ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში რამდენიმე რესტორანი და კაფე-ბარი დააჯარიმეს. მათ შორისაა, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავე ობიექტები, „შადრევანი“, „ქენდი“, „ეკუნა გაჩეჩილაძის ტაკერია“, „პინცერია ბონ ტემპი“. დაჯარიმებულთა სიაშია კაფე-ბარი “პოლიტიკა” . ასევე დააჯარიმეს „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ობიექტი, ერთ-ერთი კაფე-ბარი „მულენია“.
„კომერსანტი“ დაინტერესდა,რამდენად რელევანტურია რესტორნებისთვის დაწესებული ჯარიმები. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე გვესაუბრა.
„სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვსწავლობთ არსებულ რეალობაში ცხოვრებას. რადგან მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომ უნდა შემოწმდეს რესტორნები და კაფე-ბარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიხვიდე და 10 000 ლარიანი ჯარიმა დაუწესო ობიექტს პირველივე ჯერზე. ამით, ბიზნესს ღიად უცხადებ, რომ დაიხუროს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი, სამინისტროს წინ არანაირი რეგულაცია, არც დისტანცია არც დეზობარიერი არაფერი არ იყო მოწესრიგებული, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებდა წესები. აქაც ვერ იცავენ დისტანციას და სხვა ობიექტებს აჯარიმებენ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანას 3 მლნ. ტურისტი აკლია და ბიზნესი ცდილობს ვალის ხარჯზე დაიწყოს საქმიანობა, ამ დროს მსგავსი ჯარიმა არალერევანტურია. ის რაც დღეს მოხდა ჩემი აზრით არის, ბიზნესის მოსპობა. რადგან 16 ობიექტი გაწირეს ჯარიმის რაოდენობის გამო,“-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა.
ნათია ლომიძე