კორონავირუსის პანდემიის პირობებში საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირების გამო კომპანია Rolls-Royce-ი სულ მცირე 9 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი ბიზნესის რეორგანიზაციას ვგეგმავთ, რათა მოთხოვნის ახალ დონეს ვუპასუხოთ. შედეგად, მოველით, რომ სულ მცირე 9 000 სამუშაო ადგილი გაუქმდება“, - განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიაში არ დაუზუსტებიათ, თუ სად მოხდება სამუშაო ადგილების შემცირება, თუმცა აღნიშნეს, რომ Rolls-Royce-ის ავიაციურ-კოსმოსური სეგმენტი რესტრუქტურიზაციას გაივლის, რადგან კომერციულ საავიაციო ბაზარს წლები დასჭირდება, რათა კორონავირუსამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
„მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები ბიზნესის სექტორს მოკლევადიან პერსპექტივაში ეხმარებიან, თუმცა საბაზრო პირობებს უნდა ვუპასუხოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მანამ, სანამ მსოფლიო ავიაცია კვლავ არ დაიწყებს ფუნქციონირებას სრული ძალით“, - დასძინეს კომპანიაში.