როგორ იქმნებოდა მზიური

როგორ იქმნებოდა მზიური

access_time2020-01-15 14:20:01

ამ ქალაქს სახელი 45 წლის წინათ დაერქვა. ოცნებას კაცი არ მოუკლავს და მოდი, ჩვენც ვიოცნებოთ და საბავშვო ქალაქი მზიური ავაშენოთო, დაწერა ნოდარ დუმბაძემ. გამორჩეულ იდეას გასაოცარი და სრულიად ორიგინალური არქიტექტორული გადაწყვეტა მოჰყვა.


მზიურის ის ნაწილი, რისი აშენებაც მოესწრო, დღემდე ზღაპრული სამყაროს დასაწყისად რჩება. რა იყო ჩაფიქრებული, რა გაკეთდა და რა ვეღარ – გვიამბობს არქიტექტორი გია აბულაძე.


1979 წელს ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტ – საქქალაქმშენსახპროექტში. ის იყო ჩვეულებრივი საბჭოთა გაუგებრობა, მზადდებოდა უამრავი პროექტი, მთელი კავშირის მასშტაბით, ზოგი ცუდი, ზოგი კარგი. ერთ მშვენიერ დღეს ლევან კილაძის სახელოსნოს დაევალა, შექმნილიყო ქალაქ მზიურის გენერალური გეგმა.


ქალაქ მზიურის იდეის ავტორი იყო მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომელმაც 1975 წელს გამოაქვეყნა სტატია და მგონი კომკავშირის ყრილობაზე სიტყვითაც გამოვიდა, მდინარე ვერეს ხეობაში პიონერული ქალაქი, ქართული დისნეილენდი ავაშენოთო. ამ პროექტს ლობირებდა კომკავშირის ცეკა და პირადად პირველი მდივანი ჟიული შარტავა. მეორე მდივანი იყო სოსო ორჯონიკიძე, შემდეგ ის გახდა პირველი და მზიურის მფარველობაც გადაიბარა. მზიურის შესაქმნელად რაღაც კონკურსები ჩატარდა, რაღაც ჩაიშალა, რაღაც არ შედგა, ეგ არ მახსოვს, რადგან არ ვიყავით ჩართულები, არც მიზეზები ვიცი. მერე გადმოეცა ჩვენს საპროექტო ინსტიტუტს. ლევან კილაძის სახელოსნოში შეიქმნა მზიურის არქიტექტურული ჯგუფი. თავიდან ჯგუფს ხელმძღვანელობდა ირაკლი მასხარაშვილი, არქიტექტორები ვიყავით მე და ბიძინა ჩიგოგიძე. ეკონომიკურ ნაწილზე მუშაობდა თომა გუგუშვილი. მერე ირაკლი მასხარაშვილი გახდა სახელოსნოს ხელმძღვანელი, მე გავხდი მზიურის ჯგუფის უფროსი.


წარმოიდგინეთ, ქალაქის ცენტრში სოლივით შემოჭრილი ველური ხეობა. ასეთი შანსი ბევრ ქალაქს არა აქვს. ეს ხეობა, გმირთა მოედნიდან ბეთანიამდე, იყო 20 კილომეტრი და აერთიანებდა ქალაქის ნაწილს, სასაფლაოების ზონას, ქალაქის გარეთა ნაწილს, წყნეთისა და ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიას და მიდიოდა ბეთანიის ტაძრამდე. ჩვენს პრაქტიკაში ასეთი რამ, რომ ცარიელ სივრცეზე აშენებულიყო ასეთი მასშტაბის ქალაქი, უიშვიათესი ამბავი იყო. არანაირი მოცემულობა არ გვქონდა, გარდა ნოდარ დუმბაძის ერთი პოეტური ფრაზისა, ავაშენოთ ბავშვთა ქალაქი.



მზიურის ეპოპეა სამ ნაწილად იყოფა. პირველი იყო, ვერეს ხეობის გენერალური გეგმის შედგენა. ვერა-რეჩკა, როგორც ჩვეულებრივ ყველა ეძახდა, იყო ნაგვითა და ათასი ნარჩენით სავსე ხევი ზოოპარკის უკან, სადაც მოსწავლეები შატალოზე დავდიოდით, მერე სტუდენტობისას მშვილდოსნობაში ვვარჯიშობდით.


მზიურის გენგეგმაზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, ცოცხალი, სრულიად ახალი საქმე და ამოცანა. უამრავი რამ ვისწავლე და გავითვალისწინე. ეს იყო თვითონ მოცემულობის და ირაკლი მასხარაშვილის დამსახურება, რომ მე რაღაცაში გავერკვიე. ის გამოცდილება, რაც მზიურში მივიღე, შემდეგ ძალიან გამომადგა თუშეთის, აჭარის, ველისციხის რეაბილიტაციის პროქტირების დროს. უამრავი ფაქტორი იყო გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელი _ რელიეფი, გეოგრაფია, გეოლოგია, კლიმატი, ისტორია, სოციალური გარემო. ამის მერე უნდა შეგვექმნა ის, რაც მიზნად გქონდა დასახული, ბავშვთა ქალაქი.


გენგეგმაზე ვმუშაობდით ორი წელი და გამოვიდა ძალიან დიდი და სერიოზული დოკუმენტი. დღეს ასეთ პროექტს ჰქვია სივრცითი მოწყობის გეგმა. გენგეგმა რომ დავამთავრეთ, მთელი ხეობის 13 მეტრი სიგრძის მაკეტი დავამზადეთ. ერთხელაც, ნოდარ დუმბაძეს ვთხოვეთ საპროექტოში მოსულიყო და ენახა. მოვიდნენ ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი. ორივეს ხომ საოცრად მახვილი ენა ჰქონდა და განუწყვეტლივ ხუმრობდნენ, ჩვენც დაგვხოცეს სიცილით. მერე დასხდნენ და ირაკლი მასხარაშვილმა დაიწყო ახსნა, _ `სტრუქტურის უწყვეტობა~, `ურბანულ სისტემაში შემოსული მწვანე მასივი~ და ა.შ. ყოველ ხუთ წუთში ჯანსუღი მიუბრუნდებოდა ნოდარს და ეკითხებოდა: შენ თქვი, ბიჭო, ეს? ეს შენ მოიფიქრე, ნოდარ? ასე გქონდა ჩაფიქრებული? აუჰ, რამხელა რამე გითქვამს?! გვაშაყირებდენ ჩვენც და ერთმანეთსაც, გვამაიმუნებდენ, რეალურად ვერაფერი გაიგეს და არც იყო საჭირო.


გენგეგმის შედგენისა და დამტკიცების შემდეგ დაიწყო მეორე, ყველაზე რთული და გრძელი ეტაპი, კონკრეტული ობიექტების პროექტირება. მზიურს უნდა ეტვირთა როგორც გასართობი, ასევე შემეცნებით-აღმზრდელობითი, და რაც უმთავარესია, ქალაქის რეკრეაციული ზონის ფუნქცია. უნდა აშენებულიყო საინფორმაციო ცენტრი, კაფეები, ატრაქციონები, ორანჟერეა, კინოთეატრი, ნოეს კიდობანი, თავლა, რადგან ამ ხეობაში ცხენებით მოგზაურობაც იყო ჩაფიქრებული. ყველაფერი სიმწვანეში იყო მომოფანტული და ყველას ორიგინალური ფორმა ჰქონდა. ეს პროექტები საკავშირო კონკურსებშიც მონაწილეობდა და პრიზები და მედლები გვაქვს აღებული. ერთ ობიექტს ერქვა ქუჩა. გვქონდა ფუნიკულიორიც, მაგრამ ის შემთხვევით დაგვემატა. ტრაქტორმა დაუდევრობით მოჭრა მთა და იძულებულები გავხდით ფუნიკულიორი მოგვეწყო. სპეციალური ტრანსპორტი გვქონდა გათვალისწინებული, რომელსაც აერობუსი ერქვა, ჩვეულებრივი საბაგიროა, მაგრამ ჰორიზონტალურად მოძრავი. გერმანიაში არსებობს ასეთი ტრანსპორტი, მიულერი იყო კონსტრუქტორი, ვინც ეს მოიგონა. მიწერ-მოწერაც გვქონდა იმ დონეზე, რაც ფედერაციულ გერმანიასთან საბჭოთა ადამიანს იმ პერიოდში შეეძლო. ვაკე-საბურთალოს გზის იქით უნდა გაშენებული ბოტანიკური ბაღი, გადასულიყო ზოოპარკი და სხვა. ყველა ობიექტი ძალიან საინტერესოდ, გამორჩეულად იყო გადაწყვეტილი.


ვერეს ხეობაში გზა ჩვენც გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ არა ასე. ახლანდელი გზა არის გაყვანილი ზუსტად ისე, როგორც არ შეიძლება იყოს გაყვანილი. თითქოს ძალით არის გაკეთებული. როცა მეგზევეს ეძახი და ავალებ, გზა გაიყვანოს, ის მარტივ და იაფ გადაწყვეტას გთავაზობს. არადა, გზა ურბანისტმა უნდა დაგეგმოს. პირველად არსებული გზის პროექტი რომ ვნახეთ, მერიაში წინადადებით შევედით და ვუთხარით, რომ არავითარ შემთხვევაში ამ გზის გაკეთება არ შეიძლება. ის გვერდით უნდა გადაიწიოს იმ ნიშნულამდე, რომელსაც არავითარ შემთხვევაში წყალი არ შეეხება. გვითხრეს, ეს თქვენი საქმე არ არის, უკვე გადაწყვეტილიაო. გავაფრთხილეთ, იცოდეთ, ცუდად მოგიბრუნდაბათ!



წყალდიდობის თემაც შესწავლილი გვქონდა. მდინარე ვერეს ხეობა დიდი წყალშემკრებია და გამოქარული ქანებია. პირველი დიდი წყალდიდობა 1895 წელსაა აღწერილი, ხარებშებმული ურმები წაიღო მდინარემ. შემდეგ ასევე დიდი წყალდიდობა მოხდა 1924 წლის 13 ივნისს, 1940 წლის 10 მაისს, 1960 წლის 4 ივლისს და 1972 წლის 7 ივნისს. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ახალდაბასთან ჩამოწოლილი მეწყერი არაფერ შუაშია, მეწყერიც და წყალდიდობაც დიდი წვიმის ბრალია. ბუნებაა ასეთი. ახლა რაღაც ღონისძიებები ჩაატარეს, გავა 20 წელი და ვნახოთ, იმუშავებს თუ არა. ისე კი გირჩევთ, დიდი წვიმის დროს ვერეს ხეობაში არ მოხვდეთ.


წყალდიდობის ასაცილებლად ჩვენ ორ კასკადს, წყალსაცავს ვაკეთებდით. ჰიდროინჟინრები იყვნენ ტყუპი ძმები, გაბო და სანდრო მენაბდეები, უკვე მოხუცები, ლამის 80 წლისანი და ამ ასაკშიც ხალისობდნენ იმაზე, რომ ერთმანეთს ჰგვანან და ამით გვაგიჟებდნენ. ერთი კარიდან გავიდოდა ჟაკეტიანი, მეორე კარიდან შემოვიდიოდა პიჯაკიანი. მონახაზიც ჰქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კაშხალები ზემოთ, ახალდაბის გასწვრივ, რომ წყალდიდობა დაგვეჭირა, თუ დიდი წვიმა მოვიდოდა. დიდ ყურადღებას აქცევდნენ ამ თემას. განათლებული ხალხი იყო და პასუხისმგებლობა ჰქონდათ.


ძალიან საინტერესო ეპოპეა იყო ზოოპარკის გადატანა. რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი იხილებოდა. ერთი მზიურის სტრუქტურაში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ზემოთ, მეორე იყო ლისის ტბა, მესამე _ თბილისის ზღვა, იყო კიდევ რუსთავისკენ, ჭალაში. ახლა დიდი მოძრაობაა საერთოდ ზოოპარკების წინააღმდეგ, მაშინ ასე არ იყო. ყველა ამ ვარიანტს ჰყავდა თავისი ლობისტი, რადგან იქ დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. ამ ბრძოლაში ჩვენც გავეთხარეთ. იბეჭდებოდა სტატიები ჩვენ სასარგებლოდაც და საწინააღმდეგოდაც. ზოოპარკის დირექტორი იყო ალიკა გაჩეჩილაძე, `კატრექსის~ გამომგონებელი, მოადგილე იასონ ბადრიძე. ალიკა გაჩეჩილაძე ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, ენერგიული, მაგრამ სრულიად დაუცველი და ეშინოდა, რომ `კატრექსის~ გამოგონებას წაართმევდნენ. ბევრი მტერი ჰყავდა `კატრაქსს~ და სერიოზულად ებრძოდნენ. ჩვენი ურთიერთობაც მძიმედ დაიწყო. ალიკამ დაწერა სტატია, როგორ შეიძლება მზიური და ზოოპარკი ერთად იყოსო? ამ დროს ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ერთიანი რეკრეაციული ზონა, სადაც სპორტიც შეიძლება იყოს, გართობაც და ზოოპარკიც. მივხვდით, რომ ის კაცი დაბნეულია და ვერ ხვდება, რაზეა ლაპარაკი. მივედით ალიკასთან მე, ირაკლი მასხარაშვილი და ბიძინა ჩიგოგიძე. ალიკამ კაბინეტში არ მიგვიღო, რაღაც დიდ ოთახში შეგვიყვანეს, სადაც ბევრი ადამიანი იჯდა. რომ შევედით და დავსხედით, ერთი ყუთიდან მაიმუნი ამოხტა და გადახტა, იქით სამი თუთიყუში აფრინდა, უშველებელი ფრთებით. მერე ალიკამ უჯრა გამოაღო, გველი გვერდზე გადადო და რაღაც საბუთი ამოიღო. მოკლედ, შიშისგან უკვე აღარა ვართ. ირაკლი უყვება, უხსნის, ამ დროს იღება კარი და ვიღაც ტიპს ჯაჭვით დაბმული ვეფხვი შემოჰყავს, თან რკინის ჯოხი უჭირავს. ძველ, დიდ საწერ მაგიდასთან ვისხედით და ყველაფერი, ხელები, ფეხები ისე შევყავი, რომ ნაკლები ფართი დამრჩენოდა გარეთ. შემოვიდა ის ვეფხვი და წინ დაგვიწვა. თვალს ვერ ვაცილებ, ჯერ ინტერესით, მერე შიშით. ის ბიჭი კი გვეუბნება, თვალებში არ შეხედოთ, არ უყვარსო. დავიწყე აქეთ-იქით ყურება. ამასობაში ირაკლის ნათქვამით ალიკა მიხვდა, რომ ჩვენ მტრები კი არა ვართ, ერთიანი ფრონტით უნდა ვიმოქმედოთ. აწია ალიკამ თავი და აბა, მორჩით კომედიასო, დაიძახა. ამან ვეფხვი გაიყვანა, მეორემ მაიმუნები ჩამოხსნა, თუთიყუშები გააფრინეს და გავაგრძელეთ ლაპარაკი. მერე ალიკასთან ძალიან დავმეგობრდი.


მოკლედ, გენგეგმა ყველა ინსტანციამ მოიწონა. კომკავშირის ცეკამ მოგვთხოვა, დაგვეწყო კონკრეტული მუშაობა, მშენებლობა. მოსაფიქრებელი იყო, საიდან გაგვეკეთებინა შესასვლელი. ერთი ვარიანტი იყო ზოოპარკიდან, მაგრამ თვითონ ზოოპარკს თავისი პრობლემები ჰქონდა. ყველაზე მისადგომი და გამოსაჩენი იყო ჭავჭავაძის მხრიდან ჩასასვლელი, მაგრამ საინჟინროდ ყველაზე რთული. ჭავჭავაძის 21-ში იყო პატარა სკვერი, შუაში ოთხკუთხედი შადრევანი და კაფე `ფრანცია~. იდგა რამდენიმე მაგიდა, რომელიც ამ სკვერს უყურებდა. იქვე იყო აშენებული კედელი, რომლის იქითაც ჩადიოდა ხევი. ადრე, ვიდრე ვაკე განვითარდებოდა, საგარეუბნო მილიციის შენობა მდგარა და ამ ხევს ერქვა Милицейский овраг, ძველ რუკებზე ამ სახელით არის დატანილი. ღრმა ხევი იყო, 20 მეტრი სიღრმის ნამდვილი ხრამი, თანაც ნაგვით სავსე. ერთ-ერთ თათბირზე ვთქვით, ეს კედელი გავჭრათ და აქედან გავაკეთოთ ჩასასვლელი. ჩასასვლელსაც თავისი ნორმა და კანონი აქვს. მარტო ჩასვლა ხომ არ არის, ადამიანი ხომ უნდა ამოვიდეს კიდეც, ამიტომ ერთი სწორი სიგრძე არ გამოვიდოდა. თანაც ბავშვები ეტლითაც ხომ უნდა ჩაეყვანათ. ასე რომ, სიმაღლეთა დიდი სხვაობა გვქონდა დასაძლევი. უამრავი ბალასტი უნდა ჩაგვეყრა, რომ თანაბრად და მარტივად ჩავსულიყავით და ამოვსულიყავით. გარდა ამისა, თუ რამე ატრაქციას არ ჩავრთავდით, მარტო კიბე უინტერესო იქნებოდა. შესასვლელიც მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, განსხვავებული და გამორჩეული.




ისევ მაკეტი გავაკეთეთ და პლასტელინით ძერწვა დავიწყეთ. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. ჩასასვლელს ზემოდან რომ დახედავ, ბორჯღალს ჰგავს, შუაში არის მაღალი სვეტი და იქ ჩარგულია ბროწეული. მეორე კიბეც ბორჯღალის თემაზეა, ოღონდ არის ფორმა და ანტიფორმა. ამ კიბეს ხომ აქვს ფორმა, მოპირდაპირე მხარესაც არის კიბე, ოღონდ უკუღმა, შიგნით ჩადის და იქ წყაროა. ერთი კიბე, რომელიც ქვემოთ ჩადის, მერე თანდათან გადადის ასეთივე კედელში. დღევანდელმა პატრონებმა, ამ კედელს `ბუტკა~ მიაყუდეს.
უამრავი ესკიზი და მაკეტი გვქონდა გაკეთებული, კიბე მთლიანად პლასტელინით გამოძერწილი, ყველა დეტალი ცალკე დამუშავებული. პროექტი ვაჩვენეთ კომკავშირს, მოიწონეს, ქალაქმაც დაამტკიცა. გადაწყდა, მშენებლობა უნდა დავიწყოთ. მაშინ ტენდერები არ ცხადდებოდა და მოიწვიეს მშენებელი ვანო ყიფიანი. ვანო ყიფიანი არის ერთ-ერთი ნათელი პიროვნება, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვედრია. იყო ძალიან განათლებული, საოცარი იუმორის პატრონი, გულმხურვალე პატრიოტი, ამ მხრივ ზოგჯერ ზედმეტად ტენდენციური, ქართველები ვართ, ვინც ვართო! ჩვენი ასაკის სამი სამუშაოთა მწარმოებელი ჰყავდა, სამივე კარგი, გონიერი ადამიანი იყო და დავიწყეთ მშენებლობა.


ჭავჭავაძის 21-ში კედელი რომ მოვანგრიეთ და ხედი გავხსენით, მერე კონტური ლითონის კონსტრუქციით შევკარით. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ კონსტრუქციაზე ფარდა ყოფილიყო გადმოფარებული, როგორც თეატრის, სანახაობის სიმბოლო. ამ კონსტრუქციაზე ისხდნენ ბუ, თხა, ფრინველები და იჯდა ერთი ბიჭი. ყველაფრი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ გააკეთა. მერე ბევრი დატალი მოიპარეს, სპილენძის ფარდასაც ჩამოაჭრეს ნაწილი და დაპატარავდა. ახლა გია ჯაფარიძემ ზოგი ფიგურა აღადგინა.
ბუნებრივია, ბევრი სასაცილო რამ გადაგვხდა. ის ბიჭი, შესასვლელში, ლითონის კონსტრუქციაზე რომ ზის, გამოძერწა გია ჯაფარიძემ, მისი ძმისშვილია. მერე ბეტონშია ჩამოსხმული და ზემოდან სპილენძია გადაკრული. გიას სახელოსნოში ჰქონდა ეს ქანდაკება, რიგის ქუჩაზე. დილაა, 6 საათი, გამოგვაქვს ეს ბიჭი, დაწოლილი, ძალიან მძიმე იყო, ორ-ორ კაცს ფეხები უჭირავს, ორ-ორს ხელები, ერთსაც თავი. მანქანაზე უნდა დავდოთ და მზიურში ჩავიტანოთ. ამ დროს ვიღაც კაცი გაჩერდა და რა მოუვიდაო, იკითხა. გიამ უთხრა, ბევრი დალია და სახლში მიგვყავსო. იმ კაცმა ლექცია წაგვიკითხა, რომ არ უნდა დალიოს კაცმა, მით უფრო ახალგაზრდამ.


ჩასასვლელის მაკეტი რომ გავაკეთეთ, იქ დავსვი ერთი ტიპი, ადამიანი, რომ მასშტაბი მიმეთითებინა. კომკავშირის ცეკაში განხილვაზე მოიწონეს ჩვენი მაკეტი და ერთმა იკითხა, ეს კაცი რა მასალაში კეთდებაო? მე ვუთხარი, ბრინჯაოში უნდა გაკეთდეს-მეთქი და მაშინ გაჩნდა აზრი, მართლაც ქანდაკება გაგვეკეთებინა. გია ჯაფარიძემ არლეკინზე მუშაობა რომ დაიწყო, მოვილაპარაკეთ და სახით ირაკლი მასხარაშვილს მიამსგავსა. ირაკლის გრძელი ცხვირი აქვს და გავუშვით ჭორი, ვინც არლეკინს ცხვირზე ხელს მოჰკიდებს, სურვილი აუსრულდებაო. ამიტომ ახლაც გაპრიალებური აქვს ცხვირი.


ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ერთი რამ. ხევი იყო ძალიან ღრმა, 20 მეტრი. თანაც მთელი ვაკე ხომ მეწყრული ზონაა, ამიტომ დრენაჟები ჩავაწყეთ. 30 ათასი კუბური მეტრი ბალასტი მოიტანეს და ჩაყარეს. გარდა იმისა, რომ ხევი უნდა ამოგვევსო, კიბეები ხომ უნდა შეგვექმნა. ჩემი ნახაზებისა და მაკეტის რეალობაში გადატანა არ იყო ადვილი. ამაში გვეხმარებოდა ერთი ტოპოგრაფი ლიოვა ანდრეევი. დიდი ჯანის პატრონი და მაღალი დონის პროფესინალი. ერთხელაც, იქ ვართ და ნახაზზე ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც ახლა ბორჯღალის შუაში ბროწეული დგას. ვეკითხები, აბა ეს ადგილი სად იქნება-მეთქი? მოცადეო, მითხრა, ამოიღო თავისი ხელსაწყოები, გახედა-გამოხედა და ერთ ხეზე მანიშნებს, აი, ზემოთ, ჩიტი რომ ზის, იქ იქნება ეგ ადგილიო. ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე იჯდა ის ჩიტი.


დადგა ქვაფენილის დაგების დრო. ან ბეტონისგან უნდა გაგვეკეთებინა, ან ქვისგან. არადა, იქ პლასტიკური ფორმა გვჭირდებოდა, ამას ჩვეულებრივი ქვითა და მასალით ვერ მივიღებდით. ოვალური ზედაპირი რომ გამოვიდეს, მასალა უნდა იყოს კონუსური. საჭირო იყო ბეტონისგან საგანგებოდ ჩამოგვესხა, მაგრამ ვინ ჩამოასხამდა? საბჭოთა დროა, ყველაფერი წინასწარი გეგმით მზადდებოდა. მოკლედ, ჩვენი გულისტკივილი გავუზიარეთ გუჯა ბუბუტეიშვილს, ერთ-ერთ სამუშაოთა მწარმოებელს. გუჯამ გვითხრა, იქნებ მოდელი გამიკეთოთ და რამეს მოვიფიქრებო. თაბაშირისგან გავაკეთეთ, რაც გვინდოდა, ზემოთ მომრგვალებული, შიგნით ტრაპეციული ფორმის, ზომაც ზუსტად დავიცავით. მივუტანეთ გია ჯაფარიძეს და ვუთხარით, გვინდა ასეთი, ფერად ბეტონში ჩამოსხმული, ოღონდ უკან უნდა დავარტყათ ბეჭედი, დამზადებულია ჰოლანდიაში. გიამ ჩამოგვისხა ბეტონში ორი ცალი, დააწერა Mადე ინ Hოლლანდ, ჩავდეთ ცელოფანის პარკში, გვერდები უთოთი შევუწებეთ და მე და გუჯა მივედით ვანო ყიფიანთან. ვანო თავმომწონე კაცი იყო, უყვარდა გამორჩეული და ახალი რამეები. ვეუბნები, მამაჩემი, თენგიზ აბულაძე, ახლა ჰოლანდიაში იყო კინოფესტივალზე, ვიცი, ვიციო, მპასუხობს. ხომ იცნობთ, რა ტიპია, გერმანიაში რომ იყო, მთელი ფული ერთ ცალ ბურღში გადაიხადა და ის ჩამოიტანა, ახლა კი ორი ცალი ასეთი ქვა ჩამომიტანა. ხომ იცის, რომ მე ასეთ რამეს ვეძებ. აი, ნახეთ რა კარგია. ზუსტად ასეთი რამე გვინდა, მაგრამ აბა ჩვენთან ამას ვინ დაამზადებს-მეთქი? გუჯა მიბამს მხარს, აბა, აქ ამას ვერავინ გააკეთებს, ჰოლანდია მაგარი ქვეყანააო და სხვა. ამაზე ვანომ აუშვა პატრიოტული აფრები, ვინ არიან ჰოლანდიელები, გამოყინული ტვინები აქვთ, იმათ არაფერიც არ შეუძლიათ, სულაც აქედან არიან გადასახლებულებიო. დაუძახა ვიღაც გელას და ეუბნება: აი, ამას შეხედე. სერიული ხაზი რომ ააწყო, რამდენი ხანი დაგჭირდებაო? გელამ თქვა, თვე-ნახევარიო. გელას უთხრა, გასაგებიაო, და ჩვენ მოგვიბრუნდა: _ ორ კვირაში მზად ვიქნებით! _ გელამ ატეხა ერთი ამბავი და სამ კვირაზე შევთანხმდით. სამ კვირაში რომ მივედით, დაგვახვედრეს ნიმუში, ფორმით ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ მივეცით და ძალიან გამძლე. ზუსტად ისეთი, რაც ახლა მზიურში აგია.


ერთხელაც, მოვიდა კომკავშირის ცეკას ერთ-ერთი მდივანი და გვთხოვა, გია ჯაფარიძესთან შევიკრიბოთო. შევიკრიბეთ გიას სახელოსნოში. მოკლედ, იმ პარტიულმა მუშაკმა გაგვანდო თავისი სათქმელი: გუშინ ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ მზიურში უნდა გაკეთდეს ბელადის ძეგლიო. ყველას გაგვაცია, მაგრამ გია ჯაფარიძე აენთო მაგრად. აუცილებლად, ადგილიც უკვე წარმოდგენილი მაქვს და ესკიზს გავაკეთებო. ის კაცი წავიდა ბედნიერი, დავრჩით ჩვენ გაქვავებულები. გიამ დაგვამშვიდა, მე ვიცი რასაც ვიზამო. მოკლედ, გააკეთა ბელადის ძეგლი, რომელსაც ხელი ჰქონდა გადახვეული ვიღაც პატარა ბიჭსა და გოგოზე, პიონერებზე და ბუჩქებიდან გამოდიოდნენ, თანაც რაღაც უცნაურად იღიმებოდნენ. მთელი სერიოზულობით მივედით ცეკაში. გიას ვერ გაუბედეს ვერაფერი, მაგრამ თურმე გულები დაუსკდათ, ეს არავინ არ ნახოსო.


ყოველ ორშაბათს მზიურში, არლეკინი რომ ზის იქ, თათბირი ტარდებოდა. მოდიოდა კომკავშირის ცეკას მდივანი, ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი ნოდარ მიქაძეც ესწრებოდა, ძალიან კარგი კაცი, საოცარი იუმორის პატრონი, ლევიკო კილაძე სახელოსნოს ხელმძღვანელი და მერე ჩვენ, წვრილფეხობა.


მიდის მზიურში მუშაობა. მე და ტარიელ შავერდაშვილი კვირაში ორჯერ მივდივართ წალკაში და ქვა ჩამოგვაქვს არასტანდარტული კიბეების მოსაწყობად. ბერძენი ქვის მთლელები იყვნენ, მაგარი ოსტატები, ალიკა და მეორის სახელი აღარ მახსოვს. ეს ალიკა მეტრ-ნახევარი იყო სიმაღლით, მაგრამ საოცარი ჯანი ჰქონდა. უზარმაზარი ლოდები ისე გადაჰქონდა, გაგიკვირდებოდა. შუადღეა, ქვის მთლელები მუშაობენ, მე თავზე ვადგავარ, ყველა ქვა სათითაოდ უნდა გამოითალოს. ვხედავ, მოდის შევარდნაძე, მოგვესალმა. გავიხედ-გამოვიხედე, მუშებისა და ჩემს მეტი არავინ არის, არც სამუშაოთა მწარმოებელი, არც მშენებლობის უფროსი. ვუთხარი ვინც ვარ, გავყევი და ვუხსნი, სად რა იქნება, ჩავედით ქვემოთ, გადავიხედეთ. ვაჩვენებ, იქ იქნება თავლა, იქ სპორტული დარბაზი. რაღაც თქვა, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მე ისევ ამ ქვისმთლელებთან ვდგავარ და სამი ტიპი გაიჩითა. ლაბადები აცვიათ, ჩვენ გვეუბნებიან, ეს ქვა გაწიეთ, ეს მოაშორეთ. რა ხდება-მეთქი? _ ვკითხე. შევარდნაძე მოდისო. ვეუბნები, შევარდნაძე უკვე იყო და წავიდა-მეთქი. როდის იყოო? ნახევარი საათის წინ-მეთქი. ამ დროს ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: რა დროს ხინკალი იყო, შენი დედაო.


1982 წელს გაიხსნა მზიურის ჩასასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდან და პარკის პატარა მონაკვეთი. რამდენიმე წლის შემდეგ, ნოდარ დუმბაძე უკვე გარდაცვლილი იყო, მერაბ ბერძენიშვილმა მწერლის ყველაზე ნაცნობი გმირების - ზურიკელას, ბებიას, ილიკოს, ილარიონის და მურადას სკულპტურა შექმნა. ძალიან ადვილი საცნობია, რომ ბებია სესილია თაყაიშვილია, ილიკო - სანდრო ჟორჟოლიანი, ილარიონი – გრიგოლ ტყაბლაძე, ზურიკელა – სერგო ორჯონიკიძე. მერაბ ბერძენიშვილმა თენგიზ აბულაძის ფილმის გმირები გამოაქანდაკა.


ჩასასვლელის კეთილმოწყობის მერე ფართო ფრონტი გაიშალა, ერთდროულად რამდენიმე ობიექტის პროექტზე ვმუშაობდით, 4 თუ 5 საკმაოდ დიდი პროექტი კეთდებოდა და ყოველ ობიექტზე თითო ჯგუფი მუშაობდა. ამიტომ არქიტექტორთა ჯგუფების შედგენა დავიწყეთ, ნიჭიერი ტიპების გამოსავლენად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კონკურსებს ვაწყობდით. ასე რომ, სრული „ზასტოის“ პერიოდში ჩვენ ვმოძრაობდით. იმ დროს უკვე ჩვენთან იყვნენ გაგა კიკნაძე, ირაკლი როსტომაშვილი, ლევან მუშკუდიანი, მიკა ყრუაშვილი, თიო გაბუნია, გეო ინასარიძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი, კიდევ სხვები.


გამუდმებით კომკავშირის ცეკასა და ქარხნებში დავდიოდით, რომ რამე გაგვეკეთებინა. კომკავშირი სამშენებლო ფულს ხან სადღაც შოულობდა, ან ქარხნებს სთხოვდა. ჩვენ არანაირი ჰონორარი არ აგვიღია, ხელფასები გვქონდა 120-150 მანეთი და მორჩა. დიდი პროექტი იყო ფრენბურთის სპორტსკოლა. ფრნბურთი კი ერქვა, მაგრამ ნამდვილი სპორტის სასახლე იქნებოდა, სამი დარბაზით, გასახდელებით, სრული ინფრასტრუქტურით. თანაც კარგი სიმაღლე უნდა ჰქონოდა ამ დარბაზებს. ამ ობიექტზე მუშაობდნენ თიო გაბუნია, ირაკლი როსტომაშვილი, ზურა ლოლაშვილი. მშენებლობაც დაწყებული იყო. ახლა იმ ადგილას, ხილიანი-დოლიძის ქუჩის გაგრძელებაზე, ორი მაღალი კორპუსი დგას. ასეთ დიდ პროექტს უკვე ვეღარავის შეაწერდი, სერიოზული თანხა სჭირდებოდა. საქმე ის იყო, რომ თუ პროექტი სამ მილიონზე ძვირი ჯდებოდა, მოსკოვში უნდა წასულიყო დასამტკიცებლად, ეს კი დიდი დავიდარაბა იყო, ძირითადად უარი. მოკლედ, ხარჯთაღრიცხვით ორი მილიონ 999 ათასი გამოვიყვანეთ. დანარჩენი მერე უნდა გვეშოვა, ვინმეს შეაწერდა კომკავშირის ცეკა. ეს ნაცნობი ხერხი იყო მთელ საბჭოეთში და, მით უმეტეს, საქართველოში. მეტროც ხომ ასე ააშენეს მჟავანაძის დროს. თბილისი უნდა ყოფილიყო მილიონიანი ქალაქი, რომ მეტროს აშენების ნება მიეცათ. ამიტომ შემოუერთეს ყველა გარეუბანი, რომ მოსახლეობა მილიონი გამხდარიყო. რამდენიმე წელი ცენტრისგან ფარულად ხდებოდა პროექტირებაც და გვირაბების მშენებლობაც. ეს იყო ჩვეულებრივი მამაძაღლობა პატრიოტული სულისკვეთებით. ზემოთაც იცოდნენ, პარტიული მუშაკები კი იყვნენ, მაგრამ პატრიოტები. ერთ მშვენიერ დღესაც გამოვიდა დადგენილება და რესპუბლიკური მშენებლობის ბიუჯეტის ზედა ზღვარი სამის ნაცვლად გახდა ოთხი მილიონი. სასწრაფოდ გადავაკეთეთ ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ თავიდან ხელის მოწერა იყო საჭირო. ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ ის გვერდები, სადაც ხელმოწერებია, შეიძლება შეიცვალოს. ვიცით, რომელი გვერდებია ამოსაღები და ახალი ჩასაწებებელი. ხარჯთაღრიცხვის სულ ოთხი ეგზემპლარი იყო: ერთი იყო ჩვენთან, სახმშენში, ორი ჰქონდა მშენებელს, ერთიც დამკეთს. ვანო ყიფიანთან რომ მივედით, ავუხსენით, აი, ბატონო ვანო, ახალი ბრძანება გამოვიდა, ეს ამოსაღებია, ეს ჩასაწებებელი. მაშინვე მოატანინა ის ორი ეგზემპლარი, რაც იმასთან იყო, ამოვიღეთ ის ფურცლები, ჩავსვით ახლები, მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით.


დამკვეთი იყო ГЛАВУКС - Главное управление капитального строительства, კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველო, ანუ სახელმწიფო. ერთადერთი გვაკლდა ამ „უკსის“ ხელმოწერა, მაგრამ სამმართველოს უფროსთან ამის გამხელა არაფრით არ შეიძლებოდა. იმდენად წესიერი კაცი იყო, ასეთ პატრიოტულ თაღლითობაზეც არ დაგვთანხმდებოდა. მე და ირაკლი როსტომაშვილი მივედით მის მოადგილე იასონ იასონოვიჩ მეძველიასთან. კარგი ადამიანი იყო, ამავე დროს ეშმაკი და მოხერხებული. მეძველიას გულწრფელად ვუთხარით, რასაც ვაპირებდით. ასაკით ჩვენზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ გვხედავდა, რომ ყოველგვარი გამორჩენის გარეშე, მართლაც 120 მანეთ ხელფასზე თავქუდმოგლეჯილები დღე და ღამე ამ საქმეს დავდევდით და გვიფასებდა. იასონ იასონოვიჩმა გვითხრა, მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ თქვენ აქ დამიცადეთ, მე შევალ უფროსთან, თქვენ მოგვიანებით შემოდითო. მაგიდაზე ეწყო დაახლოებით 30 სმ სიმაღლის საბუთები, მათ შორის სადღაც შუაში ჩვენი საქაღალდეც იდო, დაავლო ამას ხელი და შევიდა უფროსთან, ცოტა ხანში შევედით ჩვენც. უფროსი გვიყურებდა როგორც ახალგაზრდა, ენერგიულ მამაძაღლებს. გვეკითხება, აბა, კიდევ რა მოიფიქრეთო? მეძველია აწვდის ამ საბუთებს, ის ხელს აწერს. მეძველია ეუბნება, იცით, ესენი რისთვის მოვიდნენ? ოთხ მილიონამდე გაზრდა უნდათო. უფროსმა შემოგვხედა და გვაჩვენა სამი თითი. _ აი, თქვენ! მე გაჩვენებთ, როგორ უნდა სახელმწიფოს ხარჯზე მამაძაღლობაო. თან აწერს ხელს და ჩვენს საბუთსაც მოაწერა ხელი. იასონ იასონოვიჩი გვეუბნება, ხომ გითხარით, არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, საციხო საქმეაო. მე და ირაკლის ცივმა ოფლმა დაგვასხა, ვფიქრობთ, ხომ არ ჩაგვიშვა და ხომ არ გვიჭერენ ახლა, ამ კაბინეტშივე? მაგრად იყო გათვლილი. ყურადღება ჩვენს გინებაზე გადაატანინა და ხელი მოაწერინა.


გაიხსნა თუ არა, მზიური გამოსაჩენი და ხელისუფლებისათვის თავმოსაწონებელი ობიექტი გახდა, ყველა სტუმარი იქ მოჰყავდათ და აჩვენებდნენ. ერთხელაც, გავიგეთ, რომ მოდის უმაღლესი რანგის სტუმარი მოსკოვიდან. მხოლოდ ის ვიცოდით, ვინც ახლა მოვა, მერე ის გახდება ცეკას პირველი მდივანიო. ჩერნენკო აღმოჩნდა. დახვდნენ ყელსახვევებითა და სიმღერებით. ჩერნენკომ ჩასვლით კი ჩაიარა კიბე, მაგრამ უკან ამოსვლა ძალიან გაუჭირდა. ამიტომ ყველა ღონისძიება გააუქმებინა, მეტი აღარაფერი უნახავს, მხოლოდ ფუნიკულიორზე ბანკეტს დაესწრო. მართლაც, მალევე გახდა ცეკას მდივანი და ერთ წელიწადში მიიცვალა კიდევაც. მოვიდა გორბაჩოვი და დაიწყო პერესტროიკა. მზიური, რა თქმა უნდა, გაიჭედა.


საბჭოთა კავშირში სამწუხარო პრაქტიკა იყო, ცეკას მდივანი თუ შეიცვლებოდა, ახალი წინა მთავრობის დროს დაწყებულ საქმეს აჩერებდა. ახლაც ასეა, ჩვენთან ხომ მემკვიდრეობითობა არ არსებობს, ახალი მოდის, ძველს ივიწყებს, ახლიდან იწყებს. არავითარ გენგეგმას პატივისცემა არა აქვს, არ მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ტერიტორიის კანონი და კონსტიტუცია. იმ ქაოსის მიზეზი, რაც ქალაქსა და ქვეყანაშია, ის არის, რომ შექმნილი გენგეგმა არასოდეს ბოლომდე არ მიდის და არ სრულდება. აღსრულების ქმედითი და ლეგიტიმური მექანიზმებიც არ არსებობს. ასეთი სურათია დღეს. ძალიან ვნანობ, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა მიაგდეს ეს თემა და საბჭოთა კავშირთან ერთად ვერეს ხეობის გამოყენების პერსპექტივა დაინგრა. ის იქნებოდა იშვიათი ურბანული რეკრეაციული ზონა.


(NS)




უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up