„საქართველოს ავიახაზებმა“ (Georgian Airways ) ევროპის მიმართულებით გარკვეული ფრენები დროებით შეამცირა, ნაწილი კი საერთოდ გააუქმა. მიზეზად კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოს ავაიაბაზარზე არსებულ უსამართლო კონკურენტულ გარემოს ასახელებს და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესომბუდსმენს პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ამის შესახებ Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ შეაჩერა ქართულმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ ფრენები ბოლონიის, ბარსელონას, ბრიუსელის, პრაღისა და ლონდონის მიმართულებით. ბოკერიას განმარტებით, ფრენების შეჩერების მიზეზი მთავრობის მიერ ქართული ავიაკომპანიის მიმართ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკაა, თუმცა შეჩერებული რეისები დეკემბერში ისევ აღდგება.
„ჩვენ შევწყვიტეთ ფრენები ევროპის მიმართულებით, როგორიცაა ბოლონია, ბარსელონა, ბრიუსელი, პრაღა, ლონდონი. ეს დროებითი მოვლენაა, რადგან დეკემბერში მგზავრთა ნაკადი ისევ გაიზრდება, მაგრამ ეს შეჩერებაც არ უნდა მომხდარიყო. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ საქართველოს ავიასივრცეში არაჯანსაღი, მე ვიტყოდი არაკეთილსინდისიერი კონკურენტული გარემოა. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ჩავდეთ ევროპის მიმართულების განვითარებაში. ეს არის ბიზნესპროექტი და იგულისხმება, რომ ჯერ თანხებს აბანდებ და მერე მოგებას იღებ. შესაბამისად, ის მიმართულებები, როგორიცააა – ვენა, ბრიუსელი, პრაღა, პარიზი, ბერლინი, ბოლონია, ბარსელონა, ლონდონი 20 მილიონით დავაფინანსეთ, რომ აგორებულიყო და შემოსავალი მოეტანა. მაგრამ, როცა ეს რეისები პოპულარული გახდა, დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ „ვიზეარმა“ (Wizz Air) ჩვენს დაძრულ რეისებზე დაიწყო ფრენა. გარდა ამისა, მთავრობა აღნიშნულ მიმართულებებზე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიების თანადაფინანსებას ახდენს, როგორიცაა Wizz Air-ი და ახლა უკვე „რაიანეარიც“ (Ryanair-ი). ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ჩამოსულ მგზავრზე მთავრობა 60-დან 70 ევრომდე აფინანსებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ იყოს კონკურენტული და სამართლიანი საბაზრო ეკონომიკის პირობები, რათა ეროვნული ავიახაზები არ იყოს დაჩაგრული. ჩვენ დღეს დაჩაგრული ვართ“,- განაცხადა ბოკერიამ.
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიამ წერილი მისწერა როგორც ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ისე ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, თუმცა ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს. ბოკერია აღნიშნავს, რომ სამართლიანი კონკურენციის დასამკვიდრებლად მთავრობის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ახალ ბიზნესომბუდსმენს მოუწოდებს, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს.
„იმედი გვაქვს, რომ ომბუდსმენთან ერთად ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი ეკონომიკის მინისტრი ყურად იღებს ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანიის პრობლემას. „აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით ჩვენ ერთადერთი ქართული წარმომადგენელი ვართ. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარგი და კომპანია და ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მინდა, მივმართო საქართველოს ახალ ბიზნესომბუდსმენს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უსამართლო კონკურენტული გარემოს საკითხი გადაწყვიტოს“, – განუცხადა რომან ბოკერიამ „ბიზნესპარტნიორს“.
1tv.ge