„როგორც კი რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყება, ანაკლია აქტუალობას დაკარგავს“

„როგორც კი რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყება, ანაკლია აქტუალობას დაკარგავს“

access_time2019-09-16 12:00:16

12 სექტემბერს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო დააფუძნა და ოქტომბერში პარტიის დაფუძნებაც დააანონსა.


მან ტელეინტერვიუებში ბევრ თემაზე ისაუბრა, თუმცა კვირის პალიტრასთან მრავალ ისეთ საკითხზე ლაპარაკობს, რომლებზეც ტელეეთერში არ უთქვამს და ეს განცხადებები დიდ რეზონანსს გამოიწვევს ქართულ პოლიტიკაში.


- თქვენ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამეფებული. სხვათა შორის, ეს ნიჰილიზმი, პირველ რიგში, პოლიტიკას ეხება. საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებს იმ ადამიანების რეალურ მიზნებსა თუ გულწრფელობას, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან. თქვენ მიმართაც არის კითხვები: მაგალითად, ხვალ რომ ანაკლიის პრობლემა მოგვარდეს, ან პროკურატურამ ბრალი მოგიხსნათ, პოლიტიკურად ისევ აქტიური დარჩებით?


- ნაბიჯი, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად გადავდგი, ბევრად დიდ მიზანს ემსახურება. რაც შეეხება ნიჰილიზმს, ის ყველაზე დიდი მტერია ყველა საქმეში. ჩვენ საქართველოში სიღარიბესა და საზოგადოდ, უსაგნო საუბარს შევეჩვიეთ. უსაფრთხოების მიმართ სხვაგვარი განცდა ჩნდება. ეს შემოიფარგლება იმით, რომ ერთ ოთახში ადამიანები მშვიდად სხედან და საუბრობენ. დიახ, აუცილებელი პირობაა ქუჩაში მშვიდობა იყოს, თუმცა უსაფრთხოების განცდა მოიცავს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. როდესაც ამას ვერ ხედავ და ამის გზამკვლევიც არ ჩანს - არ არსებობს რუკა, თუ როგორ უნდა გაძლიერდე სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკაში, ლარის კურსში, სამუშაო ადგილების შექმნაში - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ. არ არსებობს კონკრეტული გეგმა, ლიდერები, რომელთაც ქვეყნის სწორი გზის პოვნა შეუძლიათ. სწორედ ამის შედეგია ნიჰილიზმიც. კომფორტის კი არა, ცუდი კომფორტის ზონიდან გამოსვლისაც გვეშინია, ანუ იმ ცუდი რეალობის დაკარგვისა, რომელიც გვაქვს. ადამიანები ფიქრობენ, იქნებ თავი გავიტანო, ის სოციალური დახმარება თუ რაღაც წყალობა, რომელსაც სახელმწიფო მაძლევს, შევინარჩუნოო. ხალხს იმ მინიმუმის დაკარგვისაც ეშინია, რადგან პოლიტიკური არჩევანი არა აქვს. ორპოლუსიან სისტემაში ვართ - ის ორი ძალა თითქოს ერთმანეთს ჭამს, თუმცა სინამდვილეში ერთმანეთს ასაზრდოებენ. ასე რომ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არც ანაკლიის პორტის თემასთან და არც პროკურატურასთან არ არის კავშირში. ღმერთმა დაიფაროს, ანაკლიის პრო­ე­ქტს­ რამე შეემთხვას ან არ განხორციელდეს. ეს მამუკა ხაზარაძის კი არა, ქვეყნის მარცხი იქნება. ანაკლია ჩვენი ქვეყნისთვის შემოტრიალების წერტილია.


მე პროექტსა და ბანკშიც ჩემი თანამდებობა მქონდა, ამ ყველაფერს კი იმიტომ გავემიჯნე, რომ ბრძოლა მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ არ დაწყებულა, - ჩვენი გაკეთებული საქმეებიც მიაყოლეს. ერთი სიტყვით, რადგან ამ მდინარეში შემოვედი, ჩემი გონება ძალიან მარტივად გადავრთე იმაზე, რომ ბიზნესის კეთება კი არა, უფრო დიდი ამოცანები მაქვს გადასაწყვეტი ჩემს მეგობრებთან ერთად. ყველა ნაბიჯი რაღაცით უნდა იზომებოდეს. 10-15 წლის წინ წასული და სხვა ქვეყანაში რეალიზებული ემიგრანტები რომ ქვეყანაში დაბრუნდებიან, ეს იქნება ჩვენი რეფორმების წარმატებულობის ნიშანი...


ყველაფერი ერთი ოთახიდან დავიწყე, 15-20 კაცის მოდელზე მორგებული პროექტით და შემდეგ მისი დუბლიკაცია მოვახდინე. მთავარია ფუნდამენტი სწორი იყოს. პოლიტიკაშიც ასეა - მოსახლეობას კი არ უნდა შევპირდეთ, მოვალთ და ორ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნებაო, ის ჩვენი იდეების თანაავტორი უნდა გავხადოთ და ქვეყანა მათთან ერთად უნდა შევცვალოთ. ამისთვის, უპირველესად უნდა გავაანალიზოთ, სად ვდგავართ. წარსულზე საუბარს შევეშვათ და მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული.

- თუმცა ამ ყველაფრის რეალიზაციას სჭირდება არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, შემდეგ კი მთავრობის დაკომპლექტება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ იქნებით პრემიერ-მინისტრი?


- მე გუნდური მოთამაშე და, იმავდროულად, ლიდერი ვარ, რაც თანამდებობა კი არა, ის ადამიანია, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, ათი კაციდან ერთ-ერთი პირველია, ვინც ტანკს პირველი შეუვარდება. დიახ,…მხოლოდ რეგიონის კი არა, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი წარმატებული კომპანია დავაფუძნე, 10 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენი, 6 მილიარდი შემოვიტანე და საქართველოს ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი, მაგრამ ამ წარმატებას გუნდურად, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სხვა თანამშრომლების ერთობლივი მუშაობით, მაღალი ხარისხის გამჭვირვალობით მივაღწიეთ. როდესაც ორი მილიონი კლიენტი გყავს და ქვეყნის 40% ფულს შენს ბანკში ინახავს, ეს ნიშნავს, რომ გენდობიან.


ჩვენი ქვეყნის რადიკალურად უკეთესობისკენ შემოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით შეიძლება. იგივე პარტიის გამჭვირვალობა არ ნიშნავს ტელევიზიაში გამოსვლას. ეს არის პროცესის თანაავტორობა. ამომრჩეველმა თავად უნდა აირჩიოს, ვინ იქნება პარტიის წამყვანი ბირთვი. ამიტომ როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი იქნება... იქნებ 30 წლის შემდეგ მაინც დავამთავროთ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა, რადგან ყოველთვის უკუშედეგი მივიღეთ, ინსტიტუციურად ვერ განვვითარდით. საგარეო ორიენტაციაში დავიბენით ან დაგვაბნიეს. რუსული რბილი ძალა დღეს ისეთი ძლიერია, ბოლო წლებში რომ არ ყოფილა. ნიჰილიზმისა და საზოგადოების დასაყოფად ძლიერი პროპაგანდა მიმდინარეობს, რადგან დაყავი და იბატონეს პრინციპი აპრობირებული აქვთ...


- თქვენს შესაძლო პრემიერობაზე გკითხეთ.


- გაზაფხულზე ასევე პირველად შევქმნით ჩრდილოვან კაბინეტს, რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი ან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნება მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება. თუმცა იმ პირთა რესურსი, ვინც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, გარდამავალ ეტაპზე აუცილებლად საჭირო იქნება და მათი ხელის ერთი მოსმით გაშვება გამორიცხულია...


- თქვენს ტელეინტერვიუებში დასახელებულ პირთაგან თითქმის ყველამ გაგცათ პასუხი. დავიწყოთ ვანო ჩხარტიშვილით, რომლის თქმითაც, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვენი ბანკის მეშვეობით წაართვა მას ფოთის ნავმისადგომი და წისქვილკომბინატი, რომლის დაბრუნებასაც ცდილობდა და ბიძინა ივანიშვილი საქმეს კი არ არჩევდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა. მისივე თქმით, უკან იმიტომ დაიხია, რომ საინვესტიციო გარემო არ დაზარალებულიყო. მან ისიც შეგახსენათ, რომ 2007 წელს სააკაშვილისგან ღირსების ორდენი გაქვთ მიღებული.



- ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა, ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა. ასევე, გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, რომელსაც მეგობრობას ეფიცებოდა და ვიცით, როგორც დასრულდა ყველაფერი. არ მინდა სიღრმეებში წასვლა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილს 30 მილიონი ეკუთვნოდა და რადგან უცებ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დაფიქრდა, ეს თანხა ვინმეს აჩუქა?


- ჩხარტიშვილის თქმით, დავა 18 მილიონს ეხებოდა....


- თუნდაც ეს თანხა იყოს... ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს?.. როდესაც ორი კაცის შერიგება გინდა და შეხვედრაზე პროკურორს ახვედრებ, ამას კაცურადაც ცუდი სახელი ჰქვია. სჯობს, სიღრმეებში არ ჩავიდნენ და აქ გაჩერდნენ, თორემ გადაიჩეხებიან.



- მრავლობითში ვის მიმართავთ?


- მივმართავ ოცნების იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც პროკურორის ფუნქციები შეითავსეს და მე და ბადრი ჯაფარიძე მაღალი ტრიბუნებიდან სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში დაგვადანაშაულეს. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება და ამის შესაცვლელად აუცილებლად მივიღებთ ისეთ კანონს, რომ შინ წასვლა მოუწევთ. გენერალურ პროკურორს საზოგადოებას ავარჩევინებთ, რადგან ამ პოსტზე ისეთი პირი უნდა იყოს, ვისაც ხალხი ენდობა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რათა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს.


- 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეც გკითხავთ, რომელიც პროკურატურას საეჭვოდ მიაჩნია. საზოგადოების ნაწილის ვერსიით, ეს 17 მილიონი სააკაშვილის ხელისუფლებამ წაიღო.


- სიცრუეა.


- მაშინ რას მოხმარდა ეს ფული?


- ბანკის კაპიტალის გამაგრებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმები დაიწყო, პარტნიორ ბანკებს დავუკავშირდი და მოვითხოვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სასამართლო ექსპერტიზული მოკვლევის ჩატარება. უარზე იყვნენ, ამის საჭიროება არ არისო. თუმცა მე მაინც მოვითხოვე. ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორი. ერთი სიტყვით, მსოფლიოში ცნობილმა იურიდიულმა კომპანია ბეიკერ მაკენზიმ დაიქირავა აუდიტორული კომპანია KPMG, რომელსაც აქვს სპეციალური დეპარტამენტი, სადაც ფინანსური მაქინაციების ექსპერტიზებზე მუშაობენ. მისმა წარმომადგენლებმა ყველას ჩამოგვართვეს ინტერვიუ და ჩამოიტანეს სპეციალური პროგრამა, რომლითაც ბოლო 15 წლის ინფორმაცია გადმოიწერეს, შეადგინეს რუკა, სადაც ყველა ტრანზაქცია იყო ასახული. ჩატარდა კორპორაციული მართვის აუდიტიც, შეხვდნენ ყველა მსხვილ აქციონერს. ცნობისთვის: 105 საერთაშორისო აქციონერი გვყავს, მათგან 30% ამერიკელია, 30% ბრიტანელი, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ეს მოხდა ივნისის დამდეგს, ხოლო 24 ივნისს გვქონდა ყოველწლიური აქციონერთა კრება, რომლის არჩევნებზეც მე და ბადრი ხმათა 98%-ით აგვირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად მათ ჩვენთან კითხვებიც კი არ გასჩენიათ. ამის შემდეგ, 9 ივლისს, გავაკეთე განცხადება მოძრაობის შექმნის შესახებ, რის მერეც ჩემზე სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად აღიძრა.


- ანუ ამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თანხა ბანკის კაპიტალისთვის იყო გამოყენებული?


- დიახ. ამასთან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ არასდროს არც ნაციონალები და არც ოცნება არ დაგვიფინანსებია. იმიტომაც გადავრჩით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გავრიგებულვართ. შემოტევები სულ იყო, მაგრამ არსებობდა წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას ერიდებოდნენ, რადგან იმის იქით საერთაშორისო დონორი იდგა. პროკურატურას იმიტომაც გავატანეთ ბოლო 12 წლის დოკუმენტაცია, რომ დასამალი არაფერი გვქონდა. ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ვერ ხედავს, როდესაც ერთ ბანკს სახელმწიფო თავს ესხმის?.. ინვესტორებს მილიარდიანი ზარალი მიაყენეს. ეს არ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?! მამუკა ხაზარაძეს კი არა, სტრუქტურას ანგრევენ. ამისთვის ანტისაბანკო პროპაგანდა მოიფიქრეს და არავინ ლაპარაკობს ონლაინკრედიტებზე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია.


- თქვენ გამოგეხმაურათ სააკაშვილიც და შეგახსენათ, რომ მისი მმართველობის პერიოდში თიბისი ბანკის კაპიტალი 24-ჯერ გაიზარდა.


- სააკაშვილსაც ხომ არ უნდა, მადლობა გადავუხადოთ? ის და ივანიშვილი ერთნაირი ენით ლაპარაკობენ. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მისი ფოტოც არ მოიძევებოდა ბუნებაში,­ სააკაშვილის ყველაზე დიდი დამფინანსებელი იყო. არ ვიცი, ახლა რატომ არ ამბობენ ამას. ერთად იყვნენ და შემდეგ რა მოხდა, ერთმანეთში გაარჩიონ. ერთი მეუბნება, 30 მილიონი გაჩუქეთ და მადლობაც არ გადაგიხდიაო, მეორე ამბობს, რატომ გაიზარდეო? წარმოიდგინეთ, რომელიმე წარმატებულ კომპანიას რომ უთხრას ვიღაცამ, რატომ გაქვს ასეთი მაღალი რეიტინგი, ვისი ხელისუფლების პირობებში გაიზარდეთო?! არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ის ძირეული რეფორმები, რომლებზეც ეს მთავრობაც დგას, თუნდაც პოლიციის რეფორმა, სააკაშვილის გუნდის გაკეთებულია, მაგრამ პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ქვეყნიდან მიდის, მნიშვნელობა არა აქვს ბრალდებას, მეტიც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, დამთავრებულია, ამიტომაც შევუთვალე, ოდესელებს ელაპარაკე-მეთქი. ბიზნესმენს უფრო ადვილად მიეტევება ქვეყნიდან წასვლა და თავშესაფრის მოთხოვნა, ვიდრე პრეზიდენტს. მის სიტყვას ფასი არა აქვს, ისევე როგორც ივანიშვილისას, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს დახურულ კარს მიღმა აგვარებს.ასევე შეუძლებელია ივანიშვილს დავუვიწყოთ ის ქველმოქმედება, რაც მან გასწია,– მიუხედავად მაფიოზური მმართველობისა. მან ეკლესიები ააშენა, ადამიანები ფიზიკურად გადაარჩინა და ა.შ.


- პროკურატურამაც გიპასუხათ, რომლის მიხედვით, თქვენ მუქარის წერილის ორიგინალს არ აძლევთ და შესაბამისად, ვერ ინიშნება ექსპერტიზა, არ ასახელებთ შუამავალს და შესაბამისად, ვერ ხერხდება მისი დაკითხვა.


- ვიღაცებს ხომ ეგონათ, რომ ის არ არსებობდა - ვითომ ლონდონში გაგზავნა, რომ დრო მოიგოსო. ლონდონის ოფიციალურმა ორგანოებმა ლამის სასწაული შეძლეს - 4 თვის სიძველის წერილზე 120 კაცის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. შემდეგ გაირკვა, რომ ლინგვისტური ანალიზიც იყო საჭირო (ლაპარაკის, წერის სტილი). თუ პროკურატურას საქმის აღძვრისთვის მხოლოდ წერილის ორიგინალი სჭირდება, ექნება. ახლა როგორმე უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რომ წერილი არ გაქრეს. ორიგინალს ვერ შეცვლიან. მაშინ ეჭვქვეშ უნდა დააყენონ ლონდონის ოფიციალური ორგანოს დასკვნა... მოკლედ, პროკურატურა ჩიხშია, უბრალოდ, ამის აღიარება არ სურს. როგორც კი საქმეს აღძრავენ, წერილს ლინგვისტური ანალიზი დაერთვება და ჩვენი უცხოელი ადვოკატები ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ეტყვიან, შესაბამისად, მაშინ შუამავალიც დასახელდება.


- როდის აპირებთ პროკურატურისთვის წერილის ორიგინალის გადაცემას?


- ჩვენი ადვოკატები მუშაობენ ამ თემაზე და უახლოეს ხანებში გადავცემთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მისი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროკურატურის არ მჯერა. შესაძლოა წერილის გადაცემა სახალხო დამცველის ან მედიის მონაწილეობით მოხდეს, რათა შემდეგ სადავო არ გახდეს.


BPN






2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up