რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს მსოფლიოში გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა, ახლა კი, როცა შეზღუდვები იხსნება, გარემოს მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მოქცევაა საჭირო.
რომის პაპმა ტრადიციული საკვირაო მიმართვისას ყურადღება სწორედ გარემოს დაცვაზე გაამახვილა.
„კიდევ ერთი ასპექტი, რაშიც პანდემიამ ჩვენზე გავლენა იქონია, არის ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობა. კარანტინმა შეამცირა გარემოს დაბინძურება და კიდევ ერთხელ გამოავლინა მოძრაობისგან და ხმაურისგან თავისუფალ გარემოში ბევრი ადგილის მშვენიერება. ახლა, საქმიანობის განახლებასთან ერთად, ჩვენ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე“, - განაცხადა ფრანცისკემ.
აქვე, რომის პაპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ლტოლვილების დაცვის აუცლებლობაზე, განსაკუთრებით ახლა, როცა კორონავირუსის კრიზისმა ლტოლვილების ღირსებისა და უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობა გამოკვეთა.
IPN