კონსოლიდირებული ტენდერის ჩაშლის გამო ათასობით სახელმწიფო მანქანა შესაძლოა, დაზღვევის გარეშე დარჩეს - რა საფრთხეებზე საუბრობენ სადაზღვევო კომპანიები

კონსოლიდირებული ტენდერის ჩაშლის გამო ათასობით სახელმწიფო მანქანა შესაძლოა, დაზღვევის გარეშე დარჩეს - რა საფრთხეებზე საუბრობენ სადაზღვევო კომპანიები

access_time2019-01-14 12:00:53

„შეურაცხმყოფელია  მთავრობის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ტენდერის პირობები“,-  ასე აფასებს სადაზღვევო კომპანიის „უნისონის“ დირექტორი ვასილ ახრახაძე მთავრობის მიერ შეთავაზებულ ავტომობილების დაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერს, რომელიც ყველა სამინისტროს ავტოპარკის ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის დაქვემდებარებას გულისხმობს. 



ვასილ ახრახაძე ერთადერთი არაა, ვისაც ანალოგიური პოზიცია აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სადაზღვევო კომპანიების შეფასებები იდენტურია.  ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დოკუმენტში გაწერილი პირობები, რის გამოც ტენდერიც ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არცერთ მათგანს არ მიუღია. ახლა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაცია იძულებულია საკუთარ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებითი დაზღვევის მომსახურება გამარტივებული გზით შეიძინოს.


გარდა „აბსურდული“ (სწორედ ასე აფასებს ბიზნესი) პირობებისა, სადაზღვევო კომპანიები ყურადღებას მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ. მათი თქმით, დიდია, ალბათობა ბაზარზე ისედაც არაჯანსაღი კონკურენცია, მეტად გაიზარდოს და ვითარება უფრო დაიძაბოს.


ვასილ ახრახაძე (სადაზღვევო კომპანია „უნისონი“): „პირველ რიგში, სატენდერო პირობები არის აბსურდული, რადგან უამრავი ისეთი ვალდებულებაა გათვალისწინებული, რაც სადაზღვევო კომპანიასთან შეხებაში საერთოდ არ უნდა იყოს. მაგალითად, კონტრაქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ვალდებული ხდება პროფილაქტიკაში და ავტო სერვისებში შეკეთებული ავტომობილების ვადასა და ხარისხზე. ეს დილეტანტიზმია და მეტი არაფერი, მსგავსი აბსურდული ვალდებულება კი არაერთია. საერთოდ, სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება, რატომ არ მოგვწონს მთავრობის შემოთავაზება. პირობების გარდა, რეალობასთან შეუსაბამოა წარმოდგენილი ფასწარმოქმნაც. მოკლედ, პრობლემა იმ არაპროფესიონალურ გუნდშია, რომელიც ტენდერის პირობებს ადგენს და არა ჩვენში. ამგვარი მიდგომებით ქვეყანაში ზარალდება არამარტო ბიზნესი, არამედ უმთავრესად ბიუჯეტი“.


იმის გათვალისწინებით, რომ ტენდერი ერთხელ უკვე ჩაიშალა და ხშირად ასეთ დროს სახელმწიფო ერთ კონკრეტულ კომპანიას პირდაპირი წესით ამარჯვებინებს ხოლმე, ხომ არ არსებობს კორუფციული გარიგების საშიშროება? - ამ კითხვაზე პასუხს ახრახაძე ბაზრის მოსალოდნელ მონოპოლიზირებაში ხედავს. მისი თქმით,  სადაზღვევო ინდუსტრიაში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბების მიზნით, დღემდე რეალური ნაბიჯები არ გადამდგარა. თანაც, ბიზნესი საბანკო ექსპანსიის წნეხის ქვეშაა, მსგავს სიტუაციაში კი დამატებით ერთი ან ორი კომპანიის ხელში კონსოლიდირებული ტენდერის ხელში ჩაგდება, კონკურენციას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.


„ასეთ მოცემულობაში ბოლოს ალბათ მივალთ იქამდე, რომ დარჩება ერთი ან ორი კომპანია და სავარაუდოდ ესენი იქნებიან საბანკო კომპანიები. ვფიქრობ, სახიფათოა ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერების ტენდენციის დანერგვა, რადგან დღეს მაგალითად, მთელი ავტოპარკიდან (კერძო და სახელმწიფო) დაზღვეულია მხოლოდ 6%, საიდანაც 4 % საბანკო კომპანიების ქვეშ გაყიდული პოლისებია (მოგეხსენებათ, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა უმეტესად სესხის მეშვეობით ხდება და ამიტომ). შესაბამისად, საცალო ბაზარი ჩვენთვის ჩაკეტილია. კონსოლიდირებული ტენდერი კი დამატებით 1 %-ს შექმნის, რომელსაც გამარჯვებული კომპანია აიღებს. ანუ ჩვენ, დანარჩენ 16 კომპანიას  6-დან 1 % გვრჩება სამუშაოდ“, - აღნიშნავს ვასილ ახრახაძე.


ახრახაძის მოსაზრებას იზიარებს სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც. მისი თქმით, სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად ტენდერის იგივე პრინციპით ჩატარება, როგორც ეს საწვავის ან საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვისას ხდება, არ შეიძლება. ასეთი მარტივი პროდუქტების შემთხვევაში ტექნიკური დავალების დაწერა ბევრად იოლია. შესაბამისად, ფასი ერთადერთი კრიტერიუმია და პროცესიც შედარებით მარტივად სრულდება. დაზღვევა კი ბევრად კომპლექსური პროდუქტია. ყველა სახელმწიფო უწყებას მისთვის საინტერესო რისკისა და შიგთავსის პროდუქტი სჭირდება და არითმეტიკული ჯამი ასე მარტივად არ ითვლება.



„სატენდერო პირობების გარდა, ასევე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მსხვილი ლოტების აღება კომპანიებს არ შეეძლოთ და ამიტომ ჩაიშალა ტენდერიც. როდესაც ტენდერები ცხადდებოდა უწყებების მიხედვით, ყველა კომპანია თავისი რესურსებით განსაზღვრავდა შეეძლო ტენდერში შესვლა თუ არა. რესურსებში ვგულისხმობ კომპანიის კაპიტალს, კონკრეტულ რეგიონში წარმომადგენლობის ყოფნა-არყოფნას, სადაზღვევო რისკების მიმართ კონკრეტული კომპანიების დამოკიდებულებით და ა.შ. შედეგად სახელმწიფო წლიურად გამოცხადებულ ფასთან მიმართებაში ამ ლოგიკით 15-20% ყოველთვის ზოგავდა. ამჯერად ტენდერის პირობებით ყველაფერი ერთ ქვაბში ჩაიყარა და მივიღეთ ძალიან მრუდე პროდუქტი, რომელიც სურვილის მიუხედავად რთული სამართავი იყო“,- აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.



„კომერსანტის“ კითხვაზე რამდენად „სახიფათოა“ ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერების ტენდენციის დანერგვა?- ჯაფარიძის პასუხი ასეთია:


მიუხედავად იმისა, თუ რის შეძენას ახდენს მთავრობა, კონსოლიდირებული ტენდერი მცდარი გზაა. ჩინოვნიკის ლოგიკა მარტივია: თუ ერთი და იგივე პროდუქტს ვიყიდით ბევრს, მაშინ ის უფრო იაფი უნდა იყოს. ეს შესაძლოა ასეც იყოს გარკვეული სახის შესყიდვების შემთხვევაში, მაგრამ საკითხავია რა ხდება შემდეგ? როდესაც ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ქვეყანაში, სახელწიფო აპარატი, ერთ ან რამდენიმე მომწოდებელთან, თუნდაც დაბალ ფასში ახდენს კონტრაქტის გაფორმებას, ეს არ არის სწორი. ის შესაძლო ეკონომიაც, რომელიც მიიღო სახელმწიფომ, არაპირდაპირ აზარალებს ეკონომიკას გაკოტრებული კომპანიების და შესუსტებული კონკურენციის გამო. ანუ სახელმწიფო ხელოვნურად ახდენს კომპანიების გამსხვილებას და ოლიგოპოლიური სექტორების შექმნას უწყობს ხელს. ე.ი. მაშინ, როცა მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, პრაქტიკულად ნებისმიერი კონსოლიდირებული ტენდერი (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა) წინააღმდეგობაშია ამ დეკლარაციასთან“,- განმარტავს მიხეილ ჯანელიძე.


არსებული მდგომარეობა რომ გაუმართავია, ამას „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილიც იზიარებს:


„დაზღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან რთულია სხვადასხვა კონტრაქტის გაერთიანება ერთ კონტრაქტად. ახლა როგორც აღმოჩნდა გაურკვეველი იყო რა არის რისკი. ასევე სრულიად სხვაგვარად იყო წამროდგენილი სატენდერო მოთხოვნები და შესაბამისად ვერ გამოვიყვანეთ პირობები და ტარიფი. ფაქტია, რომ კარგად არის გასააზრებელი ყველა დეტალი, რათა სახელმწიფომ რეალური სარგებელი მიიღოს და ბიზნესისთვის უბრალოდ შესაძლებელი იყოს მსგავს პროექტში ჩართვა. სატენდერო პირობების არაპროფესიონალიზმი კი აღნიშნულს ხელს უშლის“, - განმარტავს სტამბოლიშვილი.


„კომერსანტი“ ასევე დაუკავშირდა  „საქართველოს სადაზღვევო  კომპანიათა ასოციაციასაც“ . როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ყოველწლიურად სახელმწიფო დაახლოებთ 50 ტენდერს ატარებს და თითოეულში მიზნობრიობის განსაზღვრისა და პირობების ჩამოყალიბების პრობლემაა.


„ყველაზე მთავარია სატენდერო პირობების შესაბამისი სტანდარტიზაცია. ჩვენს შემთხვევაში უამრავი სხვადასხვა ტიპოლოგიაა და საჭიროა ყველაფერი დეტალურად გაიწეროს. რაც შეეხება ზოგადად კონსოლიდირებულ ტენდერის ტენდენციის დანერგვას, ვფიქრობ, ასიმეტრიას ნამდვილად გააჩენს. ეს არის პირველი მომსახურება ზოგადად, რასაც მთავრობა ყიდულობს და კარგი იქნება, თუ თავიდანვე ყველაფერი სწორად იქნება განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთი პრობლემის წინაშე დავდგებით“, -აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.

 

 შეგახსენებთ, მთავრობამ მიმდინარე წელს ყველა სამინისტროს ავტოპარკის დაზღვევის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც არც ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ შეთავაზებაზე, რომელიც სახელმწიფოს მანქანების ახალი, აქამდე უპრეცედენტო პირობებით დაზღვევას ითვალისწინებს. სააგენტო პატრულის და სახელმწიფო მოხელის ავტომანქანის ერთნაირი პირობებით დაზღვევას ითხოვს, რაც სადაზღვევო კომპანიებისთვის მიუღებელია.


ხელშეკრულების მე-5 პუნქტში კი წერია, რომ თუ სახელმწიფო ავტომობილის მძღოლი საჭესთან ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იჯდება და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვება, ზიანი სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მანქანის მძღოლი არ არის ვალდებული, ავარიის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს.


როგორც ცნობილია, მთავრობამ კონსოლიდირებული შესყიდვების სია გააფართოვა. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 2019 წლიდან ერთგვაროვანი ობიექტები კონსოლიდირებული ტენდერებით უნდა შეისყიდონ. პრემიერი ფიქრობს, რომ ამ სისტემის რეფორმის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ სავარაუდოდ, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგება.



სალომე ლემონჯავა





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up