მიმდინარე წლის 18-20 მარტს, საქართველო უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
„ვიზიტის მიზანია დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.
დელეგაციის წევრებს შორის არიან ისეთი მაღალი დონის წარმომადგენლები, როგორებიცაა: Mr. Edward YAU, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობა; Mr. Raymond YIP, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭო.
ვიზიტის ფარგლებში 18 მარტს დაგეგმილია პანელი “Investment Opportunities in Georgia”,რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ღონისძიების პანელისტებს შორის არის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელიც გამართავს პრეზენტაციას და აუდიტორიას საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალს, ასევე, სააგენტოს საქმიანობას გააცნობს.
ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულთან თანამშრომლობის კუთხით აღსანიშნავია, რომ: 2018 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს ეწვია უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ჰონგ-კონგიდან, ჩინეთიდან. 20 სექტემბერს, დელეგაციის წევრებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამინისტროსთან და გარდა ამისა, მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ.
- ასევე, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ.
- სსიპ „აწარმოე საქართველოში’’ მიესალმება კერძო სექტორისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
- ქართული მხარე მზადყოფნას გამოხატავს გააღრმაოს საქართველო - ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულს შორის პარტნიორული ურთიერთობები და სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში როგორებიცაა: ტურიზმი და უძრავი ქონება, წარმოება, ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი და ა.შ“ – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში.