რუსეთი მალე ყაზახეთთან მოქალაქეთა ანგარიშების მონაცემების გაცვლას დაიწყებს. 16 დეკემბერს ძალაში შევა იმ ქვეყნების განახლებული სია, რომლებთანაც რუსეთი ფინანსური ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას ახორციელებს. ნუსხას ყაზახეთი, მალდივები და ომანი დაემატა, შვეიცარია და კაიმანის კუნძულები კი გამოაკლდა. სიაში საქართველო არ ყოფილა და არც ახლა არის რაიმე ცვლილებები.
ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებული მექანიზმია. შეთანხმების მიზანია გადასახადებისგან თავის არიდებასა და მოგების ამოღების უკანონო სქემებთან ბრძოლა.
უკრაინაში ომის დაწყებისა და განსაკუთრებით რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის გასაქცევად ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ყაზახეთში რუსეთის თითქმის 1,3 მილიონი მოქალაქე შევიდა.
ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყაზახეთში ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილები 13-ჯერ გაიზარდა , 42,7 მილიარდ ტენგემდე (5,6 მილიარდი რუბლი). ყაზახეთის მიერ უცხოეთიდან მიღებული თანხის თითქმის 60% მოდის რუსეთზე.
21 ოქტომბრიდან დღემდე შესაბამის უწყებებში 200,000 განაცხადია გაკეთებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრისთვის (TIN), რომელიც ყაზახეთის ბანკებში ანგარიშის გასახსნელად არის საჭირო.