რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევს, რასაც უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები ექნება.
„ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანება რეგიონში კონფლიქტს დაასრულებს. ალიანსში შესაძლო გაწევრიანება უკრაინაში მშვიდობას არ მოიტანს. პირიქით, ეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბურ ესკლაციას გამოიწვევს, რამაც უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები მოიტანოს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.
8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.
imedinews.ge