3 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 238 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 161 ათასი ტონა რქაწითელი, 64 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 250 მლნ ლარს აღწევს. მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.