როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, ამოქმედების ნებართვას დაუყოვნებლივ გავცემთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ ყველა მოქალაქე დაიცავს წესს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შემუშავდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ჩვენთან იმუშავა საზღვრის ჩაკეტვამ, ტრანსპორტის შეზღუდვამ და სასწავლო პროცესის ონლაინ-რეჟიმში გადატანამ. ამდენად, ჩვენ ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. გვესმის, რომ ეს სერიოზულ უხერხულობას უქმნის ყველა მოქალაქეს, ამიტომ, როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, ამოქმედების ნებართვას დაუყოვნებლივ გავცემთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ ყველა მოქალაქე დაიცავს წესს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შემუშავდება - ეს არის პირბადე, ფიზიკური დისტანცირება და დეზინფექცია, მძღოლისთვის იზოლირებული ბარიერის მოწყობა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ქვეყანაში კორონავირუსი 732 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 537 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
Imedinews.ge