რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.
მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.
დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.
„როსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე ფასი 4,4% -ით, აპრილის დასაწყისიდან კი - 2,2% -ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და ამჟამად 1 ტონა 571.2 აშშ დოლარი ღირს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის წიწიბურას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, პროდუქტის თითქმის, 100% (99,9%) რუსეთიდან შემოდის.
კერძოდ, მიმდინარე წლის 3 თვეში, საქართველომ სულ 830,5 ტონა (701.7 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, საიდანაც 99,9%, ანუ 830.3 ტონა (701,4 ათასი აშშ დოლარი) სწორედ რუსეთისგან.
პროდუქტის დანარჩენი რაოდენობის იმპორტი კი პოლონეთიდან (0,1 ტონა) და ბელარუსიდან (0,1 ტონა) განხორციელდა.
ამასთან, აღსანიშნავია, წელს გასულ წელთან შედარებით, რუსეთმა პროდუქტი გააძვირა. თუ 2020 წლის მაჩვენებელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს რუსეთისგან უფრო მეტი, ანუ 856.1 ტონა წიწიბურა, გაცილებით იაფად, 549.2 ათასი აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 878.2 ტონა (569.6 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, სადაც ძირითადი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა. მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა უკრაინიდან (22 ტონა) და პოლონეთიდან (0,1 ტონა).
BPN.GE