ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია, სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ჩანს, პანიკიორებს დოლარში გადასახურდავებელი ლარი აღარ დარჩათ, რადგან ლარმა გამყარება დაიწყო.
ეჭვი მაქვს, ბიუჯეტის ხვრით რომ ბევრი ფული იშოვეს, მათი წვლილი ამ პანიკის შეტანაში დიდი იქნება. გავიგეთ, რომ როდესაც რუბლი და ლირა უფასურდება, ლარიც შეიძლება გაუფასურდეს. ისიც გავიგეთ, რომ ტურიზმი შემცირდა, მანქანების რეექსპორტი გაჩერდა, ფულადი გზავნილები მცირდება და ეს ტრენდი ალბათ გაგრძელდება, მაგრამ თუ ამდენს ხვდებით, იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდეთ, რომ იმპორტი დგას, მარაგები ოხრადაა და საერთოდ, ნავთობზე მოთხოვნა ლამის განახევრდა.
იმპორტიორებს თუ არ ჭირდება დოლარი დღეს, თქვენ რამ გადაგრიათ? ახურდავეთ აწი ყოველდღიური სახარჯო ფული ლარში. თან ლარს გაამყარებთ და თან თქვენი უგუნური ქმედებით საკუთარი თავისთვის მიყენებულ ზარალსაც მოიმკით“-წერს ცომაია.