2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.
„შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების იმპლემენტაცია მოახდინონ, რომელიც გამოცემული იქნება. როდესაც ეს გამოიცემა, ამის შემდეგ გარდამავალი პერიოდი, დაახლოებით 2-3 კვირა იქნება საჭირო, რომ სრულად აისახოს. თუ ამ კვირაში გამოიცემა, სავარაუდოდ, ერთი კვირის თავზე რაღაც ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს კიდეც“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
მოსალოდნელი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება, რაც რეგულაციებს მოქნილს გახდის. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, გასული წელი საკმაოდ კარგი იყო და რეგულაციებთან დაკავშირებით არსებული შიშების მატერიალიზება არ განხორციელდა.
დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, შესაძლოა დარჩეს მხოლოდ ორი კატეგორია. ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.
ნინო თამაზაშვილი