„რეზონანსი" - "ონლაინ სესხებზე კანონის მიღება კი არა, მისი აღსრულებაა მთავარი"

„რეზონანსი" - "ონლაინ სესხებზე კანონის მიღება კი არა, მისი აღსრულებაა მთავარი"

access_time2017-04-04 16:00:18

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ გამსესხებლების ფინანსურ მაქინაციებში მოსახლეობა ხშირად ებმება. დაუსაბუთებლად დიდია სასესხო ლიმიტები, რომელსაც კომპანიები მოქალაქეების შემოსავლების გაუთვალისწინებლად გასცემენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მართალია, ცოტა ხნის წინ მთავრობამ ონლაინ გამსესხებლებს შეუტია, მაგრამ საბოლოოდ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს.

 

მართალია, საპროცენტო განაკვეთების მოცულობა კომპანიებმა შეამცირეს, სამაგიეროდ, შიდა განაწესები თავიანთ სასარგებლოდ მოირგეს და შემცირებული განაკვეთების მიღმა ხალხს რეალურად საკმაოდ მაღალი გადასახადები დაუწესეს.

 

იმ მიზნით, რომ საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ, ონლაინ სესხების კომპანიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდნენ. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა განცხადება ინტერნეტ კრედიტების აკრძალვასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ასეთი სესხების გაცემა არ აიკრძალა, თუმცა გარკვეული რეგულაციები დაწესდა. კერძოდ, განისაზღვრა სესხის საპოცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი, რომელიც 100%-ს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი) არ უნდა აღემატებოდეს.

 

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებზე უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ამ სექტორის ზედამხედველობა მისი ფუნქციაა. ბევრი შემთხვევაა, როდესაც კლიენტები ამა თუ იმ გამსესხებლის ფინანსურ მაქინაციებში ეხვევიან და საკუთარ უფლებებზე ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვთ. ამიტომ ბევრი დარღვეული უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციებს ირჩევს და წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რომ არსებობს ეროვნული ბანკი, რომელმაც ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

 

42 წლის მარინამ "ნეტ კრედიტში" სესხი ორიოდე თვის წინ აიღო, თუმცა, დაგეგმილი მინიმალური თანხის ნაცვლად კომპანიამ კლიენტს ათჯერ მეტი მოცულობის თანხა დაუმტკიცა და ისიც ოთხმაგად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით.

 

"ნეტ კრედიტში" მინიმალური თანხის სესხებას ვაპირებდი, ამისთვის ინსტრუქციას მივყევი ჩვეულებრივ. როგორც წესი, ჯერ ვაჭერთ ღილაკს "სესხის აღება" და შემდეგ ვუთითებთ სასურველ თანხას. ასე ხდება ყველა ნორმალურ კომპანიაში. ისე დამიმტკიცდა სესხი, რომ მე არ მომეცა სასურველი თანხის მითითების შესაძლებლობა, რითაც ჩემი უფლება დაირღვა. 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარი დამიმტკიცდა, თანაც 5,5%-ის ნაცვლად, თითქმის 20%-ად. საბოლოოდ, 80 ლარით ზედმეტი გადავიხადე.

 

ვეცადე, რომ კომპანიის წარმომადგენელთათვის სიტუაცია ამეხსნა და თანხის უკან დაბრუნება მომეთხოვა, მაგრამ ამაოდ, ეს წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ასე გავები მახეში, რამაც ჩემს ფინანსურ მდგომარეობას ძალიან ავნო. თავსმოხვეული ვალდებულების გასასტუმრებლად სხვა კომპანიისგან დამჭირდა სესხის აღება, რომელსაც დღესაც ვიხდი. მინდა, ჩემი კონკრეტული შემთხვევა მაგალითი გახდეს სხვებისთვისაც, სიფრთხილით შეარჩიონ კომპანიები, თუკი სხვა გამოსავალი არ აქვთ", - ამბობს დაზარალებული.

 


"სვის კაპიტალის" აგრესიულ მარკეტინგზე ამჯერად ყურადღებას არ შევაჩერებთ. ამ საკითხზე ვრცლად "რეზონანსში" შარშან დაიწერა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა და მომხმარებელთა მისაზიდად მიმართულ ღონისძიებებში ადვილად ებმებიან, რისი მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ.

 

28 წლის ნათია შეყილაძე ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხშირი მომხმარებელია, თუმცა სესხს 50-100 ლარის ფარგლებში იღებს, ხოლო მისი შრომის ანაზღაურება 450 ლარია.

 

"სესხს სისტემატურად ერთ კომპანიაში ვიღებ. ახლახან შევამჩნიე, რომ ჩემი ლიმიტი 1500 ლარამდეა. ფიზიკურად ვერასდროს შევძლებ, რომ ავიღო ამხელა თანხა, რადგან ვერ გავისტუმრებ. ჩემ უკან ჩემი მცირეწლოვანი შვილები და ოჯახია. ასეთი ვალის წამოკიდება ნიშნავს, რომ მე ისინი მშიერი უნდა დავტოვო", - ამბობს მომხმარებელი.

 

ერთადერთი გამოსავალი მომხმარებელთა დასაცავად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეგულაციები და ბაზრის მკაცრი კონტროლია, რასაც მთავრობამ, განსაკუთრებით სებ-მა ყურადღება უნდა მიაქციოს. ასე ფიქრობს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის ინფორმაციითაც, ონლაინ სესხების კომპანიები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ კლიენტების მოტყუებას, რისთვისაც იყენებენ ათასგვარ გაუმართლებელ მეთოდს.

 

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვერ დავაბრალებთ, რომ იტყუებიან, მაგრამ მათი პოლიტიკა მომხმარებლის შეცდომაში შემყვანია. ამ ყველაფერზე უნდა იზრუნოს სებ-მა, სადაც უნდა შეიქმნას შესაბამისი დეპარტამენტი. როგორც ვიცი, არის კიდეც, მაგრამ რესურსი აქვთ მწირი, რეალურად არ იგრძნობა, რომ ამ კუთხით რამე კეთდება. მოხმარებელთა უფლებები აშკარად დაუცველია და ეს განპირობებულია იმითაც, რომ ფინანსურ ბაზარზე ბანკებს და მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს მონოპოლიური ნიშა უჭირავთ. ადამიანებს სხვა არჩევანი არ აქვთ. ხელშეკრულებები, რომელიც იდება მათთან, დაუბალანსებელია და გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ გამსესხებლებს. პრაქტიკულად, კლიენტს არანაირი უფლება არ აქვს. კომერციული საბანკო სისტემა მთლიანად ვერ ფარავს ყველა იმ მოთხოვნილებას, რაც არის ბაზარზე და ამიტომ გაჩნდნენ მიკროსაფინანსოები. თუ მათ ავკრძალავთ, სხები მოვლენ, ამიტომ ამ გზით ვერ ვივლით, უნდა იყოს რეგულაციები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა", - აცხადებს თუთბერიძე.

 

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძეც, რომლის შეფასებითაც, ონლაინ სესხების ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებით ცუდი შედეგი მივიღეთ, რაც მომხმარებლებს დააწვათ ტვირთად და საბოლოოდ ისინი დაზარალდნენ.

 

"მომხმარებელს სრულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, როცა ამა თუ იმ სესხის ასაღებად მიდის. პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა და არ უნდა იყოს რეგულაცია ისეთი, როგორიც არის დღეს. მართალია, დაუწესდათ ზღვარი, მაგრამ არც მათ დააყოვნეს და დაამატეს მომსახურების საკომისიო.

 

რეგულაციასთან ერთად კონტროლი უნდა გაძლიერდეს. აუცილებლად გადასახედია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შიდა განაწესები, რაც გამოკვეთილად მხოლოდ გამსესხებლების ინტერესზეა მორგებული. კანონის მიღება კი არა, აღსრულებაა მთავარი, რაც დარღვევით მიმდინარეობს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს", - აცხადებს ბერძენაძე.

 

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებობა იმ ფორმით, როგორიც არის დღეს, დაუშვებელია და მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი პრობლემის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

 

"ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილებით მივედით ისეთ შედეგამდე, როგორიცაა ადამიანის მოტყუება. ონლაინ ორგანიზაციები ადამიანების გაყვლეფას არხეინად აგრძელებენ. რა აზრი აქვს 100%-იანი ზღვრის დაწესებას, როცა მომხმარებელს რეალურად გადასახადი გამოსდის იმდენი, რამდენსაც მანამდე ახდევინებდნენ", - დასძენს ირაკლი ბერძენაძე.

 

შევეცადეთ, საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო ეროვნული ბანკის პოზიციაც, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

 

 

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up