გერმანელმა ფეხბურთელმა ბენედიქტ ჰიოვედესმა კორონავირუსის მიმართ რუსეთის მიდგომა მკაცრად გააკრიტიკა. ვებგვერდ t-online.de-ზე თავის ყოველკვირეულ სტატიაში მან რუსეთის სტრატეგიას სიგიჟე უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჩემპიონატში პაუზა მინიმუმ 10 აპრილამდე გამოცხადდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი გერმანელი მცველი, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს, ევროპის ტოპ-ლიგებთან შედარებით მკვეთრ განსხვავებებზე საუბრობს. გასულ უიქენდზე, იმ დროს, როცა ფეხბურთს თითქმის არსად თამაშობდნენ, რუსეთში მატჩები გაიმართა და თანაც, მაყურებლებთან ერთად, სავსე სტადიონებზე. “ვარჯიშიც კი გრძელდება,” - წერს გაოცებული ჰიოვედესი.
'ყველა ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია'
გელზენკირხენის შალკეს ყოფილი კაპიტანის აზრით, მალე რუსეთშიც არანაკლებ რთული ვითარება იქნება, ვიდრე მაგალითად მის სამშობლოშია.
“ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დაფიქსირებული. პუტინი ამბობს, რომ ეს რეგიონებში გატარებული მკაცრი ზომების დამსახურებაა. არადა ყველა ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია,” - წერს ბენედიქტ ჰიოვედესი, რომელსაც არ მოსწონს, რომ რუსეთში 5000-კაციანი ღონისძიებები დიდხანს არ შეწყვიტეს. სამაგიეროდ, 32 წლის ფეხბურთელი გერმანიის პოლიტიკას აქებს: “სტატისტიკა მოწმობს, რაოდენ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ გერმანელები.”
“კაფეები სავსეა. მეტროც. ქუჩები - თავის თავად. კვირას როსტოვში, თამაშზე სტადიონი სავსე იყო. მართალია, ახლა ჩემპიონატი მინიმუმ 10 აპრილამდე შეაჩერეს, მაგრამ ვარჯიშები გრძელდება. ეს სიგიჟეა,” - წერს გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი და ადამიანებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ.
გარდა ბენედიქტ ჰიოვედესისა, რუსეთის ჩემპიონატში კიდევ სამი გერმანელი ფეხბურთელი თამაშობს: ანდრე შიურლე, მაქსიმილიან ფილიპი და რობერტ ბაუერი.