ვფიქრობ, რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო აქტიური იქნება -კახური ყურძენი და კახური ღვინო საქართველოს პასპორტია საერთაშორისო არენაზე“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კახეთში, ყარაჯალაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გამყრელიძის შეფასებით, რთველი წარმატებით სრულდება.
„მოგეხსენებათ, კახეთში ახლა რთველია. რთველი წარმატებით სრულდება და ყველას გვიხარია. მოგეხსენაბთ, რომ კახური ყურძენი და კახური ღვინო საქართველოს პასპორტია საერთაშორისო არენაზე. ეს პროცესი სრულდება, როგორც მეუბნებიან ძალიან წარმატებით, დიდი მოსავალია. ვფიქრობ, რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო აქტიური იქნება, ასე გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე “, - აღნიშნავს გამყრელიძე და დასძენს, რომ თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და დააზუსტა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.
„მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური. ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.