რუსთაველი ავტომფლობელები დილიდან მართავენ აქციას ლოზუნგით „არა საწვავის გაზრდილ ფასებს“. ამ დროისთვის მათ გადაკეტილი აქვთ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ერთი მხარე. საცობში 200-მდე მანქანაა მოყოლილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს მართავს.
პროტესტის მონაწილეები ხელისუფლების პასუხისმგებელ პირებს ელოდებიან საწვავის ფასებზე სამსჯელოდ. საპატრულო პოლიციის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აწარმოებს.
გზის გადაკეტვამდე ავტომფლობელებმა ჩართული სირენების ხმით რუსთავის ქუჩები მოიარეს.
აქციის ორგანიზატორის ერეკლე დოლიძის განცხადებით, ისინი იქამდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე აღნიშნულ საკითხზე მათ კონკრეტული პასუხისმგებელი პირი არ დაელაპარაკება და კითხვებზე პასუხს არ მიიღებენ.
radiotavisupleba.ge