რუსული ბანკების მეანაბრეებმა თავიანთი თანხების ბელორუსიის ბანკებში გადატანა დაიწყეს. რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთისა და ბელორუსის საბანკო სისტემაში მოქმედ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებაა.
კერძოდ, რუსი კლიენტების დეპოზიტების ზრდა დაფიქსირდა „ბელგაზპრომბანკსა“ და „ბპს–სბერბანკში,“ „ვითიბიში“, ბელორუსულ „ალფა ბანკში“ კი რუსეთის მოქალაქეების ანაბრების რაოდენობა გაორმაგდა. ბელორუსის ბანკების მიმზიდველობის მიზეზია 5%–იანი წლიური სარგებელი ორწლიან დეპოზიტებზე. რუსეთში ასეთი ანაბრის შემოსავლიანობა ორჯერ ნაკლებია.
„ალფა ბანკის“ წარმომადგენელი Bfm.ru-სთან აცხადებს, რომ დოლარის დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 5%–ია. ამასთან, კლიენტი უფასოდ იღებს MasterCard–ს, რომელზეც პროცენტი ყოცელთვიურად დაერიცხება. ანაბრის გახსნისთვის საკმარისია პასპორტი და მინიმალური თანხა, რომელიც 100 დოლარს შეადგენს. ანაბრის გახსნისთვის კლიენტი უშუალოდ ბელორუსში უნდა ჩავიდეს.
ამასთან, ბანკში ამბობენ, რომ ანაბრის გაფორმებისას რუსული რუბლის კონვერტირება მაშინვე შეიძლება დოლარში ან ევროში.
რატომაა ბელორუსის საბანკო სისტემაში ასეთი საპროცენტო განაკვეთები? ამ შეკითხვაზე პასუხისას ბელორუსი პოლიტოლოგი და ეკონომისტი სერგეი შიპტენკო აცხადებს, რომ მოსახლეობას ხელზე საკმაოდ ბევრი დოლარი აქვს და მთავრობას სურს ფულის მიზიდვა საგარეო ვალის დასაფარად და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად. ამ სიტუაციაში დადგა საკითხი, როგორ მიიზიდონ მოქალაქეების თანხები დეპოზიტებზე. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური გზაა პროცენტის გაზრდა. 5%–იანი შეთავაზება ბელორუსის საბანკო სისტემაში თებერვალში გაჩნდა.
თუმცა, როგორც ეკონომისტი ამბობს, აქ სხვა რისკია – ქვეყნის ხელისუფლებასა და სავალუტო ფონდს შორის 2–მილიარდიან კრედიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაჭიანურდა და არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო შეეცდება მოსახლეობის დეპოზიტებით სარგებლობას უფრო სარისკო ფორმით, როგორც ეს მანამდეც არაერთხელ მომხდარა.
ამ ვითარებაში დაფიქსირდა დეპოზიტების გადინების ტენდენცია, მათ შორის დოლარშიც. ამ პროცესის შესაჩერებლად დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაიწყო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბელორუსული ბანკების მიმზიდველობის კიდევ ერთი მიზეზია ანაბრების გარანტირებული ანაზღაურების ადგილობრივი სისტემა, რაც რუსული სისტემისგან იმით განსხვავდება, რომ არ არსებობს დაზღვევის მოცულობის შეზღუდვა და გადახდა დოლარში ხდება. რუსეთში ასეთი დაცვა მხოლოდ 1,4 მილიონამდე რუბლის დეპოზიტს ეხება, ანაზღაურების შემთხვევაში კი თანხა რუბლში კონვერტირდება იმ მომენტისთვის არსებული კურსით.
თუმცა არის რისკებიც – მაგალითად, არ არის გამორიცხული, მოხდეს ვალუტის გადინების შეზღუდვა და არარეზიდენტ მეანაბრეებს საკუთარი ფულის მიღების პრობლემა შეექმნათ.