ველური ხილის ჭაჭის მწარმოებელმა კომპანია „რირავომ“ ჭაჭის წარმოება დროებით შეაჩერა და ანტისეპტიკური ხსნარების დამზადება დაიწყო.
პროდუქციის გამოშვებამდე, კომპანიამ შესაბამისი ანალიზები აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარა. „რირავოს“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სადეზინფექციო ხსნარები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მზადდება. ანტისეპტიკური ხსნარში სპირტის შემცველობა კი 75%-მდეა.
გიორგი თევზაძის ინფორმაციით, ახალ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია. ორ კვირაში კომპანიამ ბაზარს რამდენიმე ასეული ანტისეპტიკური ხსნარი მიაწოდა.
„რირავოს“ სადეზინფექციო ხსნარი 200 მგ-იან ბოთლებშია ჩამოსხმული. „რირავოს“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კომპანია წარმოების ჩანაცვლება ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ მოუხდა.
„იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში დროებით აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა, კომპანიის გაყიდვები შეჩერდა. ჩვენ პრემიუმ კლასის პროდუქტს ვაწარმოებდით და მისი რეალიზაცია მხოლოდ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიათა ქსელში ხდებოდა. ახლა ეს მაღაზიები ასევე სხვა კვების ობიექტებიც დახურულია. კომპანიას უკრაინაშიც ჰქონდა ექსპორტი დაგეგმილი, თუმცა აქაც პრობლემები შეგვექმნა. შესაბამისად, დროებით სხვა მიმართულებაზე გადავედით. ამ ცვლილებით კი 8 თანამშრომლის შენარჩუნება შევძელით.“-განმარტა გიორგი თევზაძემ.
„ბიზნესპარტნიორი“