ინტერვიუ ეკონომისტ რომან გოცირიძესთან
- არის თუ არა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გადავადება გასაგები?
- გადავადების საფუძველი გაუგებარია, ვინაიდან მთავრობა ამბობდა, რომ მზად იყო შეეკვეცა დაახლოებით 400 მილიონი ბიუჯეტში, ვინაიდან მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია იწვევდა ნახევარ წელიწადში ამ ოდენობის თანხების დანაკლისს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ არ უნდათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. არჩევნების წინ აღმოჩნდა, რომ არ არის კარგი მათი განაწყენება, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ფულს და ასეთი რამ მოიფიქრეს. მე მიკვირს რატომ ითამაშა ასოციაციამ ასეთი როლი, ასოციაცია როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს წარმოადგენს მთელ ქართულ ბიზნესს.
- მხოლოდ ასოციაცია არ იყო, ამერიკის სავაჭრო პალატაც იყო და სხვა ასოციაციაც.
- ვისაც არ უნდა კითხოთ თუ რატომ მოითხოვეს გადავადება, არ არის ერთი მეწარმეც კი, რომელიც დასაბუთებულად გეტყვით თუ რა არის ის დისკომფორტი, რომელიც ექმნება მეწარმეს იმის სანაცვლოდ რომ მას დარჩეს ნახევარი მილიარდი ლარი წელს.
- მათი არგუმენტები იყო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჭირდებოდა ახალ წესთან ადაპტაცია და ვინაიდან შუა წელიწადში ხდება, გართულებული იქნებოდა ხარჯების ადმინისტრირება.
- ეს არ არის არგუმენტი. არ აქვს მნიშვნელობა წლის დასაწყისში მოხდება თუ შუა წელში, პრობლემები, რომელიც რეფორმას ახლავს, იქნება მუდმივად. ყველას უხარია და გონია, რომ აყვავდება ყველაფერი, მაგრამ ესტონური მოდელი არის მორიგი ცრუ ილუზია. რა პრობლემაც ასოციაციამ დაინახა. ეს იქნება წინ და კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება. ამ მოდელის შემთხვევაში ინგრევა მთელი საგადასახადო მოგების სისტემა, იქნება უამრავი ხვრელი, ოფშორში გატანის უამრავი მცდელობა და მე თუ მინდა დივიდენდი, არ გადავიხადო წავიღებ ოფშორში რომელიღაც ფირმაში. თუ ოფშორებს ჩავკეტავთ, მე ყოველთვის გავაცოცხლებ ფულს და დაიწყება ფულის გაცოცხლების საბჭოთა მექანიზმი. ასევე შეიქმნება უზარმაზარი ბიუროკრატია, დაიწყება საწარმოების შემოწმება და დაჯარიმებები.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ მოლოდინი ჯარიმების პრობლემის გაუქმებასთან დაკავშირებით არასწორია?
- პირიქით, აქ უკვე იქნება ბუღალტრული შემოწმება, იყო თუ არა ეს ინვესტიცია. მაგალითად უნდა ვიყიდო ტრაქტორი, გადავრიცხე უცხოეთში ფული, სანამ ეს ტრაქტორი არ შემოვა, ეს არის უცხოეთში ფულის გატანა და მე უნდა მაკვირდებოდეს ვიღაც. თუ ტრაქტორი შემოვიტანე, ჩამეთვლება ინვესტიციაში. მთავარი ამის მიზანი იყო, რომ მოგების გადასახადი დივიდენდად არ გაეტანა ვინმეს და ფული დარჩენილიყო ადგილზე. ეს არ არის რეინვესტირებული მოგების გადასახადი, უბრალოდ დივიდენდად არ გატანის გადასახადია. მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია მთავრობის გათვლებით იწვევს დაახლოებით 500 მილიონი ლარის დაზოგვას და ის დარჩება საწარმოში. რა არის 500 მილიონი ლარი? დღეს 1 მილიარდის მოგების გადასახადს ვიხდით. შეამცირე მოგების გადასახადი – დღეს არის 15%, გახადე 10%. საგადასახადო კოდექსში წერია, რომ ჩვენი საშემოსავლო გადასახადი არის 15% და ვიხდით 20% და ხდება მუდმივი გადავადება. გაცილებით მეტად შემცირდება საგადასახადო ტვირთი, ვიდრე სისტემის არევით და დაშლით.
- უნდა შეიკვეცოს თუ არა წელს ბიუჯეტის ხარჯები?
- 1 თვის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 400 მილიონით შეკვეცავს. აქ იყო საუბარი არა მხოლოდ მოგების გადასახადის ამოქმედების გამო, არამედ იმის გამო, რომ ფასების ზრდა არ მომხდარიყო და ყოფილიყო მაკროეკონომიკური წონასწორობა და ნაკლები ზეწოლა ლარზე. დღეს აღმოჩნდა, რომ არც ლარზე ფიქრობენ, არც ფასებზე და ლარი როგორ თამაშობს ვხედავთ. 400 მილიონით ბიუჯეტის შეკვეცა ეს იყო ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მთავრობამ წელს გაზარდა ბიუჯეტი 600 მილიონით წინა წელთან შედარებით. 3%-მდე ზრდა დაგეგმილია, რომც გაიზარდოს ეს ბიუჯეტი, დოლარში გადაყვანილი ბიუჯეტი არის დაახლოებით 50%-ით ნაკლები ვიდრე იყო 2 წლის წინ.
- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მაისში დაგეგმილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლა, როგორ ფიქრობთ წარმატებული იქნება?
- მისიასთან ურთიერთობა მთავრობას ჩაუვარდა 2-ჯერ. მოგების გადასახადი იქნება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სავალუტო ფონდთან საუბრისას. მეორე იქნება ბიუჯეტი, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი არ იძლევა ლარის სტაბილურობის გარანტიას. ლარის რყევა პირდაპირ არის დაკავშირებული ბიუჯეტში დეფიციტურ ხარჯვასთან.