მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ 3-თვიანი უწყვეტი ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა, 2019 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” თავიდან დააფუძნა და პროტესტს ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობით უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტქტორი“ დაინტერესდა, როგორ და რაზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები.
„ფლანგვის დეტქტორის“ მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ „ახალგაზრდობის სააგენტო“ 2018-2019 წლებშიც არსებობდა, თუმცა ის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, მამუკა ბახტაძემ კი სსიპ-ის თავიდან დაფუძნებით ის პირდაპირ მთავრობას დაუქვემდებარა. ახალგაზრდობის სააგენტო სამი წლის განმავლობაში (2018, 2019 და 2020 წლებში) 14,004,200 მილიონი ლარით დაფინანსდა. მათი ინფორმაციით სააგენტოს ხელმძღვანელად პრემიერ მინისტრმა თავისი ყოფილი მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში, რევაზ ჩარკვიანი დანიშნა. რევაზ ჩარკვიანის 2019 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 2018 წელს შტატგარეშედ მუშაობდა შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საიდანაც ჯამში 21,848 ლარი აქვს მიღებული. უცნობია, აგრძელებს თუ არა მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში რევაზ ჩარკვიანი. ამის გასარკვევად ჩვენ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ სამუშაო დროს რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა.
საბიუჯეტო ერთეულის ერთ-ერთი ფუნქცია „ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვაა“, სხვა ფორმალური ფუნქციები კი მოიცავს: ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, აგრეთვე „ახალგაზრდობის ადვოკატირებას ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“.
მონიტორინგის შედეგად „ფლანგვის დეტქტორში“ გაარკვიეს, რომ “ახალგაზრდობის სააგენტოს” დაფინანსება და დასაქმებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა უმნიშვნელოდ მაინც იზრდება სახელფასო ბიუჯეტი.
2018 წელი - 5,076,700 მილიონი ლარი - 50 დასაქმებული - 747,800 ლარი სახელფასო ბიუჯეტი
2019 წელი - 5,427,500 მილიონი ლარი - 48 დასაქმებული - 724,700 ლარი სახელფასო ბიუჯეტი
2020 წელი - 3,500,000 მილიონი ლარი - 44 დასაქმებული - 753,000 ლარი სახელფასო ბიუჯეტი
არსამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მეორედ დაფუძნებიდან დღემდე 13 პროექტი აქვს განხორციელებული, მათგან უმეტესობა ტრენინგები და ლექციებია, ასევე არის „ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა“, რომელიც 10 ივნისიდან 29 ივნისამდე მიმდინარეობდა, თუმცა რა დადგინდა ჩატარებული კვლევებით ცნობილი არ არის. პროექტებში შედის „ახალგაზდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრების მიღების კონკურსიც, რომელიც 23 ადამიანისგან დაკომპლექტდა და საბჭოს მიზნად პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა განისაზღვრა. საგულისხმოა, რომ მრჩეველთა საბჭოს მიზნები ზუსტად იმეორებს იმ მიზნებს, რის გამოც თვითონ სააგენტო მეორედ დაფუძნდა.
როგორც კვლევაში წერია, სააგენტომ ამ პერიოდში გამოაცხადა “მილიონიანი ფონდი საგარანტო კონკურსისთვის”, რისი მიზანიც ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების დაფინანსება იყო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თავდაპირველად, განსაზღვრული იყო საქართველოს 10 რეგიონიდან 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაციის დაფინანსება, თუმცა 10 აგვისტოს გამოცხადებული შედეგების თანახმად დაფინანსდა მხოლოდ 14 პროექტი. უცნობია, რამდენი ლარით დაფინანსდა თითოეული პროექტი.