აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აჭარული სამზარეულოს შესახებ რუსული ტელეარხი „Моя планета“ 30 წუთიან გადაცემას ამზადებს.
“Планета вкусов“ - ის გადამღები ჯგუფი აჭარის რეგიონში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და სხვადასხვა ადგილობრივი კერძის დამზადების პროცესი გადაიღეს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმის სცენარის მიხედვით, გადაცემის წამყვანი, ანტონ ზაიცევი, მაყურებელს აჭარული ხაჭაპურის, ბორანის, სინორის, კაიმაღისა და კეფალის აჭარულად მომზადებას ასწავლის და პარალელურად კერძების შექმნისა და ბათუმის ისტორიის შესახებ ესაუბრება. ის ქალაქის სავიზიტო ადგილებიდან აკეთებს ჩართვებს და მაღალმთიან აჭარასაც სტუმრობს, სადაც აჭარული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიებს აკვირდება.
აღნიშნული გადაცემა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში გადის და 23 მილიონიან აუდიტორიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალზე გადაღებული გადაცემა ეთერში მაისის თვეში გავა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობებები რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე წლიდან დაიწყო, რაც პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, სხვადასხვა პიარ აქტივობებსა და ონლაინ რეკლამებს ითვალისწინებს.