რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია. ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.
2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს, რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით რუსეთმა საუდის არაბეთის მოქალაქეებს გაუსწრო, რომელთა 2019 წლის შედეგი თურქეთის ურძრავ ქონებაში 2200 ტრანზაქციაა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2015 წლის შემდეგ რუსები პირველად აღმოჩნდენ თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა სამეულში.
ერაყის მოქალაქეებმა 2019 წელს 7600 ხელშეკრულება გააფორმეს თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე. მეორე ადგილზეა ირანი, რომელთაც 5400 სახლი და ბინა შეიძინეს თურქეთში.
უძრავი ქონების სააგენტო Tolerance Homes-ის დირექტორის სერგეი ვოლჩენკოვის აზრით, რუსების მზარდი ინტერესი თურქეთის უძრავი ქონებასთან ახალ კანონებს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში მოქალქეების მიღებას ამარტივებს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ თურქეთის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თითქმის 2 პროცენტითაა შემცირებული, თუმცა უცხოელები აგრძელებენ აქტიურობას და წელს უძრავ ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული გარიგებების რიცხვი 15 პროცენტით, 46 000-ამდე გაიზარდა.
უცხოელი მყიდველებისთვის ყველაზე საინტერესო სტამბულისა და ანტალიის საცხოვრებელი ფართები აღმოჩნდა.
რამდენად აქტიურობენ რუსეთის მოქალაქეები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე და რომელი ქვეყნები ინტერესდებოდნენ ბინების შეძენით საქართველოში 2019 წელს, ამ თემაზე „კომერსანტი“უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრს ვაჟა მებაღიშვილს გაესაუბრა.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, უძრავი ქონების სააგენტო Noble Real Estate-ის დამფუძნებელი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე რუსების აქტივობის შემცირებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ისრაელის, ირანისა თუ ევროპულის ქვეყნები აქტიურობენ ძველებურად და უძრავი ქონების შეძენისას უპირატესობას ძველი თბილისის უბანს ანიჭებენ.
„საკმაოდ მაღალი იყო წელს მომართვიანობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე. გამოვყოფდი რამდენიმე აქტიურ ქვეყანას როგორც აღმოსავლეთ ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, დაინტერესებაა საფრანგეთიდანაც, ისრაელიდანაც, ირანიდანაც, ყატარიდან. ძირითადად უცხოელებს ძველი თბილისის ტერიტორია აინტერესებთ.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების აქტიურობას ჩვენი უძრავი ქონების ბაზარზე, წლის ბოლოს ივნისის მოვლენების გამო შემცირებულია. თუმცა, აღნიშნულ პერიოდამდე საკმაოდ აქტიურობდნენ და ძვირადღირებულ აქტივებს იძენდნენ. საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ზაფხულის პერიოდში ზღვისპირა ქალაქებზე, სხვა დროს თბილისი, ძველი თბილისი, მთაწმინდა, ვერა, ვაკე და საბურთალო.“ - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
2019 წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილი 8% იყო - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის განახლებულ კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.
მარიამ მორგოშია