„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების გაზრდას.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება და ტარიფის ზრდა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა. AviaNews-ის ინფორმაციით, ტარიფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითო გატარებულ მგზავრზე ნაცვლად 3.7 ევროსა, 6,2 ევროთი განისაზღვრება.
Georgian Airway-ის დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით კომპანია უსაფრთხოების გაზრდილ გადასახადს გადაიხდის მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიის მძიმე ფინანსურ და ეკონომიკური მდგომარეობისთვის არც ისე სასიამოვნო სიახლეა.
„მიუხედავად ნებისმიერი ეკონომიკური, ფინანსური თუ პოლიტიკური პრობლემებისა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის მგზავრთა და ჩვენი ხომალდების ფრენის უსაფრთხოება. ამ ტარიფებს რაც შეეხება, ჩვენ იმას გადავიხდით რაც საჭიროა და რაც დაწესებული იქნება. თუმცა, იმის გამოთვლა, თუ რამდენად სწორი და რეალურია ამ ტარიფის შემოღება, საკითხავია.“- ამბობს რომან ბოკერია.
გადასახადის მოცულობის ზრდას შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში გააჟღერა და საავიაციო უშიშროების მოსაკრებლის ზრდის შესახებ ინფორაცია ავიაბიზნესს სპეციალურ შეხვედრაზე მიაწოდა. თბილისის აეროპორტის მსგავსად მოსაკრებელზე ფასი გაიზრდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშც, სადაც გატარებულ საერთაშორისო მგზავრს გადასახადი 1 დოლარით ძვირდება და 1-ელი თებერვლიდან 5.5 დოლარი იქნება. ასევე 1 დოლარიანი ზრდა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და თითო გატარებულ მგზავრზე გადასახადის ოდენობა 4 დოლარით განისაზღვრება.
მარიამ მორგოშია