საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 10 ლარით არის შემცირებული, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება სოციალური პაკეტების გადახედვას არ ითვალისწინებს. ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკის წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი მთავრობა სოციალურ, საპენსიო და სხვა სახის ფინანსურ დახმარებებს ამ მონაცემის მიხედვით შეცვლის.
საგულისხმოა, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ითვლის. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების ან მისი საერთოდ გაუქმების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა.