თუ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები“, - აღნიშნა ღიბრაძემ.
მორიგი ცვლილება, რაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ეს არის კონფერენციებზე დასწრების პირობების შეცვლა – პირებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, კონფერენციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.
„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება უფასო ტესტირებას, ღიბრაძემ განაცხადა, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.
უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს;
ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.