ამ ადამიანს არ მივანიჭებ ამხელა მნიშვნელობას, რომ მის მიერ გამოთქმულ ველურ იდეებზე ოპოზიცია უნდა დაეწყოს და კომენტირებით ვიყოთ დაკავებული. ელისაშვილს თუ უნდა, მობრძანდეს და ყველასთან ერთად ისაუბროს და არა ცალ-ცალკე ვიღაცასთან კარებზე ჩამოკაკუნებით, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ბარიერგადალახულ პარტიებს ცალ-ცალკე შეხვდება.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, მსგავსი ქმედებები ხელისუფლების ხელშეწყობაა. მისი თქმით, გაუგებარია, რა შეიცვალა ოპოზიციის წერილობითი შეთანხმების შემდეგ.
„ხდება ხელისუფლების ხელშეწყობა ამ ძალიან ცუდ საქმეში. ვგულისხმობ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოლაპარაკებებს აღიქვამს ოპოზიციაში მერყეობად და საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გააჭიანუროს მანდატებზე უარის თქმის პროცესი, მოლაპარაკების პროცესი და ოპოზიციას ხელის გადაგრეხვით ესაუბროს, ესაა პრობლემა, თორემ ვინმე კონკრეტულად ერთი ადამიანი კი არაა პრობლემა, ეს მოქმედება რა შედეგსაც იწვევს, ესაა პრობლემა“,- განაცხადა ბუაძემ.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, „თვითინიციატივები“ ოპოზიციის ბოიკოტს ზიანს აყენებს.
„ქართული ოცნება“ დღეს ყელმოღერებული გვესაუბრება ულტიმატუმების ენით. ცდილობს, რომ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები წარმოაჩინოს სისუსტედ, როდესაც არ არის სისუსტე. ბოიკოტი შედგა და „ევროპელი სოციალისტების“ თუ ევროპელი „ცეხავიკების“ პარლამენტში შესვლა ამ ბოიკოტს ზიანს ვერ მიაყენებს. ზიანს მიაყენებს მორიგი ასეთი „თვითინიციატივები“, რომელიც საერთო სულისკვეთებას არ გამოხატავს“,- განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში „მოქალაქეები“ და „გირჩი“არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალკ-ცალკე შეხვდება და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზება იქნება „გირჩის“ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.
IPN.GE