საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 4 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 მაისიდან განახლდება მცირე სავაჭრო ობიექტებისა და სილამაზის სალონების ფუნქციონირება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსის პირველი ტალღა შევაკავეთ, ამჟამად მზად ვართ მეორე ფაზას შევუდგეთ და დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსნათ. 4 მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება და ზოგიერთი მაღაზია მუშაობის განახლებას შეძლებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარეთ გასვლის მიუხედავად პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 534 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 136 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge