მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს.
„მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე როგორც არ მიხაროდა კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, არ მიხაროდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელობები, არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ - „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას დღეს საპატიმროში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სტუმრობდა. მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.