აუდიტის სამსახურმა რუსთავის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესწავლისას, შესყიდვებთან და აქტივების მართვასთან დაკავშირებით დარღვევები გამოავლინა, პრობლემები სხვადასხვა მოსაკრებლის ამოღების კუთხითაც გამოიკვეთა.
აუდიტის დასკვნის მიხედვითБ მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას 178.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია.
არასათანადო კონტროლის გამო, 2019-2020 წლებში რუსთავის მერიამ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან 650 ათასი ლარის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება ვერ შეძლო. გადაუხდელი საიჯარო თანხის მოცულობამ კი 144 ათას ლარს მიაღწია.
რიგ შემთხვევაში მოქალაქეებს სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალური ქონება საბაზრო ფასზე იაფად გადაეცათ, რამაც შემოსავლების დამატებითი დაკარგვა გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 70-77 ერთეულით აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
აუდიტმა დარღვევების აღმოსაფხვრელად რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა, რაც ძირითადად ხარჯების მართვის კონტროლს ითვალისწინებს, ერთ-ერთ პუნქტში კი წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ნაშთის უკონტროლო დაგროვება არ უნდა დაუშვას.
რეკომენდაციების დარჩენილი ნაწილი შესყიდვებს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, საწვავის განაწილებასა და შიდა აუდიტის გაძლიერებას ეხება.