როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

access_time2020-01-19 13:00:51

"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც პლახოტნიუკს ქვეყანაში ეკავა, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი იყო, ის აკონტროლებდა ქვეყნის ყველა ოფიციალურ უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე მედიის უდიდეს ნაწილს. პლახოტნიუკი იყენებდა თავის გავლენას სასამართლო სისტემასა და ქვეყნის სხვა ინსტიტუტებზე, რათა დაელაგებინა თავისი კორუფციული სქემა და ფინანსური გარიგებები, რომელმაც მილიარდობით დოლარი აშოვნინა. ბოლო 3 წლის განმავლობაში მას არცერთი ფორმალური თანამდებობა არ ეკავა, ის მხოლოდ და მხოლოდ "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე იყო მანამ, სანამ მოულოდნელი კოალიციის შედეგად, იძულებული არ გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 

13 იანვარს აშშ-მ პლახოტნიუკს, რომლის მიმართ მოლდოვასა და რუსეთში საქმეებია აღძრული და ის მართლმსაჯულებას ემალება, სანქციები დაუწესა. 

"ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას", — წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 

აშშ-მოლდოვას ურთიერთობა

აშშ-მ მოლდოვის დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მალევე, 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა და ქვეყნის დედაქალაქში, კიშინიოვში 1992 წლის მარტში საელჩო გახსნა. მას შემდეგ აშშ ღიად უჭერს მხარს მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეხმარება მას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, დოვლათის გაზრდაში, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვასა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. 

1992 წელს მოლდოვასა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. მას შემდეგ აშშ-მ $1.5 მილიარდი ჩადო მოლდოვის განვითარებაში. 

მოლდოვა არის გაეროს, ეუთოს, ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, საერთაშორისო მონეტარული ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. 2004 წელს მოლდოვამ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას მოიცავს. 

გამომდინარე ზემოჩამოთვლილიდან, ვაშინგტონს აშფოთებდა მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწირე. განსაკუთრებულ პრობლემად ვაშინგტონისთვის კორუფცია და ტრეფიკინგის მაღალი მაჩვენებელი რჩებოდა. 

2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში მთავარი რეკომენდაციები იყო: დაუყონებლივ გამოეძიებინათ და გაესამართლებინათ ტრეფიკინგში მონაწილე პირები, მათ შორის მაღალჩინოსნები. ასევე შეემუშავებინათ ზომები, რათა სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავთა საზოგადოებაში კორუფციის პრევენცია მოეხდინათ, მათ შორის, გადაედგათ ნაბიჯები, რათა ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე გამომძიებლები და პროკურორები დაეცვათ საგარეო გავლენისა და შიდა კორუფციისგან. 

რას ყვებოდნენ პლახოტნიუკის შესახებ

პლახოტნიუკი მოლდოვაში ყველაზე ხელშეუხებელი პირი იყო. საერთაშორისო მედიასა და ორგანიზაციებს დიდი წვალება სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ. ვიკიპედიაში პლახოტნიუკის შესახებ წერია, რომ ის ფილანტროპი ბიზნესმენია. 

თავად ამბობდა, რომ პოლიტიკაში "პირადი სარგებლის გამო" არ წასულა და ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება სურდა. 

მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები პლახოტნიუკის შესახებ ყვებოდნენ, რომ ის ძალიან მშრომელი და წესრიგის მოყვარულია. ერთერთ ასეთ ბიზნესმენს Open Democracy ესაუბრა. 

"ის ძალიან შრომისმოყვარეა, მხოლოდ 4-5 საათის განმავლობაში ძინავს. ის ძალიან მომთხოვნი და პრაგმატულია. ის რამდენიმე პარალელური ცხოვრებით ცხოვრობს და ათობით შეხვედრა აქვს დღის განმავლობაში. ის ბევრს კითხულობს: მისი ოფისი სავსეა წიგნებით ფსიქოლოგიაზე, ისევე, როგორც დიდებული ადამიანების ბიოგრაფიებითა და მემუარებით. პლახოტნიუკმა თავის თავს წესი დაუდგინა, რომელსაც არასდროს არღვევს: ის პირველი არასდროს ურტყამს, თუმცა მისი შურისძიება საშინელია. ის მზადაა, დათმოს ბრძოლა ომის მოსაგებად. მოლდოვას რესპუბლიკაში მისი კალიბრის ძალიან ცოტა ადამიანია,"- ასე დაახასიათა ორაგნიზაციასთან ბიზნესმენმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. 

Open Democracy-ის მიხედვით, პლახოტნიუკი მუდმივად აგროვებდა თავისი ოპონენტების შესახებ პირად ინფორმაციებს, მათ შორის პირად, ინტიმურ ჩანაწერებს, რათა შემდგომში მათზე მუქარით ზეწოლა მოეხდინა. 


"მე ვფიქრობ, პლახოტნიუკი ცდილობს, გააკონტროლოს ყველაფერი იმიტომ, რომ სხვებს არ ენდობა. მისი გუნდი ძალიან პატარაა: 5-დან 7 ადამიანამდე, რომელიც მისი პირადი გარემოცვიდანაა შერჩეული. მისი უფრო დიდი, მეორე წრე ფართო სპექტრს მოიცავს - ფორმალურად ისინი მის გუნდში არიან, მაგრამ სინამდვილეში ყველა თავისი ინტერესის გამოა მასთან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც პლახოტნიუკი არ ენდობა,"- ყვება ბიზნესმენი. 

ორგანიზაცია ასევე პროგრესული საზოგადოების პარტიის ლიდერს, მარინ ლივარდარუსაც, ესაუბრა, რომელიც პლახოტნიუკს 2012 წელს პირველად და უკანასკნელად შეხვდა. ლივარდარუ ყვება, რომ მას უთხრეს, რომ ადრე თუ გვიან, პლახოტნიუკთან შეხვედრა მოუწევდა, ვინაიდან ქვეყანაში ყველაფერი მის მიერ კონტროლდებოდა. 

"მის შესახებ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია იყო. ბევრი ადამიანი, ვინც პლახოტნიუკთან მუშაობდა, მას მენეჯერული თვისებების გამო აქებდა: მას 6-დან 8 მობილურ ტელეფონამდე აქვს. ის დილიდან საღამომდე მუშაობს. ის თავისი სიტყვის კაცია. სხვები ყვებიან, რომ მან კარიერა "სუტინიორობით" დაიწყო. ბევრი ჭორია პლახოტნიუკის ირგვლივ,"- ყვება ლივარდარუ. 

თავის ერთერთ პირველ ინტერვიუში, როდესაც ჯერ კიდევ აქა-იქ ჩნდებოდა მედიასთან, პლახოტნიუკმა თქვა, რომ მან ფულის შოვნა "ყურძნის კრეფით, მისი ღვინოდ ქცევით და შემდგომში რუსეთში ექსპორტით" იშოვა. 

ჟურნალისთვის VIP მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა ჩრდილიდან გამოსვლა მაინცდამაინც მაშინ, ოლიგარქმა კი უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. 

"მე შემიძლია, ჩემი საქმეები და, ზოგადად, ჩემი ცხოვრების საფეხურები კარგად დავალაგო. რატომ მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ ბევრი ჭორი და ლეგენდა აიგო ჩემ ირგვლივ და ბევრმა თავისი ცხოვრებით გააგრძელა არსებობა. მე გადავწყვიტე, რომ ამ აბსურდისთვის წერტილი დამესვა,"- თქვა პლახოტნიუკმა. 

ამ ინტერვიუს შემდეგ წლები გავიდა, თუმცა პლახოტნიუკი ჩრდილიდან ბოლომდე არასდროს გამოსულა. ის არასდროს აძლევდა ინტერვიუებს ჟურნალისტებს და არ იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო დებატებში. 

პლახოტნიუკი ქვეყნის სათავეში

ვლადიმერ პლახოტნიუკმა გააანალიზა, რომ თუკი პრო-დასავლელ პოლიტიკოსად იპოზიციონირებდა, საერთაშორისო საზოგადოება მისდამი ლმობიერი იქნებოდა და სწორედ ამას აკეთებდა ის 2010 წლიდან, როდესაც მისმა პარტიამ ძალაუფლება მოიპოვა. პლახოტნიუკის მართვის სტილი შორს იყო პრო-დასავლელი ლიდერის მართვის სტილისგან. მის პრო-დასავლურობას ის ფაქტიც აყენებს ეჭვქვეშ, რომ 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ღიად პროპუტინურ კანდიდატს დაუჭირა მხარი. 

მოლდოველი ადვოკატი და აქტივისტი სტეფან გლიგორი Foreign Policy-ისთან საუბარში ამბობს, რომ 2010 წელს პრო-ევროპული პარტიების კოალიციის შეთანხმებას საიდუმლო დამატება დაურთეს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდნენ ქვეყნის მართვის სადავეების დანაწილებას. გლიგორის თქმით, გარდა იმისა, რომ მათ სამინისტროები და მნიშვნელოვანი თანამდებობები გაინაწილეს, ასევე შეარჩიეს, თუ ვინ დაიკავებდა საკვანძო თანამდებობებს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელ უწყებებში, როგორებიც იყო ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრი და უზენაესი სასამართლო. გლიგორის თქმით, მათ პრო-ევროპული რიტორიკით ჩახსნეს კორუფციის მაკონტროლებელი ყველა მექანიზმი. 

Foreign Policy-ის ცნობით, 2010-14 წლებში ე.წ რუსული სამრეცხაოს სქემით 20-დან 80 მილიარდამდე რუსული წარმოშობის უკანონო საქმიანობით მიღებული ფული "გაირეცხა" მოლდოვური ბანკების გავლით და მოლდოველი მოსამართლეების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც ამ შავ ფულს კანონიერად ცნობდნენ. ეს სქემა პლახოტნიუკის მიერ იყო შემუშავებული. 

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს თანხა საკმარისი იყოს ადამიანისთვის, რომ ის პოლიტიკას ჩამოშორდეს და მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეეცადოს, რომ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს, თუმცა პლახოტნიუკისთვის ეს ასე არ აღმოჩნდა.

პლახოტნიუკი მოლდოვაში შეიძულეს. 2015 წელს მას 97%-იანი უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა. პოლიტიკიდან წასვლის ნაცვლად, მან თავის პარტიაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი შეიმუშავა, რომელიც საჯარო კრიტიკის საგანი გახდა და ვენეციის კომისიის მხრიდან ორი უარყოფითი დასკვნა მიიღო. პლახოტნიუკმა თავისი გეგმები ამ მხრივ ნაწილობრივ განახორციელა, თუმცა მოახერხა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მიერ მხარდაჭერილი სოციალისტი კანდიდატს, იგორ დოდონს, გაემარჯვებინა. 

დოდონი ტექნიკურად პლახოტნიუკის მტერი უნდა ყოფილიყო, რადგან ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიმართ თავის კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას არ მალავდა. დოდონს ქვეყანაში "ცარის კარისკაცად" მოიხსენებდნენ. თუმცა, პლახოტნიუკს ის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატების გასაკონტროლებლად სჭირდებოდა. 

ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო 2019 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა მოულოდნელმა კოალიციამ ყველაფერი შეცვალა. პლახოტნიუკის დემოკრატებმა 101-ადგილიან პარლამენტში 30 ადგილის მოპოვება შეძლეს, სოციალისტებმა - 35-ის. ეს საკმარისი რაოდენობა იყო კოალიციის შესაქმნელად, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მაია სანდუს კოალიციამ ACUM 26 ადგილის მიღება შეძლო, რამაც 2010 წლის შემდეგ პირველად გახადა შესაძლებელი, რომ სამთავრობო კოალიცია პლახოტნიუკის დემოკრატების გარეშე შექმნილიყო. 

ეს, ერთი მხრივ, შეუძლებელ ამოცანად ჩანდა და როგორც გლიგორი ყვება, პლახოტნიუკს ამ იდეაზე ეცინებოდა კიდეც, რადგან სანდუს გაერთიანება მკაცრად პრო-დასავლურ ღირებულებებს ატარებდა, სოციალისტები კი პრორუსობასთან ერთად, ასევე იყვნენ ჩართულები კორუფციაში. 

სამოქალაქო საზოგადოების წნეხის შედეგად, სანდუ სოციალისტებთან კოალიციას დათანხმდა. კოალიციის შექმნის შემდეგ, საკონსტიტუციო კრიზისი დაიწყო. პლახოტნიუკი საკონსტიტუციო სასამართლოს აიძულებდა, ვეტო დაედო ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებისთვის, რომელსაც კოალიცია მიიღებდა, თუმცა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებს არავინ აღიარებდა. 

საერთაშორისო წნეხის ფონზე, პლახოტნიუკის დემოკრატები იძულებულები გახდნენ, ძალაუფლებაზე უარი ეთქვათ და პლახოტნიუკმა ქვეყანა დატოვა. 

რატომ არის პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი

მოლდოველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესება რამდენიმე მიზეზითაა მნიშვნელოვანი. 

ერთერთი მთავარი მიზეზი რეგიონის პოლიტიკას ეხება. ამ სანქციების ამოქმედება სხვა რეგიონალური ლიდერებისთვისაც, მათ შორის ასევე არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისთვისაცაა, გზავნილი. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლური მედია უკვე ღიად მიანიშნებს ივანიშვილის ქონებაზე, რომელიც დასავლეთშია დაბანდებული და აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, აამოქმედოს სანქციები მის წინააღმდეგ. 

ივანიშვილისა და პლახოტნიუკის მართვის სტილი ერთმანეთს ემთხვევა - ჩრდილოვანი, არაფორმალური მართვა და ჩაკეტილ კარს მიღმა სქემების დალაგება.

დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ წლების განმავლობაში მოუწოდებდა პლახოტნიუკს, დაეცვა დასავლური ღირებულებები. პლახოტნიუკმა ეს არ მოინდომა, შედეგად კი მან ქვეყნის დატოვება, მიმალვაში ყოფნა და ახლა უკვე სანქციები მიიღო. 

პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე საუბრობს გავლენიანი ამერიკული ინსტიტუტი, Kennan Intitute. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, აშშ ამ რეგიონში ლიდერად ჩანდეს. 

"საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, სხვა რეგიონალური, თუ უფრო შორეული ქვეყნების ლიდერებს ახსოვდეთ, რომ ვაშინგტონისგან სიტუაციური პარტნიორის როლში სიკეთეების მიღება მათ კარტ-ბლანშს არ აძლევს, რომ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიონ.

ობამას ადმინისტრაციიდან დაწყებული აშშ-მ მისცა თავს უფლება, პლახოტნიუკის რეჟიმთან ყოფილიყო ასოცირებული. ეს ასოცირება პლახოტნიუკისთვის დიდი ღირებულება იყო, რათა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია ჰქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან სრულად ვერ შეძლო ვაშინგტონის პოლიტიკური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ის რკინის ხელით შეძლებდა მოლდოვაში რუსულ გავლენასთან ბრძოლას,"- წერს ორგანიზაცია.

 

ტაბულა

თეგები:
მოლდოვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up