სააკაშვილის მიერ უკანონოდ დასჯილი ჟურნალისტი დღემდე სამართალს ეძებს!

სააკაშვილის მიერ უკანონოდ დასჯილი ჟურნალისტი დღემდე სამართალს ეძებს!

access_time2017-11-28 12:34:39

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებასთან, ჟურნალისტთან და „კომერსანტის“ კონსულტანტთან დავით წერეთელთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას.


დავით წერეთელი 73 წლისაა, დაიბადა ქუთაისში ქართული ტრადიციებით ცნობილ ოჯახში, იგი თვითონაც ჩინებული ოჯახის თავკაცია. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, არის ნიკო ნიკოლაძისა და სერგეი მესხის პრემიების ლაურეატი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. არჩეულია საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრეზიდიუმის წევრად. ქართული ჟურნალისტიკის წინაშე დამსახურებისათვის 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.გასული საუკუნის 90-იანი წლებში ის ჩვენი გაზეთის საკუთარი კორესპონდენტიც იყო ქუთაისში...


მისმა კოლეგა ჟურნალისტებმა კარგად ვიცით, თუ როგორ და რატომ გახდა დავით წერეთელი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი 2010 წლის იანვარ-მარტში და რის გამო ითვლება დღესაც განსასჯელად! ბატონი დავითი კარგა ხანს კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ დღის სინათლეზე, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა რვა წლის წინათ შურისმაძიებელი სააკაშვილის მიერ პირადად გაცემული დავალების შესაბამისად, თუ როგორ გაუსწორდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სახელმწიფოსა და ხალხის სასარგებლო საქმისთვის თავდადების გამო, მაგრამ... ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.


ბატონო დავით, თქვენ ერთობ საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრების გზა გამოიარეთ, საზოგადოებრიობა გიცნობთ, როგორც წესიერ, ერთგულ, მუდამ სიმართლისთვის მებრძოლ პიროვნებას. საინტერესოა, მაინც რა მოხდა, რატომ გახდით სააკაშვილის რეჟიმის სამიზნე და მსხვერპლი?


მადლობას მოგახსენებთ კოლეგიალური თანადგომისთვის, ნამდვილად არ ვთვლიდი საჭიროდ, ჩემი ,,საქმე“ საქვეყნოდ გამომეტანა განსჯისთვის, რადგან ჩვენი ხალხისთვის ავადსახსენებელ 2004-2012 წლებში ჩემსავით უამრავი უდანაშაულო ადამიანი გახდა ,,გიჟვრაცუა“ დღეს მაწანწალა სააკაშვილის და მისი ავანტიურისტებისა და ავაზაკების ხროვის მსხვერპლი.


ჩემი ცნობიერების კრედო ყოველთვის იყო, წესრიგიანი ცხოვრებით მეარსება და მემოღვაწა, არასდროს ვყოფილვარ ხელმრუდი, მლიქვნელი, ,,ვაზელინა“ კაცი, ყოველთვის პატივს ვცემდი და ვცემ ყოველი ადამიანის პირად ღირსებებს და კაცურ თვისებებს. ჩემი ღირსების და პირადი ღირებულებების უპატივცემულობა იშვიათად ვინმესთვის მეპატიებინოს და ვიდრე ცოცხალი ვარ, არც ვაპატიებ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცავდი და ვიცავ ურთიერთობების კანონიერ ნორმებს. ზედმეტად კანონმორჩილი კაცი ვარ.


ბატონო დავით, თქვენ რომ ასეთი ხართ, ლამის მთელმა საქართველომ იცის. ამიტომაც ორმაგად საინტერესოა, რაში ჩაგჭრეს, როგორ მოგატყუეს.


1997 წლის ივნისიდან 2010 წლის იანვრამდე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვსაქმიანობდი დაზღვევის სფეროში. ვმუშაობდი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად შექმნილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილედ, 2001 წლის იანვრიდან სსიპ ,,საქართველოს ავტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის“ დირექტორად, 2003 წლის ოქტომბერში საქართველოს კანონში: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ჩემი პირადი ინიციატივით შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფონდი გადაკეთდა სსიპ ,,საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა ბიუროს ახალი დებულება. მე ბიუროს თავმჯდომარედ დავინიშნე. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ და იმ პერიოდში დაზღვევის სფეროში აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწე პიროვნებებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ქვეყანაში თანამედროვე სადაზღვევო სისტემის შექმნის და განვითარების საქმეში. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სამიზნე და მსხვერპლი გავხდი ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობის, ბრძოლისუნარიანობის, საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომების, ეროვნული ღირებულებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საყოველთაო პრინციპების დაცვის გამო...


იქნებ კონკრეტულად მოგვითხროთ თქვენი ურთიერთობის და წინააღმდეგობის შესახებ სააკაშვილის რეჟიმთან და პირადად სააკაშვილთან დაკავშირებით.


დავიწყებ იმით, რომ პირადად სააკაშვილთან ,,საქმიანი“ ურთიერთობა 2000 წლის სექტემბერში მომიწია, როდესაც იმჟამინდელმა პარლამენტის უმრავლესობამ მოქალაქეთა კავშირმა და მისმა ლიდერმა სააკაშვილმა მოინდომეს ხელში ჩაეგდოთ მაშინ სადაზღვევო ბიზნესში ყველაზე პროდუქტიული სახეობა ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევა! ამ მიმართულებით დომინირებული კომპანიებიდან პირადად სააკაშვილი დაჟინებით, არაკანონიერად ითხოვდა მსუყე წილის დათმობას. ძალადობამ შედეგი ვერ გამოიღო, რიგი სადაზღვევო კომპანიების და ,,ახალი მემარჯვენეების“ მძაფრი წინააღმდეგობების გამო. იმდროინდელი მძაფრი ურთიერთდაპირისპირების პერიპეტიები ბევრის მეხსიერებას შემორჩა. საწადელს რომ ვერ მიაღწია, გავეშებულმა და თავქარიანმა სააკაშვილმა, კანონზე იყარა ჯავრი, მაშინდელი უმრავლესობის წყალობით კანონში შეიტანა ყოვლად გაუმართლებელი, გაუთვლელი და მომაკვდინებელი შესწორებები, რომლის შედეგადაც სადაზღვევო ტარიფებს და დაზარალებულ მოქალაქეებზე ასანაზღაურებელ თანხებს შორის დაირღვა თანაფარდობა, რის გამოც ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ ხელი აიღო ასეთი დაზღვევის სახეობაზე. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება შეიქმნა დაზარალებულ მოქალაქეთა ანაზღაურების ფონდში! მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2001 წლის იანვარში გადამიყვანეს აღნიშნული ფონდის დირექტორად. ასეთ ვითარებაში მომიხდა ,,მოქალაქეთა კავშირთან“ და მის ჭკუანაღრძობ ლიდერთან დაპირისპირება. ეს დაპირისპირება არცთუ სასიამოვნო მოსაგონარია ჩემთვის. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბევრი წვალება და სიძნელეების გადალახვა შევძელი, ვიდრე 2003 წლის ოქტომბერში არ მივაღებინე, ფაქტობრივად, ახალი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, მაგრამ ბედი თურმე უფრო მძიმე განსაცდელს მიმზადებდა, 2004 წლის იანვარში სიყალბით და ძალადობით საქართველოს პრეზიდენტად ,,ნაციონალური მოძრაობის“ უკვდავი ბელადის, ,,გიჟვრაცუა“ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოეცხადა ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების და ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო დაზღვევის არსებულ კანონმდებლობებს. ჩაიგდო რა ხელში ქვეყნის სადავეები, დაიწყო მიზანმიმართული შემოტევები. 2004 წლის ოქტომბრის ბოლოს, სააკაშვილის პირადი ბრძანებით საქართველოს პარლამენტმა დაუშვა უპრეცედენტო კანონდარღვევა და უკანა რიცხვით 13 სექტემბრით შეიტანა ცვლილებები ზემოთ აღნიშნულ კანონებში, ფაქტობრივად, შეაჩერა და ჩაკლა ბიზნესსაქმიანობა ორივე სფეროში.


რატომ მოხდა უკანა რიცხვით 13 სექტემბრით კანონში ცვლილებების შეტანა?


იმიტომ, რომ 2004 წლის 13 სექტემბერს ნაცების ფიურერმა ერთ-ერთ შეკრებაზე ყველასთან შეუთანხმებლად სახალხოდ გამოაცხადა, რომ ,,დღეიდან მე ვაუქმებ ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებას და სავალდებულო დაზღვევასო!“ ამის შემდეგ ერთ თვეზე მეტი მოუნდა პარლამენტი კანონებში ცვლილებების შეტანას და პატრონის ,,პანღურს“ რომ ასცდენოდნენ, უკანა რიცხვით, კანონდარღვევით შეიყვანეს ძალაში კანონი. აი, ასეთი დემოკრატიული პრინციპების მატარებელი პარლამენტი ჰყავდა ქვეყანას, ჰოდა, ასეთი პარლამენტარების ხელში ვის უნდა გაუკვირდეს, რომ 2004 წლის თებერვალში და 2010 წლის იანვარში სააკაშვილს შეუქმნეს კონსტიტუცია, რაც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუსაზღვრელი დროით აძლევდა ქვეყნის სათავეში ყოფნის უფლებას. სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვინ მოთვლის პირადული დაინტერესების თვალსაზრისით რამდენი ასეთი საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული. პარლამენტარები, რომლებიც ამ უკანონო, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აძლევდნენ ხმას, შეიძლება პარლამენტარებად და პოლიტიკოსებად მოვიხსენიოთ? ვინ მოსთხოვა მათ პასუხი? სწორედ ასეთმა წინდაუხედავმა, მლიქვნელურმა და გაუაზრებელმა ქმედებებმა მიიყვანა ქვეყანა და ხალხი უფსკრულის პირას.


მართალი ბრძანდებით. შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?


ახალი ცვლილებებით სავალდებულო დაზღვევის სფეროს დაექვემდებარა მხოლოდ 70 ათასამდე აღრიცხვაზე მყოფი 3 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის და სპეციალური ავტოტრანსპორტი. კანონის შეჩერება შეეხო 200 ათასამდე მსუბუქ ავტომანქანას. ამ ცვლილებებით ჩვენი ორგანიზაციის არსებობამ აზრი დაკარგა მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო საქართველოს ევროპის ერთ-ერთ უძველეს, პრესტიჟულ და მძლავრ ავტოდაზღვევის საერთაშორისო ორგანიზაციაში ,,მწვანე ბარათის“ საერთაშორისო სისტემაში გაწევრება! ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდით, რადგან ბიუროს ძირითადი შემოსავლები კანონით განისაზღვრებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან შემონატანებით. შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაზღვევო კომპანიებმა დაკარგეს ამ სახეობაში საქმიანობის ინტერესი. აღნიშნულის გამო ბიუროში დღითი დღე იზრდებოდა დაზარალებულ მოქალაქეებზე ასანაზღაურებელი თანხების რაოდენობა, რაც 2000 წლის შემდეგ მოგვდევდა. შექმნილ უმძიმეს ვითარებას დაემატა ისიც, რომ 2007 წლის ივლისში გააუქმეს საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური დაზღვევის სფეროს პროფესიული მარეგულირებელი ორგანო და მისი ფუნქციები გადასცეს ჯერ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს და შემდეგ ეროვნულ ბანკს!


საერთოდ, სააკაშვილის რეფორმატორმა ხელისუფლებამ 2004-2012 წლებში სადაზღვევო ბიზნესი გამიზნულად დააბეჩავა, უსუსური და მართვადი გახადა. ასეთ ვითარებაში საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დამხმარე და განმკითხავი არავინ იყო, საკითხის არაერთგზის დაყენების მიუხედავად, არც გაგვაუქმეს!


ამ სიტუაციის მიუხედავად, მე შეუპოვრად ვიბრძოდი ევროკომისიის მოთხოვნების შესატყვისი თანამედროვე, ცივილიზებული საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. აქტიური მხარდამჭერი ძალიან ცოტა მყავდა. მართალია, მაშინდელ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ დაზღვევის ამ სახეობის არსებობის აუცილებლობა, მაგრამ სააკაშვილის ეშინოდათ და ღიად მხარს ვერ მიჭერდნენ. იმ პერიოდში დაზღვევის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ყველას კარგად ახსოვს, ჩემს ორგანიზაციასთან ერთად როგორ მარტო დავრჩი სააკაშვილისა და მისი გავეშებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.


თქვენ აქ ახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ავტოდაზღვევა მწვანე ბარათის სისტემაში გაწევრების საკითხი. ნუთუ ამითაც არ დაინტერესდა სააკაშვილის ,,რეფორმატორი“ ხელისუფლება?



არადემოკრატიული ავტოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფაქტია- როგორიცაა ქვეყნის მეთაური, პირველი პირი, ისეთივეა ყველა სახელისუფლო შტო! სააკაშვილი იყო თავკერძა, ხარბი, მომხვეჭელი, ორი ბატონის მსახური მოძალადე ,,რეფორმატორი“ ურთულესი ყოფილა ასეთი არსების ხელმძღვანელობის პირობებში ნორმალური საქმიანობის წარმართვა და საქმის გაძღოლა. პრაქტიკულად, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. იმ ავბედით წლებში ჩვენი აქტიურობის და მცდელობის შედეგად იმდენად დიდი იყო დაინტერესება და დახმარების სურვილი, რომ 2005 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა ავტოდაზღვევის საერთაშორისო ორგანიზაციის მწვანე ბარათის ბიუროს გენერალური მდივანი, რომელსაც თან ახლდა წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების მიზნით შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, ფინანსთა სამინისტროში, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში.


ვიზიტის შემდეგ ,,მწვანე ბარათის“ გენერალურმა სამდივნომ და ასამბლეამ გამოაგზავნეს რეკომენდაციები. დაპირებების მიუხედავად, იმჟამინდელმა მაღალი რანგის მოხელეებმა და, პირველ რიგში, სააკაშვილმა, არაფრად ჩააგდეს ეს რეკომენდაციები. მთავრობამ და პირადად სააკაშვილმა უგულვებელყვეს საქართველოში მათ მიერ მოწვეული სპეციალური მრჩევლის, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტის, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარტ ლაარის მცდელობა დაზღვევის ამ სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი გადაუდებელი ღონისძიებების გატარებისათვის, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის სამსახურში ამ ბიზნესის ჩაყენებისათვის.


დადგა დრო ამ მხრივაც შეფასდეს ბიზნესის დამტერორებელი სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები, გაირკვეს, როგორი ზიანი მიადგა მაშინ სახელმწიფოს, ხალხს...


როგორც უკვე ვთქვი, მე და ჩემი ორგანიზაცია საკანონმდებლო ბაზის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მარტო აღმოვჩნდით. თუ გადავხედავთ ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებს, გავაანალიზებთ ამ წლებში ჩემს ურთიერთობებს ქვეყნის მაღალი ეშელონების სახელისუფლო ორგანოებთან, მათ ხელმძღვანელებთან, პირადად სააკაშვილთან და სხვებთან, ნათლად დავრწმუნდებით, რომ ეს იყო უშეღავათო ბრძოლა, ბრძოლა, რომელსაც შედეგი არ მოჰქონდა, ამიტომაც თავი გადავდე და ღიად დავუპირისპირდი სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს. საბოლოოდ მივიღე ის, რომ ნაცების დიდმა ,,ფიურერმა“ დავალება მისცა მაშინდელ რეფორმების მამად წოდებულ, უსახურ ზურაბ ადეიშვილს და მის ინკუბატორში გამოზრდილებს, რომ ჩემთვის ,,ჭკუა ესწავლებინათ...“ შედეგმაც არ დააყოვნა, მაშინდელი ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საფინანსო საგამომძიებლო პოლიციის და პროკურატურის ხელმძღვანელების უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა და 2009 წლის 16 დეკემბერს ჩემდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში ,,ეგზეკუცია“ მოაწყვეს.


ბატონო დავით, 2009 წლის 9 მაისს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვა სათაურით ,,ჩვენ ვადანაშაულებთ პრეზიდენტ სააკაშვილს!“ რომელსაც ხელს ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აწერდნენ, მათ შორის იყავით თქვენც, ხომ არ თვლით ამ ფაქტს თქვენდამი სააკაშვილის შურისძიების ერთერთ ფაქტორად?


ერთერთ ფაქტორად კი არა, ძირითად ფაქტორად მივიჩნევ. ამ მიმართვას სრულიად შეგნებულად მოვაწერე ხელი იმჟამად საქართველოში არსებული მდგომარეობისა და სააკაშვილის უსაზღვროდ თავაშვებული, არასახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო. მიმართვის გამოქვეყნებისთანავე გავხდი პირადად სააკაშვილის სამიზნე. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი დოკუმენტური მასალები, საინფორმაციო წყაროები ადასტურებენ, რომ იმთავითვე დამიწყეს თვალყურის დევნება, დაიწყო სამსახურის ზოგიერთი თანამშრომლის დამუშავებაგადაბირება, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ირგვლივ შეაგროვეს საჭირო ინფორმაციები საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული საახლობლო წრით დამთავრებული, მისმენდნენ მობილურზე, სახლის და სამსახურის ტელეფონებზე, გარდა ძირითადი სამსახურისა მეთვალყურეობა მიმდინარეობდა ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში, როგორც მის გამგეობის წევრზე, უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ლექციებს ვკითხულობდი. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვმალავდი სააკაშვილისადმი ჩემს უკმყოფილებას და მაშინაც მას ,,გიჟვრაცუად“ მოვიხსენიებდი.


სააკაშვილის ,,ხელის ბიჭებს“ საქმისადმი პოლიტიკური ელფერი რომ არ მიეცათ, ნაუცბათევად შეთითხნილი, ფალისიფიცირებული საგამოძიებო მასალების საფუძველზე აღმიკვეცეს თავისუფლება 2010 წლის 18 იანვარს. 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, წამიყენეს წინასწარი აბსურდული ,,ბრალი“ რომ ბიუროს თავმჯდომარედ მუშაობის 9 წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი 2004-2009 წლებში, სააკაშვილის დევნისა და შევიწროების პირობებში, გაძვალტყავებული ორგანიზაციიდან ყველასგან შეუმჩნევლად და მალულად ,,მივითვისე 53 ათასი ლარი“ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში მე არც პირველი და არც ბოლო ვიყავი. უამრავი ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდა. ზოგს ნარკოტიკს უდებდნენ, ზოგს ცეცხლსასროლ იარაღს, მე გაყალბებული, არაფრის მთქმელი სარევიზიო აქტი ჩამიდეს საქმეში. დამაბრალეს ის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება შეგნებულად ვებრძოდი. ამ ავაზაკებმა ჩემი საქმიანი და ზნეობრივი ღირებულებები შებილწეს და ფეხექვეშ გათელეს. არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, რომ ბიუროში ჩემი საქმიანობის ჟამს რაიმე ხასიათის შეცდომები ან დარღვევები არ დამიშვია, მაგრამ სააკაშვილის და მისი კრიმინალი ქვეშევრდომების მონა-ბიჭების მსგავსი ტვინგამოცლილი და აღვირახსნილი უნდა ვყოფილიყავი, რომ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების პირობებში, რაიმე ფინანსურ მაქინაციებზე ფიქრიც კი გამებედა. ჩემი დაკავებით ბოღმიანმა, ჩასაფრებულმა სააკაშვილმა ,,ხოში“ გაისწორა, საწადელი აისრულა. 74-დღიანი ,,ჭკუის სასწავლებელი“ პატიმრობის შემდეგ, 2010 წლის 1 აპრილს გამათავისუფლეს ყოველგვარი სამართლებრივი სასჯელის გარეშე და დღემდე განსასჯელი ვარ.


ბატონო დავით, საოცარია სააკაშვილის რეჟიმის დროს ისე გაგათავისუფლეს, რომ თუნდაც პირობითი სასჯელიც არ შეგიფარდეს?


არა, არავითარი პირობითი სასჯელი, როგორც გითხარით, დღემდე განსასჯელად ვარ დატოვებული. რვა წელიწადია, სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებულ მახინჯ სამართლებრივ სივრცეში ვარ ჩარჩენილი, მხოლოდ ისაა, რომ მაშინდელმა პროკურატურამ ჩემთან შეთანხმების გარეშე ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების საფუძველზე ე.წ. გირაოს და ვითომ ორგანიზაციისთვის ჩემს მიერ მიყენებული ზიანის (ზარალის) ასანაზღაურებელი თანხები ორ სხვადასხვა ანგარიშზე შეატანინეს... მე მოვიკვლიე ე.წ. მიყენებული ზარალის თანხის საკითხი. ჩემს ყოფილ ორგანიზაციას, რომელიც კანონის შესაბამისად გააუქმეს (ლიკვიდირებული იქნა 2010 წლის 25 მაისს) დანიშნულების შესაბამისად არ ჩარიცხვია არც ერთი თეთრი. ეს თანხა არ ჩანს მითითებულ ანგარიშზეც, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს თანხა ადეიშვილმა და სააკაშვილმა მიითვისეს! ლაპარაკია 80.150 ლარზე.


ალბათ, უპრიანი იქნება, აქვე გითხრათ იმის თაობაზეც, რომ ვიდრე დამაკავებდნენ, 2009 წლის დეკემბრის ბოლოს და 2010 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, პროკურატურის და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მირჩევდნენ, დამეტოვებინა ქვეყანა, გავქცეულიყავი, ასევე ჩემი პირველი და უკანასკნელი დაკითხვის დღეს, 18 იანვარს, როდესაც დამაკავეს კიდეც, მევაჭრებოდნენ, რომ გადამეხადა 200 ათასი ლარი, დამესახელებინა ერთი-ორი მაღალჩინოსნის გვარი, რომლებიც ვითომ დახმარებას მიწევდნენ და არ დამიჭერდნენ! როგორც ხედავთ, მათი და ჩემი შეთანხმება არ შედგა ჩემი პრინციპული წინააღმდეგობის გამო.


თქვენ დაინტერესდით სხვა სასჯელით, იმაზე დიდი სასჯელი ადამიანისათვის არაფერია, ვიდრე უდანაშაულოდ, კანონდარღვევით თავისუფლების აღკვეთაა. მე ვარ უდანაშაულო მსხვერპლი უღმერთოთა და წარმართთა რეჟიმისა, ნაცებმა ჩემ მიმართ განახორციელეს უტყვიო ტერორისტული აქტი!


როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისათვის დიდი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გაქვთ.


სიმართლის დადგენისთვის ბრძოლას 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ინტენსიურად ვაწარმოებ, ღმერთმა დიდი დღე მისცეს არნახული ნებისყოფის, შორსმჭვრეტელ, საქართველოზე და ქართველ ხალხზე ზრუნვით დამაშვრალ ღირსეულ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ არა მისი თავგანწირული და ბრძნული მოქმედებები, ჩემს თავს ვინ დაეძებს, სააკაშვილის ხელში ქვეყანა და ხალხი დღეს როგორ უბადრუკ მდგომარეობაში იქნებოდა ჩავარდნილი, ამის გაფიქრებაც კი შიშს მგვრის... ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი. სჯობს, თქვენს კითხვას დავუბრუნდე, ,,გიჟვრაცუას“ რეჟიმის დამარცხებისთანავე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვე, მოეცათ ჩემი სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებსაც არ ვიცნობდი. უფრო მეტიც, შეიძლება არ დამიჯეროთ და 2012 წლის ნოემბრამდე თვალითაც არ მინახავს პროკურატურის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნაც კი!

კი მაგრამ, როდესაც 2010 წლის 1 აპრილს საპატიმროდან გათავისუფლდით, სისხლის სამართლის მასალებს 2012 წლამდე რატომ არ გაეცანით?


ბუნებრივია, ძალიან მაინტერესებდა, რატომ და რისთვის აღმიკვეცეს უდანაშაულო პიროვნებას თავისუფლება. საქმეში, როგორი სახის მასალებს მოუყარეს თავი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინტერესებდა, მე მხოლოდ ვიცოდი, გამოძიება ,,მითვისებული თანხის“ რა რაოდენობას მედავებოდა და სიტყვიერად ვიცოდი ასევე, რომ სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიურომ თავის საექსპერტო დასკვნაში არ დაადასტურა გაყალბებულ დოკუმენტაციებზე ჩემი ხელმოწერა!


სისხლის სამართლის მასალების გაცნობამდე ზოგჯერ მაწვალებდა იმის შეგრძნება, რომ ხომ არ იყო ისეთი რაიმე, რაც მე შეგნებულად დავარღვიე და არ მახსოვდა, მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სიძულვილი სააკაშვილისადმი და მისი სისხლიანი რეჟიმისადმი. საქმე შედგენილი იყო ყურით მოთრეული, სიზმარეული, არაფრისმთქმელი მაკულატურისგან. პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით საგამომძიებლო ორგანომ ,,შეკერა“ საქმე მათ მიერ ძალადობით დაშინებული, დაშანტაჟებული და სათანამშრომლოდ გადაბირებული ძირითადად ერთი მოწმის ცილისმწამებლური ირიბი ჩვენების საფუძველზე, რის შემდეგ ადეიშვილის პროკურატურამ შეგნებულად შეადგინა აბსურდული, ყალბი საბრალდებო დასკვნა. აქვე დავძენ, რომ ამ დასკვნას თან ახლავს ასევე პროკურატურის ცრუ განმარტება, თითქოს ჩემი მოწმეების დასახელებაზე იმ პერიოდში უარი განვაცხადე! საუბედუროდ, დღემდე ვერ მივაღწიე ჩემი მხარის მოწმეების დაკითხვაზე გამოძახებას.


თქვენ შემეკითხეთ, რატომ 2012 წლის ნოემბრამდე არ გაეცანით საქმესო, როდესაც 2010 წლის 1 აპრილს გამათავისუფლეს, სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საქმის პროკურორმა და მკაცრი ტონით, ადვოკატთან და ოჯახის წევრთან ერთად მითხრა, რომ არასოდეს დავინტერესებულიყავი და გამექექა ჩემი საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც უარეს დღეში ჩავცვივდებოდით! ამიტომ ვიყავი ორი წელი და რვა თვე პირში წყალჩაგუბებული, ყველაზე მეტად ჩემ გამო აფორიაქებულ ოჯახს გავუფრთხილდი, თუმცა მანამდე არც სამართალდამცველ ორგანოებს გავხსენებივარ. ამიტომაც იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავბედე, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის მიმემართა.


ჩემი საქმე დღემდე დაუმთავრებელია და მე განსასჯელი ვარ! 2012 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ჩემი მიმართვის შემდეგ განახლდა საქმის განხილვა და პირველი სხდომა იმავე წლის 7 ნოემბერს ჩატარდა. დღემდე შედგა 17 სასამართლო სხდომა, ფაქტობრივად, არსებითი განხილვა არ დაწყებულა. ხუთ წელიწადში საქმეზე შეიცვალა ათი პროკურორი, დაინიშნა მეორე მოსამართლე. 2017 წლის ივნისის შემდეგ სასამართლო სხდომა აღარ გამართულა. როგორც იქნა, ახლა შემატყობინეს, რომ მორიგი სხდომა ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. თუ გულწრფელი ვიქნები, სასამართლოს მიმართ 2012 წლის შემდგომ პერიოდში პრეტენზია არა მქონია, რადგანაც მე და სასამართლო პროკურატურის გამო თმენის და მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით. მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა, ვერ დავმალავ ჩემს ერთგვარ გულისწყვეტას პროკურატურის მიმართ, თუმცა, იმისიც მჯერა, რომ პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობა სრულყოფილად ინფორმირებული რომ იყოს ჩემს თავს დატეხილი ,,ჯოჯოხეთის“ გამო, საქმის ვითარება აშკარად სხვაგვარი იქნებოდა.


როგორც მოგახსენეთ, მე პერიოდულად, მაგრამ არა მომაბეზრებლად ვახსენებ თავს მთავარ პროკურატურას განვლილი წლების და ჩემი წლოვანების გამო. ალბათ, ამის შედეგია ის ფაქტი, რომ, როგორც იქნა, საქმე გადაეცა პროკურატურის ,,სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულობების გამოძიების დეპარტამენტს“ რომელმაც ერთგვარი იმედი ჩამისახა, ველოდები მათგან შეხმიანებას და შეხვედრას. როგორც უკვე გითხარით, მე ვითხოვ სიმართლის დადგენას და საგამოძიებო პროცესში ჩემს მიმართ ჩადენილი იმ დანაშაულობების და არნახული პროცესუალური თუ პროფესიული ნორმების დარღვევების გამოაშკარავებას, რომლებიც დაუშვეს ,,ოქროს ტანდემის“ სააკაშვილ-ადეიშვილის დაკვეთით.
მთავარ პროკურატურაში თავმოყრილია საქართველოს პარლამენტში და პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილი მასალებიც. ყველა ჩემს მიმართვაში მთავარი მოთხოვნაა არა ჩემი შეცოდება და გამართლება, არამედ სიმართლის დადგენა. უმორჩილესად ვითხოვ სიცრუის დეტექტორზე შემოწმებასაც.


გასული წლის 4 აგვისტოს სასამართლოსა და პროკურატურას მივმართე ოფიციალური განცხადებით და უარი ვთქვი 2016 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ“ აღსრულებაზე ჩემ მიმართ და მოვითხოვე ახალი გარემოებების გამო გამოძიების ჩატარება და მხოლოდ სიმართლის დადგენა.


რომელ ამნისტიაზე ამახვილებთ ყურადღებას?


ლაპარაკია 2016 წლის 24 ივნისის ამნისტიაზე, რომელიც შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებით ბრალდებულ, მსჯავრდებულ და განსასჯელად მყოფ ქალებს 65 წელს და მამაკაცებს 70 წელს გადაცილებულთ! ჩემს საქმესაც და მეც, ეს ამნისტია შეგვეხო, მაგრამ, როგორც გითხარით, უარი განვაცხადე აღსრულებაზე. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამნისტია შეეხო ქვეყნის სულ 120 მოქალაქეს, მაგრამ ჩემსავით რამდენმა განაცხადა უარი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არა მაქვს.


გწამთ თუ არა, როგორც თქვენ ხშირად ხაზგასმით ამბობთ, სიმართლის და სამართლიანობის აღდგენის?


ღმერთმა დამიფაროს, რომ არ მწამდეს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, რადგან საქართველო ხუთი წელიწადია, დაადგა სამართლიანობის გზას. ერთი წუთით არ მინდა გულში გავივლო, რომ სანანებლად გამიხდება ,,გარეკილ პირველის“ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. მწამს დაინტერესდებიან და 73 წლის ხანდაზმული, ჯანმრთელობაშერყეული კაცი არ დავრჩები ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მდგომარეობაში.


სასაცილო და ბედის ირონიაა ჩემ ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა, იმის მაგივრად, რომ საქმის გამყალბებლებს, დამნაშავეებს სააკაშვილ-ადეიშვილს პასუხს სთხოვდნენ, პირიქით, მე მიხდება თავის მართლება.


რედაქციისაგან:


კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ბატონი დავით წერეთელი მრავალთა შორის ერთ-ერთი მსხვერპლია სააკაშვილის ხელისუფლებისა. მისი სრულიად უდანაშაულოდ, პოლიტიკური მოტივებით, შურისძიების საფუძველზე დასჯა არავის უკვირს, გასაკვირი ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში, სამართლიანობის აღდგენის პირობებში, რამდენიმე წელიწადია, დიდი მოთმინებით ელოდება სიმართლის და ღირსების აღდგენას.


კოლეგა-ჟურნალისტები ღვაწლმოსილ პიროვნებას დავით წერეთელს უყურადღებოდ ერთი წუთითაც აღარ დავტოვებთ, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა ხშირად მოიკითხავს, რა რეაგირება მოახდინა მთავარმა პროკურატურამ დღევანდელ ექსკლუზიურ ინტერვიუზე. ვფიქრობთ, ამაში მთელი ჟურნალისტური კორპუსი მხარში დაგვიდგება.
უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს, ოპერატიულად, ჩვეული გულისხმიერებით დაინტერესდეს ჩვენი კოლეგის დავით წერეთლის საქმით.



PS
ჩვენ, „კომერსანტელები“ ბატონ დავით წერეთლის მიმართ გამოვხატავთ სოლიდარობას და ვუერთდებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მოწოდებას საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი ინტერვიუში დასმული საკითხებისადმი სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up