თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.2%-ით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 8.5%-ით და 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.1%-ით გაძვირდა. როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის საშუალო ფასი 3930 ლარია ($1280), ვაკეში საშუალო ფასი 3540 ლარს შეადგენს, საბურთალოზე 3160 ლარს, ჩუღურეთში - 3045-ს, კრწანისში 2990-ს, დიდუბეში 2850-ს, ნაძალადევში 2720-ს, ისანში 2540-ს, გლდანში 2500-ს და სამგორში 2370 ლარს ($770).
რაც შეეხება კერძო სახლებს, ტენდენცია თითქმის იგივეა მცირედი სხვაობებით. უფრო ზუსტად, მთაწმინდაზე 1 კვადრატულის ფასი 3240 ლარია ($1050), ვაკეში 3155 ლარი, საბურთალოზე - 2740, დიდუბეში - 2500, კრწანისში - 2290, ჩუღურეთში - 2240, ისანში - 2210, სამგორში - 2065, ნაძალადევში - 1870 და გლდანში 1690 ლარი ($550).
მეოთხე კვარტალში შავი კარკასის საშუალო ღირებულებამ თბილისში 2210 ლარი შეადგინა, თეთრი კარკასის ფასმა - 2600 ლარი, მწვანე კარკასი კი 2950 ლარი ღირდა.