საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 32.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.91 მლრდ ლარით, ანუ 6.19%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 821.96 მლნ ლარით, ანუ 5.66%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით, ანუ 6.66%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.45%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 38.41 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 2.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.49 პროცენტული პუნქტით).
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.38%, ხოლო ევროს წილმა 14.14% შეადგინა.