საქართველო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინში - საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ... სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი სასამრთლო პროცესის ბოლო ღია მოსმენა მიმდინარეობს.
შესვენების შემდეგ, მხარეები საბოლოო პოზიციებს დააფიქსირებენ. მანამდე კი, სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი გამოვიდა.
ბრიტანელმა ბენ ემერსონმა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა.
მისი თქმით, რუსეთი აგვისტოს ომამდეც აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს და ომისთვის 2008 წლამდე ემზადებოდა. ბენ ემეროსნის მტკიცებით, სახეზეა ეთნიკური წმენდის ფაქტები.
„რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა ზეპირ მოსმენაზე განაცხადა. ადვოკატმა ისაუბრა რუსული ავიაციის მიერ გორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.
„ადგილზე აღმოჩენილ იქნა რაკეტების ფრაგმენტები, რომლებსაც ჰქონდათ სერიული ნომრები, რომლებიც ადასტურებდა მათ რუსულ წარმომავლობას. რუსული მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი ინფორმაცია და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილი. სინამდვილეში რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა. სწორედ რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, - განაცხადა ბენ ემერსონმა.
ამის შემდეგ კი რუსული მხარე ორი მოპასუხით გამოვიდა და ქართული მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას „ფალსიფიკაცია უწოდა.
„მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ საქართველოს ძალების მხრიდან ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ, - განაცხადა ევროსასამართლოში რუსეთის წარმომადგენელმა მიხეილ გალპერინმა.
საქმეზე ბოლო ზეპირი მოსმენის შემდეგ, სტრასბურგის დიდი პალატის მოსამართლეები, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული, სათათბიროდ გავლენ და რამდენიმე თვეში დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში.
სარჩელი ეხება 2008 წელს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მონაწილეობით და მათი მხარდამჭერით სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სარჩელში საუბარია რუსეთის მიერ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე.
ასეული მტკიცებულებით დგინდება, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებიც გამოიყენა, რაც საერთაშორისო სამართლით იკრძალება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რუსეთმა ორი ტიპის ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე დასახლებულ პუნქტში გამოიყენა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო სასამართლოში რადარის ჩანაწერებსაც წარადგენს, რომლებზეც ასახულია, რამდენად აკონტროლებდა და არღვევდა რუსეთის ფედერაცია საქართველოს საჰაერო სივრცეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის პრეცედენტულია, რადგან სასამართლო პირველად განიხილავს ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.