2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 50 ათასი კაცით გაიზარდა. სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის იგივეა. ეკონომიკა კი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირის ყველაზე სუსტი ქვეყნის - ბულგარეთის - დონეს 2027 წელს მივაღწევთ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 3,5 წლის განმავლობაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. შეინიშნება უმნიშვნელო გაუმჯობესება, მაგრამ „საუკეთესო წლებამდე“ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.
დავიწყოთ დასაქმებიდან, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მხოლოდ 2014 წლის მონაცემები აქვს, რაც მოსახლეობის ახალი აღწერის შედეგებს საერთოდ აცდენილია.
ქვეყნის განვითარების დონეს კერძო სექტორში დასაქმებულთა დინამიკა უფრო კარგად აჩვენებს. 2015 წლის მონაცემებით კი, კერძო სექტორში 584,7 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2012 წლის სტატისტიკა 534,3 ათას ადამიანს ითვლიდა. სამი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ახალმა პროგრამამ მხოლოდ 50 ათასი ადამიანის დასაქმება შეძლო.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა როგორც ბიზნესსექტორში, ისე საჯარო უწყებებში. „ახალი ცოცხის“ პრინციპით, ხელისუფლების შეცვლის პირველ წლებში ეკონომიკის, დასაქმების და ხელფასების მაჩვენებლები იზრდება.
შედარებისთვის, 2013 წლის ბოლოს აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელახლა არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 220 ათასი ადამიანით გაიზარდა. მართალია აზერბაიჯანის ეკონომიკა განსხვავებული მასშტაბებისაა, მაგრამ თუკი ამ მონაცემებს მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე გადავითვლით, იგივე პროპორციის შემთხვევაში, ჩვენ წელიწადში 80 ათასით მეტი დასაქმებული უნდა გვყოლოდა.
„ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ 50-ათასიანი ზრდა სოლიდური მაჩვენებელია, რომლითაც შეგვიძლია ვიტრაბახოთ“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
ასევე, დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპიც, დაახლოებით,12-13% ჯამურად 4 წლის განმავლობაში. არჩვაძის გათვლით, თუკი ესტემპი გაგრძელდა, საქართველო მხოლოდ 2027 წლისთვის მიაღწევს ევროკავშირის ყველაზე სუსტი ქვეყნის - ბულგარეთის 2014 წლის დონეს.
„ამიტომ საჭიროა მეტი დინამიზმი და ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ წელს გვექნება უკმარისობის განცდა. გარდა ამისა, ნეგატიურ კონტექსტში იმ მიღწევების წარმოჩენა, რომელიც ნამდვილად არსებობს, რეალური წარმატების მაჩვენებელსაც აუფერულებს“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველო ევროპის განვითარების დონემდე მივა. იმისთვის, რომ პრემიერის დაპირება შესრულდეს, 2016 წლის ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ტაბლოზე მინიმუმ 8%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს და ასე გაგრძელდეს 2027 წლამდე. ჯერჯერობით კი მშპ-ს მატება 2,8%-ის დონეზეა.
„ბიზნესში რომ 50 ათასით მეტი ადამიანი დასაქმდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ 3 წლის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ არის. თუ გვინდა როდესმე დავეწიოთ მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, წელიწადში მშპ, საშუალოდ, 7-8%-ით უნდა გაიზარდოს. ამ ტემპით უფრო უკან წავალთ. ქვეყანა გაცილებით სწრაფად უნდა ვითარდებოდეს“, - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.
საინტერესოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი, რომლის გაუმჯობესების დაპირებაც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 2012 წელს უკიდურესი, რეგისტრირებული სიღარიბე 9,7% იყო, 2015 წელს - 11,6%. ამ მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კიდევ მეტი ადამიანი დაეშვა.
სოსო არჩვაძის აზრით, საქართველოში რეალური შემოსავალი გაიზარდა, ამასთანავე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა გარკვეული სახის შეღავათებს იღებს არა მარტო მონეტარული ფორმით, არამედ სხვადასხვა სოციალური დახმარებით - ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, უფასო სახელმძღვანელოები და ა.შ.
„ამიტომ ვთვლი, რომ სიღარიბის შემცირება უნდა დავთვალოთ არა მხოლოდ ფულადი შემოსავლების, არამედ სხვადასხვა სოციალური შეღავათებისა და დახმარებების გათვალისწინებითაც“, - მიიჩნევს სოსო არჩვაძე.
სამ წელიწადში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და ახლა 931 ლარია. ეს მაჩვენებელი ყველაზე დიდი გამოცანაა საქართველოს მოსახლეობისთვის. დღეს, 931 ლარი ბევრი ადამიანისთვის საოცნებო ანაზღაურებაა. მაგალითად, აპრილიდან პედაგოგების საბაზისო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა. ისევ აზერბაიჯანის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მანათის დევალვაციამდე აზერბაიჯანელი პედაგოგის ანაზღაურება ქართველი პედაგოგისას 2-ჯერ აღემატებოდა. ამჯერად ვითარება შეცვლილი იქნება, მაგრამ ახალი მონაცემები ჯერ არც აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურს გამოუქვეყნებია.
საქართველოში დაბალშემოსავლიანი ადამიანების რამდენად დიდი არმიაა, დაუბეგრავი მინიმუმის სტატისტიკამაც აჩვენა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესსექტორს (საჯარო სექტორში გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ) 584 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, დაუბეგრავი მინიმუმი კი 470 ათას ადამიანს დაუბრუნდა. ამ რაოდენობის დასაქმებული თვეში 500 ლარს (საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ) ან უფრო ნაკლებს იღებს.
სოსო არჩვაძის აზრით, საშუალო ხელფასის დაანგარიშებისას მეთოდიკის პრობლემაა ან ხელფასის დარიცხვისა და დაანგარიშების წესი გარკვეულ კონტროლსა და შესწორებას საჭიროებს.
შეიძლება ითქვას წინ მივიწევთ, მაგრამ კუს ნაბიჯებით. ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ არსებობს, ჯერ ცხოვრებას ვერ ახერხებს.
გაზეთი "რეზონანსი"