თურქეთში წლიურმა ინფლაციამ ივნისში 78,62%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1998 წლის შემდეგ. თავის მხრივ, დასავლური სანქციების ამოქმედების მომენტიდან აქტიური ვარდნის შემდეგ, რუსულმა რუბლმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. იანვრიდან მოყოლებული რუბლის კურსი 45%-ით არის გამყარებული დოლართან მიმართებით.
რა გავლენა აქვს მეზობელი ქვეყნების და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების ვალუტის მკვეთრ ცვლილებებს და ინფლაციას საქართველოზე, ამ თემაზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ ისაუბრა.
„მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება რა თქმა უნდა აისახება საქართველოში შემოტანილ პროდუქციაზე. თურქეთში არსებული მაღალი ინფლაცია და რუბლის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება დოლართან მიმართებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში ფასებზე, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტების კუთხით.
სასაქონლო სურსათზე ფასი საშუალოდ 23%-მდე არის გაზრდილი, მართალია ამ ორი ქვეყნიდან შემოტანილ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები განსხვავებულად გაიზარდა, თუმცა მატება შესამჩნევია. მეზობელ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული და გვიწევს ზეთის, წიწიბურას, პირველადი მოხმარების პროდუქტების შემოტანა. რუბლია გამყარებული და ეს ფასებზე ნეგატიურად აისახება, რადგან იმპორტიორებს ხშირად რუბლში ვაჭრობა უწევთ. თურქეთშიც ინფლაცია 80%-მდეა. ამ ორ ბაზარზე კი, აქტიურად ვართ დამოკიდებულები“, — ამბობს ივა ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზარდა და 830 025 300 აშშ დოლარი, ხოლო რუსეთთიდან იმპორტმა 553 931 800 აშშ დოლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი