კრიზისმა და პანდემიამ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან სამომხმარებლო სესხების აღების სურვილზე გავლენა მოახდინა - სულ უფრო ხშირად ისინი უკვე დამტკიცებული კრედიტების აღებისგანაც კი იკავებენ თავს - ასეთია საკრედიტო ისტორიების ბიურო „ეკვიფაქსის“ მონაცემები.
ბიუროს ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში რუსეთის ბანკების კლიენტებმა დამტკიცებული სესხების მხოლოდ 40% აიღეს - მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა.
ეს 40%-ი საშუალო წლიური მაჩვენებელია და იანვარ-თებერვლის, ანუ პანდემიამდელ მონაცემებსაც შეიცავს. პანდემიის და მისი შემდგომი პერიოდის სტატისტიკა გაცილებით უფრო რადიკალურია - მაისში დამტკიცებული სესხების აღების მაჩვენებელმა მხოლოდ 29% შეაგინა - ეს ბოლო ათწლეულების მინიმუმია.
ივნის-აგვისტოში ვითარებამ გამოსწორება დაიწყო, თუმცა, კრიზისამდელ რიცხვებამდე ჯერ ძალიან შორსაა.
„რაიფაიზენ ბანკი“-ს საცალო სესხების განყოფილების დირექტორის ანდრეი სპივაკოვის აზრით, დაკრედიტებაზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ვარდნა პირდაპირაა დაკავშირებული პანდემიასთან.
„მწვავე გაურკვევლობის პერიოდში ადამიანები ხარჯების შემცირებას ცდილობენ და საკრედიტო ვალდებულებების მომატება არ სურთ. ამიტომაც, აპრილ-მაისში ბევრი კლიენტი ბანკებში უბრალოდ არც მივიდა. დღეს ვითარება ცოტათი უკეთესია, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაურკვევლობა არსად გამქრალა. სესხებზე სრულფასოვანი მოთხოვნა მხოლოდ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ აღდგება“ - მიიჩნევს ის.
მისი თქმით ამჟამად აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, და პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად დაკრედიტების შემცირების მეორე ტალღა არ ფიქსირდება.
შემცირების გამოწვევა ობიექტურ სირთულეებსაც შეეძლო - მიიჩნევს ბანკ «Зенит»-ს საცალო სესხების დეპარტამენტის უფროს ანდრეი აფანასიევი.
„კერძოდ, ეს სირთულეები ბანკში მისვლასთან იყო დაკავშირებული, რაც 2 თვის მანძილზე მკაცრი შეზღუდვების პირობებში დიდი პრობლემა იყო. ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს მოქალაქეები სესხებს ნაკლებად იღებენ - ეს უფრო ტექნიკური პრობლემა იყო, ვიდრე რეალური ვარდნა“ - ამბობს ის.
RBC.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ