2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა.
საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 196,645,404 ლარი შეადგინა. გასულ წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯი პი აი“ 49,586,283 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი L“ 48,954,392 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 25,582,601 ლარით.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 267,562,090 ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერი ამ შემთხვევაშიც „ჯი პი აი ჰოლდინგია“ 74,291,361 ლარით, მეორე ადგილზეა „იმედი L“ 61,802,595 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი დაზღვევა“ 39,117,321 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, 2020 წლის 12 თვეში კი 620,408 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) სახეობაში მოზიდულმა პრემიამ კი 116,693,998 ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 73,392,866 ლარი.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 50,415,319 ლარს გაუტოლდა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 21,591,596 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 667,3 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 172,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22,4 მლნ. ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 25.2 მილიონი ლარი შეადგინა.