გრანტებმა, საპროცენტო შემოსავლებმა და ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა, ხოლო კლების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის, საგარეო ვალის მომსახურებამ იმოქმედა“, — აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
Galt&Taggart-ში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას მომავალშიც გააგრძელებს, რადგან სებ-ის მხრიდან მოსალოდნელია სავალუტო ინტერვენციები.
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებითაც, ბაზარზე ვალუტის მიწოდება კვლავ გაგრძელდება, ამიტომ მოსალოდნელია ინტერვენციების გაზრდაც.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, სად და რა პირობებით არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები. სებ-ში განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებულია მაღალიკვიდურ და დაბალი საკრედიტო რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში და მოკლევადიან საბანკო დეპოზიტებში, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებში.
„საერთაშორისო რეზერვების დეფინიცია იმთავითვე ნიშნავს, რომ რეზერვები განთავსებულია [დაბალი რისკის მქონე მაღალლიკვიდურ] უცხოურ ფინანსურ აქტივებში, საყოველთაოდ აღიარებულ თავისუფლად კონვერტირებად სარეზერვო ვალუტებში. ქვეყნის შიგნით ინვესტიციები საერთაშორისო რეზერვებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, ასეთი უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს, კანონითაც არ აქვს. ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებულია მაღალლიკვიდურ და დაბალი საკრედიტო რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში და მოკლევადიან საბანკო დეპოზიტებში, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებში“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს სავალუტო რეზერვები განთავსებულია სუვერენულ ბონდებში (აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, შვედეთის და სხვა სახაზინო ვალდებულებები); სუპრანაციონალური ფასიან ქაღალდებში (European Investment Bank, Bank for International Settlements, African Development Bank, Asian Development Bank Manila, EUROFIMA Basel, International Finance Corporation და ა.შ.); სააგენტოს ფასიან ქაღალდებში (Bank Nederlandse Gemeenten Den Haag, CPPIB Capital Inc Toronto, CDP Financial In Montreal, Agence Francaise de Developpement Paris, Kreditanstalt fuer Wiederaufbau Frankfurt, Svensk Exportkredit AB Stocholm, Royal Bank of Canada, Kommuninvest I Sverige AB Orebro, Province of Alberta Canada, Korean Development Bank და სხვა).
საპროცენტო განაკვეთები კი თითოეული საინვესტიციო კატეგორიისთვის შემდეგია: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.125%-5.75%; სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.25%-6%; სააგენტოს ფასიანი ქაღალდები - 0.25%-5.25%.
მოამზადა ნინო თამაზაშვილმა