მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონი 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდა. რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა იურისტმა ზურაბ ახალაძემ დეტალურად განმარტა ის პროცედურები, რისი გავლაც მომხმარებელს ნივთის დაბრუნებისას უწევს.
ზურაბ ახალაძის თქმით, თუ შეძენილ ნივთს ხარვეზი აღმოაჩნდა, კანონი ითვალისწინებს, რომ მოვაჭრეს ამ ხარვეზის გამოსწორება, ან ნივთის დაბრუნება მოვთხოვოთ. ამ შემთხვევაში მარეგულირებელ ორგანოდ კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა.
„განაცხადის ფორმა სააგენტოს საიტზე დევს. განცხადებაში უნდა მივუთითოთ მომხმარებლისა და მოვაჭრის ვინაობა, დავის საგანი, რა შემთხვევაში დაირღვა მომხმარებლის უფლება და რით ამტკიცებს, რომ ის დაირღვა. შევსებული ფორმა შეგვიძლია მივიტანოთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ან ხელი მოვაწეროთ, დავასკანეროთ და გავგზავნოთ მეილზე. სააგენტომ 1 თვის ვადაში უნდა განიხილოს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. გამონაკლის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს
.
10 სამუშო დღეში მომხმარებელს ექნება ინფორმაცია, რომ სააგენტომ საქმე წარმოებაში მიიღო, ან არა. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს, ის 3 კალენდარულ დღეში დაუკავშირდება მოვაჭრეს, რომ მან თავისი პოზიცია 5 სამუშაო დღეში დააფიქსიროს. თუ სააგენტო დაადგენს, რომ მომხმარებლის უფლება დაირღვა, პირველ ჯერზე მოვაჭრეს გაფრთხილებას მისცემს, განუსაზღვრავს რა ტიპის დარღვევა ჰქონდა, აუხსნის როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. თუ არ გამოასწორა, ან თუ ხელმეორედ ჩაიდინა იგივე ტიპის დარღვევა, ჯარიმის სახით წინა წლის ფინანსური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ს გადაიხდის,“ — განაცხადა ზურაბ ახალაძემ
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა