რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სწრაფი ტემპით იზრდება - მიზეზები და რისკები

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სწრაფი ტემპით იზრდება - მიზეზები და რისკები

access_time2023-03-13 12:30:21

2022 წელს, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 52%-ით $1.639 მლრდ-დან 2.487 მლრდ-მდე გაიზარდა,  რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 403%-ით $411 მლნ-დან 2.067 მლრდ-მდე, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 411%-ით 213 ათასიდან 1.087 მლნ-მდე. მსგავსი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც შენარჩუნდა. ხელისუფლება ყველაფერს „პრაგმატული პოლიტიკით“ ხსნის, სტაბილურობის შენარჩუნებითა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ამაყობს. მეორეს მხრივ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის ოკუპანტ სახელმწიფოზე ეკონომიკური დამოკიდებულება აშფოთებს. უახლოესი წარსული აჩვენებს, რომ ეკონომიკური განვითარების ტემპი, ემბარგოს პირობებში უფრო მაღალი იყო ვიდრე მის შემდეგ.

წმინდა ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ვაჭრობა ყველასთვის მომგებიანია, მაგრამ ეკონომიკასთან ერთად არსებობს პოლიტიკაც. ეკონომიკური დამოკიდებულება კი შესაძლოა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი გახდეს. იმის გასახსენებლად თუ რამდენად სანდოა რუსეთი, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებში 3 შემთხვევის გახსენებაც საკმარისია:

  1. 2006 წელი ემბარგო ქართულ პროდუქციაზე;
  2. 2006 წელი გაზსადენზე მოწყობილი აფეთქება;
  3. 2019 წელი ფრენების შეწყვეტა.

საგარეო ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია 1995 წლიდან მოიპოვება. წლების განმალობაში რუსეთი საქართველოსთვის #1 საექსპორტო პარტნიორი იყო, თუმცა კლების ტენდენცია შევარდნაძის ხელისუფლების პირობებშიც შეინიშნებოდა და თუ 1995 წელს რუსეთის წილი ექსპორტში 31%-ს აჭარბებდა, 2003 წელს 18%-მდე იყო შემცირებული.

2006 წელს ემბარგოს ფონზე, რუსეთის წილი ექსპორტში 8.1%-მდე შემცირდა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო — 2012 წელს 2%-მდე. 2013 წელს ნახტომისებურად 6.6%-მდე გაიზარდა, 2022 წელს კი 11.7% შეადგინა. იმპორტი შედარებით ნაკლები ცვალებადობით ხასიათდებოდა, რაც მთლიანი ბრუნვის მრუდზეც აისახებოდა.

2023 წლის იანვარში,  ექსპორტი რუსეთში თანხობრივად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%-ით $43 მლნ-დან $88 მლნ-მდე, იმპორტი 105%-ით $86 მლნ-დან $176 მლნ-მდე, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 105%-ით $129 მლნ-დან $264 მლნ-მდე გაიზარდა. სამნიშნა პროცენტულმა ზრდამ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 12.9%-დან 19.1%-მდე გაზარდა, იმპორტში 10.7%-დან 17.5%-მდე, მთლიან ბრუნვაში კი 11.6%-დან 18%-მდე. თუ იმპორტში უცვლელ პირველ ადგილს წლების განმავლობაში თურქეთი იკავებდა, იანვარში ის რუსეთმა ჩაანაცვლა.

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რა მოხდება და როგორ შეიცვლება მდგომარეობა შემდეგ თვეებში, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, მაგრამ თუ მხოლოდ იანვრის მონაცემებს გავაანალიზებთ, ასეთი მაღალი დამოკიდებულება რუსეთზე ექსპორტში საქართველოს 2001 წლის შემდეგ აღარ ჰქონია, მთლიან ბრუნვაში 1996 წლის შემდეგ, ხოლო ცალკე აღებულ იმპორტში არასდროს. (შედარება გაკეთებულია წინა პერიოდის წლიურ საშუალოსთან და ცალკეულ თვეებში გამონაკლისის სახით შესაძლოა უფრო მაღალი დამოკიდებულება ყოფილიყო დაფიქსირებული).

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რას ვყიდით და რას ვყიდულობთ რუსეთში. უმრავლეს შემთხვევაში გაზრდილია როგორც თანხობრივი ბრუნვა, ასევე წილობრივი დამოკიდებულება. მაგალითად თუ ფეროშენადნობების ექსპორტი 2023 წლის იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $13 მლნ-დან $45 მლ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში წილობრივად 42%-დან 89%-მდე მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება იმპორტს ყველაზე მეტად თვალში საცემი ენერგომატარებლების შესყიდვის ზრდაა. ეს კი დიდწილად იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ რუსეთი სანქციების გამო იძულებულია საწვავი კონკურენტებზე დაბალ ფასად გაყიდოს. იმ ფაქტს, რომ 1 ლიტრი რუსული ბენზინიდან ქართველ იმპორტიორებს უფრო მეტი მოგება რჩებოდათ ვიდრე 1 ლიტრი რუმინული ბენზინიდან, კონკურენციის სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნავდა. საქსტატის თანახმად, იანვარში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების (ძირითადად ბენზინი და დიზელი) იმპორტი $8.5 მლნ-დან $57 მლნ-მდე გაიზარდა. თუ რუსეთზე დამოკიდებულება ამ მიმართულებით 2022 წლის იანვარში 11.7%-ს შეადგენდა, 1 წლის თავზე 66%-ს გაუტოლდა. $13 მლნ-დან $35 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც. ზრდა მთლიანად კომერციულ სექტორზე მოდის. მოსახლეობა და თბოსადგურები იაფი აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმპორტის ჩანაცვლება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. 2006 წლისგან განსხვავებით საქართველოსთვის გაზის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი აღარაა, პირიქით ძირითადი პარტნიორი აზერბაიჯანია. 2023 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის თანახმად 3.037 მლრდ კუბური მეტრიდან 94% — 2.859 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიდეს. (რადგან საქართველო რუსეთიდან მხოლოდ კომერციულ გაზს ყიდულობს თანხობრივად მისი წილი 6%-ზე მეტი იქნება). ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილსაც ქვეყანა თავად გამოიმუშავებს. სხვა სახელმწიფოდან უფრო ძვირად ხორბლის, ზეთის ან რაიმე სხვა პროდუქციის იმპორტმა შესაძლოა ინფლაციაზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ ისეთივე ეფექტი ვერ ექნება, როგორც ერთადერთი გაზსადენის გადაკეტვას.

მდგომარეობა უფრო რთულია ექსპორტის მიმართულებით ახალი ბაზრის მოძიებას, ნდობის მოპოვებასა და ნიშის პოვნას მეტი დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი სჭირდება.

ფულადი გზავნილები

2022 წლამდე, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში სისტემატურად მცირდებოდა და თუ 2013 წელს 54%-ს შეადგენდა, 2021 წლის მდგომარეობით ის ზუსტად 3-ჯერ 18%-მდე იყო შემცირებული. ვარდნა 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და 13%-მდე შემცირდა. რადიკალური ცვლილებები აპრილიდან დაიწყო. აპრილში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების ზრდის ტემპმა 299%-ს მიაღწია ($33 მლნ-დან $133 მლნ-მდე), მაისში 889%-ს ($32 მლნ-დან $314 მლნ-მდე).  

მთელი წლის განმავლობაში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 403%-ით $411 მლნ-დან $2.067 მლრდ-მდე გაიზარდა, რამაც რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 47%-მდე, ცალკე აღებულ მეოთხე კვარტალში კი 60%-მდე გაზარდა.

2023 წლის იანვარში რუსეთიდან გადმორიცხვები კიდევ 1096%-ით $268 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან გზავნილებში 60% შეადგინა.


 











წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

როგორც წესი, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებს გამოგზავნის ოჯახის წევრები ყოველდღიური საჭიროებების შესაძენად მოიხმარდნენ.  2022 წელს ეს სტრუქტურაც დაირღვა. რუსეთიდან გადმორიცხულ დამატებით $1.6 მლრდ-დან თანხის გარკვეული ნაწილი საცხოვრებელ ხარჯებს მოხმარდა, რაც დედაქალაქში ბინების გაქირავების მკვეთრი გაძვირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა. მიღებული თანხის ნაწილით კი რუსეთის მოქალაქეებმა შპს-ები დააფუძნეს.

ვიზიტორები

თემის გაგრძელებად, ან შეიძლება ითქვას ძირითად ამხსნელ გარემოებად შეიძლება საქართველოში შემოსულ რუსი მიგრანტების ზრდა ჩაითვალოს. რუსეთის რამდენი მოქალაქე დარჩა დიდხნიანი პერიოდით საქართველოში უცნობია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შსს-ზე დაყრდნობით ვიზიტორების სტატისტიკას აწარმოებს მაგრამ ოპერატიულად არ განმარტავს რამდენმა ადამიანმა დაჰყო ქვეყანაში პირობითად 3 დღე და რამდენმა 3 თვე.

2022 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 2021 წელთან შედარებით 173%-ით მეტი — 4.7 მლნ ვიზიტი განახორციელეს. რუსეთის მოქალაქეებმა კი 413%-ით მეტი — 1.087 მლნ ვიზიტი.

გადმორიცხვებისგან განსხვავებით, რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში უკრაინაში შეჭრამდეც იზრდებოდა. 2012 წელს მათმა წილმა ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში 10%-ს მიაღწია, 2013 წელს 12.2%-ს, 2016 წელს 15.7%-ს, ხოლო პანდემიის წინა პერიოდში — 2019 წელს 19%-ს. 2022 წელს კი უკვე 23.1%-ს. 2023 წლის მონაცემები უცნობია. ტურიზმის ადმინისტრაციამ ყოველთვიური მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა და კვარტალურზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილამდე ოფიციალური რიცხვები არ გასაჯაროვდება.

მიუხედავად იმისა, რომ შეგროვდა არაერთი პეტიცია — ამოქმედებულიყო სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ხელისუფლება ინიციატივას არ დასთანხმდა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისიც, რომ საზღვრის კვეთისას რუსეთის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, თუნდაც ფორმალურად ხელმოწერით დაედასტურებინა.

ვიზიტორებისა და გადმორიცხვების ერთ-ერთ შედეგად ლარის გამყარება უნდა მივიჩნიოთ. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტამდე 50 თეთრით, 3.09-დან 2.59-მდე გამყარდა, მაგრამ წლიური ინფლაციის განაკვეთმა თებერვალში მაინც 8.1% შეადგინა. გზავნილებზე დამოკიდებულ ოჯახთა შემოსავლები კი საგრძნობლად შემცირდა რადგან თუ 1 წლით ადრე $300-ით 930 ლარს ყიდულობდნენ, ახლა იმავე თანხით მხოლოდ 780 ლარის შეძენაა შესაძლებელი.

პრაქტიკულად ერთადერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, სადაც რუსეთზე დამოკიდებულება არ გაზრდილა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. პირიქით, თუ რუსეთის წილი უცხოურ ინვესტიციებში 2021 წელს 6.1%-ს შეადგენდა ($75 მლნ $1.242 მლრდ-დან) 2022 წელს 2022 წელს 3.6%-მდე შემცირდა ($71 მლნ $2 მლრდ-დან).

დამოკიდებულების ზრდის ასახსნელად შეთქმულების თეორიების მოშველიება საჭირო არ არის. რუსეთში ხარისხობრივი მოთხოვნა მინიმალურია და გადამწყვეტ როლს პოლიტიკური ნება თამაშობს, დღეს მოწონებული ქართული ღვინო ხვალ შეიძლება „ფალსიფიცირებული აღმოჩნდეს“ მაგრამ ახლა მოსკოვში მსგავსი სურვილი არ გააჩნიათ. როგორც საწვავი, ასევე საკვები პროდუქციის დიდი ნაწილი ევროპულ ანალოგებთან შედარებით უფრო იაფია, დაბალი ფასი კი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყანაში. რუსეთის მოქალაქეებს 360 დღის განმავლობაში საქართველოში დარჩენის უფლება გააჩნიათ და მოსახლეობაში არსებული საერთო ანტირუსული განწყობების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ შეჰქმნიათ, ისინი აქ თავს დაცულად გრძნობენ. ყოველივე ეს სტატისტიკაში თითქმის ავტომატურად აისახება.

რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში

მნიშვნელოვანი პოლიტიკური რისკების გარდა, არსებობს კიდევ ერთი ლეგიტიმური შეკითხვა — ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია რუსეთის ბაზარზე სწრაფვა? ის, რომ რუსეთი ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ობიექტური რეალობაა, მაგრამ ობიექტური  რეალობაა ის ფაქტიც, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ეკონომიკის სიდიდით ათეულს მიღმა იდგა. 2021 წლის მდგომარეობით რუსეთის ეკონომიკის მოცულობა გერმანიის ეკონომიკის 42%-ს, ჩინეთის ეკონომიკის 10%-ს, აშშ-ის ეკონომიკის 7.6%-სა და მსოფლიო ეკონომიკის 1.8%-ს შეადგენდა. 2022 წელს ეს რიცხვები შეიცვალა, მაგრამ არა რუსეთის სასარგებლოდ.

წყარო: მსოფლიო ბანკი

რუსეთში შესაძლოა პროცენტულად უფრო მეტს სმენია ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ ამ ქვეყანაში საექსპორტო ფასი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია. თუ 2021 წელს 1 ლიტრი საექსპორტო ღვინის ფასი რუსეთში $2.76-ს შეადგენდა, აშშ-ში 129%-ით მეტს — $6.33-ს.

სიმართლეს არ შეესაბამება არც იმის მტკიცება, რომ თითქოს საქართველოსთვის მაინც აუცილებელია რუსული ბაზარი. ემბარგოს პირობებში 2006 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპმა 9.4%-ს მიაღწია, 2007 წელს 12.6%-ს. ზრდის ტემპი 6%-ს აჭარბებდა 2010-2012 წლებშიც, მაშინ როცა 2013-2019 წლებში 5%-ს არ გასცდენია. უფრო მეტიც თავად ჯამური ექსპორტიც თუ 2005 წელს $865 მლნ-ს შეადგენდა, რუსული ემბარგოს პირობებში 2012 წელს 165%-ით $2.377 მლრდ-მდე იყო გაზრდილი. 2019 წელს კი 2012 წელთან შედარებით მხოლოდ 60%-ით $3.798 მლრდ-მდე. ეს მაშინ როცა 2013 წელს რუსული ემბარგო მოიხსნა, 2014 წელს კი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არც ბენზინის ყიდვა და არც ღვინის გაყიდვა 2023 წლის მარტის მდგომარეობით სანქციების დარღვევად არ ითვლება, რაც აშშ-ის ელჩმაც დაადასტურა. თუმცა მაშინ როცა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად, მაგრამ მაინც 2.1%-ით შემცირდა, მაშინ როცა 2023 წელსაც კლებაა ნავარაუდევი, ხოლო პარალელურად ძლიერდება სანქციებიც. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მომეტებული რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს.



გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up