„ბორჯომის“ ქარხნებში სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც კომპანიას საბანკო ანგარიშებზე წვდომა სრულად აღუდგება, ამის შესახებ „კომერსანტს“ IDS ბორჯომი საქართველოში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის აღდგენისთანავე, „ბორჯომი“ არამარტო წარმოების პროცესს განაახლებს, არამედ ახალი ქარხნის მშენებლობასაც დაასრულებს.
„როგორც მოგეხსენებათ ამ დროისთვის შეზღუდული გვაქვს წვდომა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საბანკო ანგარიშებზე, რის გამოც ვერ ვახერხებთ კომპანიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციების შესრულებას. როგორც კი სრულად აღგვიდგება წვდომა ჩვენს საბანკო ანგარიშებზე, დაუყოვნებლივ აღდგება ქარხნებში სამუშაო პროცესი და უფრო მეტიც, დავასრულებთ ახალი, ინოვაციური ქარხნის მშენებლობას, (ამ დროისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია) რომელიც თავისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით უნიკალური იქნება რეგიონში“, — გვითხრეს კომპანიაში.
სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.