რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა.
„ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს.
ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ჯერ სამუშაო ჭრილში საუბარი არ გამართულა, თუმცა არც რაიმე ახალი წინაპირობა წამოსულა რუსული მხრიდან.
„ჯერ სამუშაო ჭრილში ასეთი კომუნიკაციები არ ჩატარებულა. დაველოდოთ. სექტემბერ–ოქტომბერში გაიმართება ჩვენი შეხვედრა (აბაშიძე–კარასინის ფორმატი. რედ.), ონლაინ იქნება ეს თუ ფიზიკურად, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმ პერიოდისთვის. თუ რუსეთის მხარე მზად იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად, ჩვენ ვიმსჯელებთ“, – უთხრა „კომერსანტს“ ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულების საფუძველზე, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები იმავე წლის 8 ივლისიდან აეკრძალათ. პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო აგორებულ საპროტესტო ტალღას უკავშირდება, რომელიც დღეს „გავრილოვის ღამის“ სახელითაა ცნობილი.