რუსული გამოცემა „Коммерсант“-ის ინფორმაციით, ჯერ კიდეც 2 კვირის წინ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში ყარაბახის კონფლიქტის მოსალოდნელ გართულებაზე საუბრობდნენ.
წყაროების ინფორმაციის თანახმად, ამაზე მიანიშნებდა სომხური მხარის მიერ სამმხრივი შეთანხმების რეალიზებაზე ფაქტიურად უარის თქმა. საუბარია ფარულ შეთანხმებაზე, რომელიც ერევნის მიერ 1993 წელს ყარაბახის გარდა 5 შიდა აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნებას გულისხმობდა.
ეს ნაბიჯი ფართო მასშტაბიანი დარეგულირების დასაწყისად განიხილებოდა. თანაც ამ საკითხს ბაქოსთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. 800 000 დევნილი ძირითადად ამ ტერიტორიებიდანაა წამოსული, მაშინ, როდესაც თავად მთიან ყარაბახში სულ 20-30 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა.
ბაქოსთვის ყარაბახი ძირითადად პოლიტიკური პრობლემაა, ხოლო წართმეული შიდა რაიონები პოლიტიკურიც და სოციალურიც.
მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის კიდევ ერთ-ერთ მიზეზად აზერბაიჯანში ნაციონალისტური განწყობების მკვეთრი ზრდაც დასახელდა. ივლისში მოკლევადიანი სომხურ-აზერბაიჯანული შეტაკებების შემდეგ, ქვეყანაში საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის სასარგებლოდ განწყობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ცეცხლზე ნავთს თურქეთიც ასხამდა, რომელიც ბოლო თვეებში ბაქოს მხარს საკმაოდ ღიად და კატეგორიულად უჭერდა.
შექმნილ ვითარებაში კონფლიქტის ზონაში მოვლენათა შემდგომი განვითარება გარე მოთამაშეების პოზიციაზეა დამოკიდებული . მათ ამ საშიში დაძაბულობის განმუხტვაც და პირიქით, გამწვავებაც შეუძლიათ.
როგორც ჩანს, ერევანს ისევ რუსეთის იმედი აქვს - კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ინიციატივით მისი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონი საუბარი შედგა. შემდგომ გამოქვეყნებული იყო არაფრის მთქმელი ოფიციალური პრეს-რელიზი - „მხარეებმა შემდგომი ესკალაცია დაუშვებლად მიიჩნიეს“.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მის აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიხუნ ბაირამოვს ესაუბრა და კონფლიქტის ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.
რუსულმა მხარემ ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტისთვის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა დააფიქსირა.
kommersant.ru