რუსეთი და სამხრეთ კავკასია: ძალა პრესტიჟის გარეშე

რუსეთი და სამხრეთ კავკასია: ძალა პრესტიჟის გარეშე

access_time2022-08-13 22:30:45

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის შენარჩუნებას ფართო ევრაზიულ ჭრილში განიხილავს – დარჩეს მთავარი ძალა იმ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. კოლექტიურ დასავლეთთან მეტოქეობა, დიდი ძალის სტატუსის შენარჩუნების/აღდგენის სურვილი და, რაც მთავარია, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ სწრაფვა, ეს არის ის საგარეო პოლიტიკური ელემენტები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ამბიციებს აყალიბებს.


თუმცა მოსაზრება, რომ რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ურყევია და რომ რეგიონი ისევ მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ქვეშაა გადახედვას საჭიროებს. მიდგომა უფრო ნიუანსური უნდა იყოს. საჭიროა რეგიონის უფრო გლობალურ ჭრილში განხილვა, რათა დავინახოთ როგორ ევოლუციას განიცდის მოსკოვის გავლენა და რა პერსპექტივები აქვს იმ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რომლის აშენებასაც კრემლი ცდილობს.


სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობაში რუსეთისთვის გეოგრაფია კრიტიკულ როლს ასრულებს. კავკასიის ქედი წარმოადგენს ერთადერთ დიდ გეოგრაფიულ ბარიერს, რომელიც რუსებმა იმპერიის შენების გზაზე გადალახეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ სამხრეთით იმპერიული ექსპანსია წამოეწყო, მარტივად შეეძლო ჩაკეტილიყო კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთ კავკასია ბუფერულ ზონად გამოეყენებინა. პრორუსულად განწყობილი ქართული და სომხური ქრისტიანული მონარქიების გაძლიერება/შექმნა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ბუფერულ ზონად გამოდგებოდა. თუმცა შავი ზღვის სანაპიროებზე გაბატონების სურვილი და სამხრეთით სავაჭრო გზებზე გასვლის ამბიციები რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ექსპანსიისკენ უბიძგებდა.


დღეს, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დომინირებას უფრო ფართო ევრაზიულ ჭრილში განიხილავს. მიუხედავად ამისა, მოსკოვს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია რეგიონისადმი საგარეო პოლიტიკის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. დაწერილი სტრატეგიის არქონა, მრავალი თვალსაზრისით, საშუალებას აძლევს რუსეთს განავითაროს საკმაოდ მოქნილი საგარეო პოლიტიკა. მოსკოვს შეუძლია ერთ შემთხვევაში მიმართოს სამხედრო ძალას, მეორეში კი დიპლომატიას, ან ეკონომიკურ სანქციებს. რუსეთის მიზნები საკმაოდ თანმიმდევრულია: სამხრეთ კავკასიაში ლიდერობის განმტკიცება და გარე აქტორების (ძირითადად, დასავლეთის) განდევნა.


რუსეთისთვის, სივრცეში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს შეადგენდა, დომინირება აუცილებელი პირობაა მრავალპოლუსიან სამყაროში დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად პოზიციონირებისთვის. თუმცა ამის მიღწევა სულ უფრო რთულდება. რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ევოლუციას განიცდის და ხშირად ახალ რეალობასთან მისადაგება მეტად ურთულდება. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასია, ძირითადად, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექტში განიხილებოდა, დღეს, ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ძალა არის ჩართული. აშშ, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ევროკავშირი და რუსეთი – ეს ძალები გასხვავდებიან სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით, მაგრამ 1990-იან წლებთან შედარებით ყველა მოთამაშე ბევრად აქტიურად არის ჩართული რეგიონის პროცესებში. სამხრეთ კავკასია უფრო „გლობალური“ გახდა, იქნება ეს ეკონომიკური კავშირებით, ინფრასტრუქტურით თუ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობით სხვადასხვა გლობალურ მოთამაშესთან.


აღნიშნული პროცესი მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების გამოძახილია. მსოფლიო ნელი ტემპებით მრავალპოლუსიან სივრცედ ყალიბდება. აზია დიდ ეკონომიკურ ძალას იძენს, რაც მის ცალკეულ მოთამაშეში (ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და სხვ.) სამხედრო პოტენციალში გადაიზრდება. მართალია ოცდამეერთე საუკუნე აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირების ხანა იქნება და მათ გარშემო ბევრი პატარა ქვეყანა შეიკვრება, ევრაზიაში ასევე იარსებებს სხვა რამდენიმე გეოპოლიტიკური ცენტრი. ინდოეთი, თურქეთი, ირანი და რუსეთი შეეცდებიან თავის გარშემო გავლენის სფეროების აგებას. იქ, სადაც ეს გავლენის სფეროები გადაიკვეთება (მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში), ორი ან მეტი რეგიონალური ძალა ახალი წესრიგის აგებას შეეცდებიან, რომელიც რეგიონალიზმის (არარეგიონალური ძალების, ანუ დასავლეთის განდევნა) პრინციპზე იქნება დაფუძნებული.


ამრიგად, დღეს, სამხრეთ კავკასია რუსეთ-დასავლეთის ორთაბრძოლის პარადიგმას გაცდა და უფრო გლობალური დაპირისპირების სივრცედ ჩამოყალიბდა. ეს პირდაპირ ურტყავს რუსეთის ისტორიულ ამბიციებს. რუსეთი ამ რეგიონს, იქნება ეს რომანოვების თუ მოგვიანებით ბოლშევიკების დროს, ექსკლუზიურად მართავდა. დღეს მას ამ ექსკლუზიურობაზე უარის თქმა უწევს.



მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც რუსეთი ეჯახება სამხრეთ კავკასიაში არის ამ რეგიონის ხელახალი მჭიდრო ურთიერთკავშირი მახლობელ აღმოსავლეთთან. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმით, რომ რეგიონში რუსეთი გაბატონდა, არამედ იმითაც, რომ, ფაქტობრივად, მოხდა სამხრეთ კავკასიის მახლობელი აღმოსავლეთისგან პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ჩამოშორება. ეს პროცესი მეტად გამძაფრდა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საზღვრები ირანთან და თურქეთთან პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო.


1990-ანი წლებიდან და განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მახლობელ აღმოსავლეთს. გეოგრაფიულად ეს ორი რეგიონი უფრო ახლოსაა და ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, ვიდრე რუსეთი და სამხრეთ კავკასია. ისტორიულად კავკასიონი გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა ევრაზიის სტეპებსა და სამხრეთ კავკასიას შორის, რაც არა მარტო ვაჭრობას, არამედ ახლო კულტურულ ურთიერთობებს ზღუდავდა. მახლობელი აღმოსავლეთი კი ის სივრცეა, რომელთანაც სამხრეთ კავკასიას ათასწლეულების განმავლობაში ყველა სახის მჭიდრო კონტაქტი გააჩნდა.


იქნება ეს სირიის სამოქალაქო ომი და სამხრეთ კავკასიიდან წასული მეომრების საკითხი, თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგო და სამხედრო თანამშრომლობა, თუ ირან-სომხეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური კონტაქტები, სამხრეთ კავკასია დღეს, უბრუნდება იმ ისტორიულ ნორმას, რომელიც ამ რეგიონისთვის იყო დამახასიათებელი. რეგიონის ისტორიაში ეგრეთწოდებული „რუსული პერიოდი“ სრულდება და ხელახლა იწყება სამხრეთ კავკასიის მახლობელ აღმოსავლეთთან მჭიდრო დაკავშირება.


რუსეთს თავისი დაკნინებული პოზიციების დასაცავად სულ უფრო მეტად ესაჭიროება ხისტი პოლიტიკის გატარება. მართლაც, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედრო ელემენტზე აქცენტის გაკეთება მკვეთრად გაიზარდა. სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენს დიდ რეგიონს და მაინც მასზე კონტროლის დასამყარებლად მოსკოვს ოთხი სამხედრო ბაზის ყოლა ესაჭიროება. მსოფლიოში რთულად მოიძებნება რომელიმე სხვა ასეთი მაღალი სამხედრო კონცენტრირების მქონე პატარა გეოგრაფიული სივრცე.


დიდი მოთამაშის მიერ საგარეო პოლიტიკაში სამხედრო ელემენტის წინ წაწევა კი უფრო სისუსტის გამოხატულებაა, ვიდრე უპირატესობის. რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა ის პრესტიჟი, რომლითაც ის სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მოახერხებდა საკვანძო პრობლემების მოგვარებას. ეს კარგად ჩანდა 1990-იან წლებში, როდესაც ვერ მოხერხდა საქართველოსთან ურთიერთობების ისე დალაგება, რომ თბილისს უარი ეთქვა ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობაზე, ხოლო 2008 წელს კი საქართველოში შეჭრის გარეშე გადაეწყვიტა არსებული ორმხრივი პრობლემები. კიდევ ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის საკითხი. 2020 წელს დაახლოებით 2000-მდე რუსი სამშვიდობოს ჩაყენებას კონფლიქტის ზონაში თითქოს უნდა დაემშვიდებინა არსებული ვითარება, თუმცა მოხდა საპირისპირო რამ. ე. წ. „რუსული მშვიდობა“ უფრო მოსკოვის გეოპოლიტიკურ გეგმას წარმოადგენდა თუ როგორ შეენარჩუნებინა გავლენა თავის სამეზობლოში კიდევ ერთ სეპარატისტულ კონფლიქტზე. შედეგად, ერევანი, ბაქო და ყარაბაღელი სომხებიც კი მოსკოვს თავისი სამშვიდობო ვალდებულებების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.


რუსეთი არაორდინალურ ძალას წარმოადგენს. ის არ ჯდება არც დიდი ძალების (აშშ და ჩინეთი) კლასიფიკაციაში, ან ისეთი მოთამაშეების რიცხვში, როგორებიც არიან თურქეთი, ირანი ან ინდოეთი. რუსეთი არც ჩინეთისნაირად ძლიერია და არც ირანის მსგავსად სუსტი. ის უფრო ჰიბრიდული ტიპის ძალას წარმოადგენს და დაახლოებით შეიძლება დიდ ძალასა და რეგიონალურ მოთამაშეს შორის კლასიფიცირდეს. რუსეთის მთავარი უპირატესობა თავისი მეზობლების სამხედრო და ეკონომიკური სისუსტეა, ვიდრე საკუთარი რესურსების (დიდი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო პოტენციალი) სიჭარბე. როგორც კი რუსეთი ამ ბალანსის დარღვევის მცდელობებს ხედავს, ის სამხედრო ძალას იყენებს. ასე მოხდა 2008-ში საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში.


მაგრამ მხოლოდ ეს სამხედრო და ეკონომიკური კომპონენტები არ კმარა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისი ძალაუფლების გრძელვადიან პერსპქტივაში შენარჩუნება. საჭიროა პრესტიჟის ქონა. ბევრი ამ კომპონენტს რბილ ძალას არქმევს, ჩვენ კი გეოპოლიტიკურ პრესტიჟში რამდენიმე კომპონენტის ნაკრებს ვგულისხმობთ, რომელიც ჯამში შენს მეზობლებს უარს ათქმევინებს შენთვის მიუღებელ ქმედებაზე. მეტიც, შენს მეზობლებს მხოლოდ სამხედრო კომპონენტის გამოყენების შიშით არ უნდა უწევდეთ უკან დახევა. რუსეთის შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოსკოვისადმი უნდობლობა პიკს აღწევს. რუსეთი თავის პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ სამხედრო ბაზების განლაგებით ახერხებს და რთულად წარმოსადგენი არ არის რა მოხდება თუ მან უკრაინაში სრული სამხედრო წარუმატებლობა განიცადა.


მრავალი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რუსული წესრიგი სამხრეთ კავკასიაში არამყარია. ის არ ეფუძნება რაიმე გრძელვადიან გეგმას, გარდა რეგიონიდან დასავლეთის გაგდების სურვილისა. აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი არ მიიჩნევენ რუსეთს მშვიდობის გარანტად. მოსკოვი არც ეკონომიკურად მიმზდველი აქტორია, განსაკუთრებით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. რუსეთი სულ უფრო მეტად ხისტ ძალას მიმართავს არსებული გავლენის შესანარჩუნებლად. 2008-ში საქართველოს და 2020 წელს კი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნა უფრო სისუსტის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე რეალური, გეოპოლიტიკური პრესტიჟის მქონე ძალის ქმედებებად. ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ სხვა აქტორებეთან, იქნება ეს თურქეთი, ჩინეთი თუ ევროკავშირი. რეგიონის გეოპოლიტიკის „დივერსიფიცირება“ მნიშვნელოვნად კვეცავს რუსეთის ამბიციებს და ფუნდამენტურად ცვლის კრემლის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიისადმი.


ემილ ავდალიანი
ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი;

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up